#მოგზაურობა

ზამთრის არდადეგების ჯადოსნური მიმართულებები

გაზიარება:

ახალ წლამდე სულ რაღაც 2 კვირაა დარჩენილი. TheDiary-ის რედაქციაში ერთხმად შევთანმხდით, რომ ახალი წელი მართლაც რომ ჯადოსნურია ვენაში, პარიზში, ბრიუსელში და სხვა ევროპულ ქალაქებში. ამ სტატიაში ჩვენს რჩეულ ადგილებს წარმოგიდგენთ, სადაც პირდაპირი რეისით ქუთაისიდან, Wizzair-ის მეშვეობით რამდენიმე საათში აღმოჩნდებით.

ვენა, ავსტრია

ვენა, ავსტრია

რატომ ვენა? ის საშობაოდ ისე ბზინვარებს, თითქოს ზეციდან მთელი თანავარსკვლავედი ზედ დააბერტყეს. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ვენას წინასაშობაო პერიოდში საკუთარი მელოდია და ხმა აქვს. ეს ხომ კლასიკური მუსიკის დედაქალაქია. თუკი დღესასწაულის აღსანიშნად ვენას ეწვევით, არ დაგავიწყდეთ ვენის საშობაო მუსიკალური საღამოს წინასწარ დაჯავშნა. შეიგრძენით შუბერტის, მოცარტის, შტრაუსის და ლისტის მაგიურობა კლასიკური მუსიკის დედაქალაქში.

ვარშავა, პოლონეთი

ვარშავა, პოლონეთი

საახალწლოდ ძველი ქალაქის ისტორიული მოედანი ზამთრის საოცრებათა ქვეყნად გარდაიქმნება, სადაც გიგანტური ნაძვის ხე იდგმება და იშლება საშობაო ბაზრობა. აქ ადგილობრივებითან ერთად ქალაქის სტუმრები იყრიან თავს და ტრადიციულ პოლონურ დელიკატესებს მიირთმევენ. ქალაქის ეკლესიებში ულამაზესი საშობაო მსახურება იმართება. მომღერლები კი სუსხიან ჰაერს მხიარული მელოდიებით ავსებენ. ქუჩებში გლინტვაინის სურნელი ტრიალებს. ვარშავაში შობის პერიოდში, მიუხედავად ცივი ამინდისა, სითბო და ერთიანობის სული ტრიალებს.

ბრიუსელი, ბელგია

ბრიუსელი, ბელგია

ბრიუსელის ცენტრალური, ისტორიული მოედანი - გრან-პლასი წელიწადის ნებისმიერ დროს თვალისმომჭრელია, თუმცა ახალი წლის პერიოდში ის განსაკუთრებულ მაგიურობას იძენს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, შობის პერიოდში ყოველ საღამოს, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე, ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს გასაოცარ საშობაო შოუს სთავაზობს.

ევროპის ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის ისეთი საშობაო ბაზრობებით, როგორიც ბრიუსელს აქვს. Winter Wonders კი მათ შორის ყველაზე დიდია და აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საშობაო ბაზრობა. ასე, რომ გაითვალისწინეთ რჩევა - მოიმარაგეთ ცხელი შოკოლადი და ერთი სრული დღე Winter Wonders-ში ხეტიალს დაუთმეთ.

მადრიდი, ესპანეთი

მადრიდი, ესპანეთი

მადრიდი ახალი წლის პერიოდში ბზინვარებით იმოსება და განსაკუთრებული მაგიით ივსება, რაც ცოტა უჩვეულოა ესპანეთის დახვეწილი დედაქალაქისთვის. შობას აქ ძალიან ესპანური ელფერი აქვს, რაც დღესასწაულის მადრიდში აღნიშვნას გამორჩეულ პეწს სძენს. ამინდი კი თოვლიანი ნამდვილად არ არის და ეს ერთგვარი ბენეფიტიცაა მათთვის, ვისაც სიცივე სულაც არ უყვარს.

Madrid

ახალ წლებზე მადრიდში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ სამეფო ბოტანიკურ ბაღს. შობის მაგიას აქ ნამდვილად შეიგრძნობთ. საშობაოდ მორთული ბაღი 15 იანვრამდე დაგხვდებათ.

რიგა, ლატვია

რიგა, ლატვია

ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ევროპული ქალაქი რიგა გახლავთ. განსაკუთრებით მაგიური ის ახალი წლის პერიოდში ხდება - უამრავი საშობაო დღესასწაულებითა და დეკორაციებით მთელი ქალაქის მასშტაბით. ყველაზე დიდი საშობაო ბაზრობა ცენტრალურ მოედანზე იმართება, სადაც ლატვიელებსა და ქალაქის სტუმრებს უყვართ თავმოყრა.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი

თუ საშობაოდ ბუდაპეშტს ეწვევით, შეგიძლიათ უნგრული სტილის ტრადიციული საშობაო ბაზრებთან ერთად, მუსიკისა და ოპერის ფესტივალებით ისიამოვნოთ, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი შეიძლება თქვენთვის წმინდა სტეფანეს ბაზილიკაში ვიზიტი აღმოჩნდეს.

ბუდაპეშტი

ბაზილიკის ფასადზე საშობაო ანიმაციები და რელიგიური სცენები მუსიკის თანხლებით ცოცხლდება, რაც ჯადოსნურობის შეგრძნებას იწვევს.

მილანი, იტალია

მილანი

შობა და ახალი წელი საჩუქრებთან ასოცირდება, საჩუქრები კი სად უნდა შეიძინოთ, თუ არა შოპინგის დედაქალაქში. მილანში ამ დროს ფესტივალი - Oh Bej! Oh Bej ტარდება, რომელსაც საშობაო ბაზრობის უძველესი ისტორია აქვს. საუკეთესო ტკბილეული და საყვარელი ადამიანებისთვის სხვადასხვა საახალწლო საჩუქრები სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ.

ათენი, საბერძნეთი

ათენი

უძველესი, მაგრამ თან ძალიან თანამედროვე, კლასიკური, მაგრამ კრეატიული, ათენი ნამდვილად კონტრასტების ქალაქია. შობის პერიოდი ათენში ჯადოსნურია და ეს იდეალური დროა საბერძნეთის მოსანახულებლად.

ბერლინი, გერმანია

Berlin Christmas

მეამბოხე ბერლინიც კი „ტყდება“ საშობაოდ. არატრადიციული ქალაქი მღელვარე წარსულით საშობაოდ ბრჭყვიალებს და ვარსკვლავივით ანათებს. საშობაო ბაზრობები, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები და მოედნები, კლასიკური და სასულიერო მუსიკის კონცერტები ბერლინს ნამდვილ საშობაო ქალაქად აქცევს.

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი

პარიზი რომ თავად დღესასწაულია - ჰემინგუეიმ გასული საუკუნის დასაწყისში აღნიშნა. მაგრამ, განსაკუთრებულ მაგიურობას მოდისა და კულტურის მექა შობის პერიოდში იძენს. თუკი დაგვიჯერებთ, ახალი წლის ღამეს პარიზში ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ!

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

x

TheDiary

ზევით