რომაული კერძის მარტივი რეცეპტი იტალიიდან

სუპლი ტრადიციული რომაული Street Food-ია და თუ კი ერთხელ გასინჯავთ, დაგვერწმუნეთ მასზე უარს ვეღარასდროს იტყვით!

ბრინჯის შემწვარი ბურთების შუაგულში მოცარელა იდება და შეწვის დროს წელვად ფორმას იღებს. ამ კერძის სახელი ერთგვარ ლეგენდასაც უკავშირდება, თითქოს ფრანგმა ტურისტმა რომის ქუჩებში სეირნობისას ბრინჯის ეს ბურთები დააგემოვნა და გაკვირვებისგან წამოიძახა Suprise! დანამდვილებით ვერ გეტყვით, თუ როგორ იქცა Suprise-ი Suppli-დ მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ეს კერძი გემრიელი სიურპრიზებით სავსე ნამდვილად არის!

სუპლის ბევრი სახეობა არსებობს, ჩვენ კი, დღეს ყველაზე ცნობილსა და ტრადიციულს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები (6 საშუალო სუპლი)

• 200 გრამი ბრინჯი

• 150 გრამი პომიდორი

• 80 გრამი გატარებული ხორცი

• 1/2 ჭიქა ღვინო

• 1 ცალი ხახვი

• 1 მოცარელა

• 2 ცალი კვერცხი

• გახუხული პური

• ზეთი

• მარილი

• შავი პილპილი

მომზადების წესი

გახურებულ ტაფაზე ზეითუნის ზეთი დავასხათ და მოვშუშოთ ხახვი, შემდგომ კი გატარებული ხორცი დავამატოთ. დავასხათ ღვინო და დაველოდოთ რომ ალკოჰოლი ბოლომდე აორთქლდეს. ამის შემდეგ დავამატოთ პომიდორის სოუსი, მარილი, პილპილი და ბრინჯი. თუ კი მასა ძალიან სქელი გამოგივიდათ, დაამატეთ წყალი, რათა ბრინჯი კარგად მოიხარშოს. გაითვალისწინეთ, საბოლოოდ ფლავის მასა უნდა გამოგვივიდეს. ამასობაში შეგვიძლია მოცარელა დავჭრათ კუბიკებად, ცალკე ჯამში კვერცხი ავთქვიფოთ და გახუხული პურის ფქვილიც მოვამზადოთ, ამისთვის კი წვრილად უნდა დავფშხვნათ გახუხული პური.

• მუჭაში მოიქციეთ ცოტაოდენი ბრინჯის ფლავი,

• შუაგულში მოათავსეთ მოცარელა და მრგვალი ფორმა მიეცით,

• ბრინჯის ბურთები ჯერ კვერცხში ამოავლეთ,

• ახლა ამოავლეთ პურის ფქვილში,

• გამზადებული ბრინჯის ბურთები წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე შეწვით,

• კარგად შებრაწეთ ყველა მხრიდან.

აი ახლა კი სუპლი მზადა და გირჩევთ ცხელ-ცხელი მიირთვათ, რომ წელვადი მოცარელა დააგემოვნოთ!

ზევით