#დეკორი

RON ARAD - დიზაინერი, რომლის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს

გაზიარება:

არტისტების უმრავლესობა ხატავს იმას, რაც რეალობაში უკვე არსებობს. მე მიყვარს ისეთი რაღაცების შექმნა, რაც ახლა არა, მაგრამ მომავალში იარსებებს.

ეს სიტყვები ებრაელ არქიტექტორსა და დიზაინერს, რონ არადს ეკუთვნის. მისი კარიერა 1981 წელს დაიწყო. ამ წელს მან Caroline Thorman-თან ერთად საკუთარი სტუდია დააარსა და შედევრი Rover Chair შექმნა, რომელიც მისთვის ავეჯის პირველი დიზაინი გახლდათ. გასაკვირი არ არის, რომ ძალიან საინტერესო ვიზუალის მქონე სკამმა, საზოგადოებისა და ხელოვანების დიდი ინტერესი გამოიწვია. არტისტმა სკამისთვის 60-იანი წლების მანქანის სავარძელი გამოიყენა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და დღემდე, რონ არადი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ავეჯის დიზაინერად ითვლება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ron Arad (@ronaradstudio)

 

გასული საუკუნის 70-იან წლებში, რონ არადმა ხელოვნების შესწავლა იერუსალიმის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში დაიწყო, შემდეგ ის ლონდონში, არქიტექტურის სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. დიზაინერის მიერ შექმნილ ავეჯს ძალიან საინტერესო სახელწოდებები აქვს, რაც მათ უნიკალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ასეთია "All Light Long", "Bad Tempered Chair", "Little Heavy" და ა.შ. პირველი სკამის დიზაინის წარმატების შემდეგ, 1985 წელს რონმა სკამების კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობით, Vitra Museum -ისთვის გამოუშვა. მას შემდეგ დიზაინერის გამოფენები მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მუზეუმებში იმართება. პირველი სოლო გამოფენა გერმანიაში ჰქონდა, პარალელურად კი ლონდონისა და იტალიის ქალაქ კომოს უნივერსიტეტის პროფესორიც იყო. 

2008 და 2009 წლებში Arad No Discipline პარიზის პომპიდუს ცენტრსა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა გაიმართა. ეს ორი მუზეუმი თამამად შეიძლება ითქვას, თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნამუშევრებს წარადგენს. 2011 წელს არადს London Design Medal მიენიჭა და მომდევნო წელს სამეფო ხელოვნების აკადემიის წევრიც გახდა. რონი ლონდონში არქიტექტურის შესასწავლად ჩავიდა, ცოტა ხანს არქიტექტორულ ფირმაშიც იმუშავა, თუმცა თავად როგორც ჰყვება, ერთ დღესაც, შუადღის შესვენების შემდეგ სამსახურში აღარ მიბრუნებულა.

"უცებ გავიაზრე, რომ ჯართის ნაგავსაყრელზე ვიყავი. სწორედ მაშინ შევქმენი ჩემი პირველი დიზაინიც, Rover Chair".

ამ ამბის შემდეგ მან თავისი შემოქმედებითი ენერგიის დიდი ნაწილი დიზაინის სფეროსკენ მიმართა. მისი არქიტექტურაც არტისტისთვის დამახასიათებელ, არაპროგნოზირებად და უნიკალურ სტილში ჯდება. ასეთია თელ-ავივში ToHa Towers-იც.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ron Arad (@ronaradstudio)

რონ არადის სტუდია ხშირად საყოფაცხოვრებო ნივთებსაც გვთავაზობს და თქმა უნდა, გამორჩეული ვიზუალით. ასეთია, მაგალითად ღვინის ჭურჭლის ლიმიტირებული კოლექცია.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ron Arad (@ronaradstudio)

დიზაინერის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარია დაპრესილი Fiat 500. ამ ნამუშევარს საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც რონ არადის ბავშვობიდან იწყება. სამსახურში მიმავალი რონის მამა ავარიაში მოხვდა. რონი და თავისი ძმა ველოსიპედებით მივიდნენ უბედური შემთხვევის ადგილას და როდესაც მამის სრულიად განადგურებული მანქანა დაინახეს, მისი გადარჩენის იმედი გადაეწურათ. მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და მამა ოჯახს ჯანმრთელი დაუბრუნდა. ეს დღე არტისტის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. ერთ ზაფხულს, რომში მოგზაურობისას კი ის გაოცებული დარჩა Fiat 500-ის პოპულარობით, ყველა იტალიელი ამ პატარა მანქანით დადიოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ბავშვობის მოგონება და იტალიელების საყვარელი მანქანა ხელოვნების არაორდინალურ ნიმუშად ექცია. მან სამგანზომილებიანი, ფუნქციური ნივთი, უფუნქციოდ და ერთ განზომილებიანად აქცია. 

არტისტისა და Fiat 500-ის ისტორია ასე არ დასრულებულა. მან, თავისი სტუდიის არტისტებთან ერთად მანქანების სერიას ორი საოცარი ნამუშევარი მიუძღვნა და Fiat-თან თავისი მეგობრობის ისტორია იდეალურად დააგვირგვინა. ახლა მისი ნამუშევრები იმ ქარხანაშიც არის გამოფენილი, სადაც მანქანები დღემდე მზადდება.  

რონ არადი თავის ნამუშევართა Blame The Tools - Fiat

რონ არადის თითოეული ნამუშევარი რაღაც ამბავს ჰყვება, ყველა მათგანი უნიკალურია და თანაც წესრიგიდან ამოვარდნილი. ქაოსი, რომელსაც დიზაინერი ქმნის, იმდენად სასიამოვნოა, რომ მისი ნამუშევრები უამრავი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროც კი ხდება. რონ არადის ნამუშევრებს ხშირად შეხვდებით ცნობილი ადამიანების სახლებსა და სამუშაო სივრცეებში. დაათვალიერეთ დიზაინერის შედევრები და დარწმუნებული ვარ, თავადაც მოგინდებათ, რომელი მათგანი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ron Arad (@ronaradstudio)

ზევით