#დეკორი

მილანში ავეჯის გამოფენა SALONE DEL MOBILE ტარდება

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

Salone Del Mobile - მილანის დიზაინის კვირეულის მთავარი ღონისძიება და ყველაზე პრესტიჟული ავეჯის შოუ წელს უკვე 62-ედ იმართება. გამოფენის პრეზიდენტი მარია პორო შოუზე დაახლოებით 2000 მონაწილესა და 300 ვიზიტორს ელოდება მთელი მსოფლიოდან. დეკორით, ავეჯითა და ინსტალაციებით სავსე Fiera Milano-ს დარბაზების დათვალიერება ნამდვილად გასაოცარი გამოცდილება იქნება.

salone del mobilo,milan design week,decor,exhibition,

წლევანდელ გამოფენაზე აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორები არქიტექტორებისა და ნეირომეცნიერების თანამშრომლობით ადამიანზე ორიენტირებულ მარშრუტებს წარმოადგენენ. Salone del Mobile პირველი სავაჭრო გამოფენა გახდება, რომელიც ნეირომეცნიერებას ვიზიტორთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად და დათვალიერების პროცესის გასამარტივებლად გამოიყენებს, ამისთვის კი ოპტიმიზებულ ბილიკებს შექმნის.

გამოფენაზე სტუმრებს ამერიკელი კინორეჟისორის დევიდ ლინჩის ინსტალაცია “A Thinking Room” დახვდებათ.

salone del mobile,milan design week, interior design, exhibition,furniture,decor

მათთვის, ვისაც სურს, რაც შეიძლება მეტი ახალი მწარმოებლისა და პროდუქტის, ინტერიერის დიზაინის ტენდენციების გაცნობა, ავეჯის გამოფენა შესანიშნავი ადგილია. 16 დარბაზში სახლის ყველა ოთახის შესაბამისი სექცია დაგხვდებათ, მათ შორის სამზარეულოს კუთხე, რომელსაც წელს EuroCucina უმასპინძლებს. ბრენდი Lombardini22-თან თანამშრომლობით კეთილდღეობასა და მდგრადობაზე ორიენტირებულ სამზარეულოსა და აბაზანის დიზაინებს წარადგენს. EuroCucina სამზარეულოს ინტერიერის მიმდინარე ტენდენციებზე მოუყვება ვიზიტორებს და ამასთან ერთად ღონისძიებას გამართავს, რომელიც სამზარეულოს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს გააცნობს სტუმრებს.

Salone del Mobile-ზე არაერთ ახალგაზრდა დიზაინერს ექნება საკუთარი პროდუქციის წარდგენის შესაძლებლობა, ამ ყველაფერს კი SaloneSatellite-ს სექცია უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ SaloneSatellite-ის პლატფორმა უკვე 25 წელია ერთგულად ასრულებს მთავარ მიზანს, რაც დამწყები დიზაინერების მხარდაჭერაა.

david lynch,salone del mobile,interior design,milan design week

გამოფენა კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. სწორედ ამ პროგრამის ნაწილია დევიდ ლინჩის ინსტალაცია “სააზროვნო ოთახი”. როგორც რეჟისორი ამბობს, მისი მიზანი ვიზიტორებში ინტერიერის წარმოებასა და მის კონცეფციებზე ფიქრის პროვოცირებაა. როგორც დევიდ ლინჩის მეგობარი და პროექტის კურატორი, ანტონია მონდა, ამბობს, რეჟისორს ავეჯის შექმნა უყვარს და ინსტალაციაც მისივე ხელებითაა დამზადებული.

global warming,interior design,installation,salone del mobile

გარდა ამისა, ემილიანო პონცი, Acurat და Design group Italia გვთავაზობს ინსტალაციას სახელწოდებით “Under the Surface”, რომელიც აბაზანის სივრცის ცენტრალური ნამუშევარია. ინსტალაცია ჩაძირულ კუნძულს ასახავს, რომელიც ვიზიტორებს თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - გლობალურ დათბობაზე დააფიქრებას აიძულებს. ინტერაქციული ნამუშევარი ადამიანსა და დედამიწის ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს შორის არსებულ ურთიერთობას წარმოაჩენს.

ავეჯის გამოფენაზე არაერთი წარმატებული დიზაინერი გამოვა სიტყვით, მათ შორის იქნებიან პრიცკერის პრემიის მფლობელი ფრენსის კერე, ჯინ განგი და ჯონ პოსონი. დისკუსიებში ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინტერიერის დიზაინში.

design week,salone del mobile,interior design,

16-დან 21 აპრილამდე Salone del Mobile Rho Fiera Milano-ს სივრცეს დაიკავებს და ინტერიერის დიზაინის ინოვაციებს, სიახლეებსა და ტენდენციებს ყველა დაინტერესებულ პირს გააცნობს. გამოფენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის ენთუზიასტებისთვის, არამედ დიდ როლს თამაშობს ნაკლებად ცნობილი დამწყები დიზაინერების მხარდაჭერაში.

ზევით