#მოდა

DATE WITH VERSACE - ქართველი ბლოგერი Versace-ს ჩვენებებზე

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

დღევანდელ სტატიაში მინდა ქართველი ბლოგერი, ქეთი გაგოშიძე გაგაცნოთ, რომელმაც თავისი გვერდით - Date with Versace მოდის მოყვარულთა საოცნებო ცხოვრება შეიქმნა. დღესდღეობით ქართულ გვერდს თავად დონატელა ვერსაჩე ადევნებს თვალს. ბლოგერის მოდის მიმართ სიყვარულმა კი იგი ვერსაჩესა და სხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებებამდე მიიყვანა. 

როდის და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მოდასთან?

დაახლოებით 11-12 წლის ასაკში დაიწყო ჩემი სიყვარული მოდის სფეროსადმი, ყოველთვის, ცხოვრების ყველა ეტაპზე დაინტერესებული ვიყავი ამ ინდუსტრიით და არასოდეს არ შენელებულა ეს ინტერესი.

 

თავდაპირველად როგორ გაჩნდა ბლოგის შექმნის იდეა და რატომ მაინცდამაინც ვერსაჩე?

ბლოგის შექმნის იდეა გამიჩნდა 2018 წელს, მაშინ უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავი. მოდის ბიზნესის განხრით არ ვსწავლობდი, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ რაღაც კავშირი მქონოდა ამ ინდუსტრიასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მოდა, სულ ვაგროვებდი ფოტოებს და უდიდესი ფოტოარქივი მქონდა, მართლა ისტორიული ფოტოების. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის გამეზიარებინა, ზოგი ისეთი მასალაც იყო, რომელიც ძნელი მოსაძებნია და მარტივად ვერ ნახავ, ვერც სოციალურ ქსელებში და ვერც ზოგადად ინტერნეტსივრცეში. სწორედ ეს იყო მიზეზი. ამას ისიც ემატება, რომ ვერსაჩე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია, განსაკუთრებით 90-იანების ვერსაჩე მიყვარს. ეს ნოსტალგია, რომელიც 90-იანების მოდისა და ვერსაჩეს სუპერმოდელების მიმართ არსებობს ხალხში, მგონია, რომ ყოველთვის აქტუალური იქნება. თან სწორედ ჯანი ვერსაჩემ დაიწყო სუპერმოდელების ერა და მან შექმნა პირველი სუპერმოდელები. სწორედ ეს იყო მთავარი ინსპირაცია, რომ ვერსაჩეზე გამეკეთებინა გვერდი.

 

Date With Versace-ს უკვე საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავს, მათ შორის დონატელა ვერსაჩე და ბრენდის ოფიციალური გვერდიც. თქვენი აზრით, რამ განაპირობა გვერდის ამხელა წარმატება?

ჩემი აზრით, ჩემი ბლოგის მთავარი წარმატება იმაშია, რომ ყოველთვის რაღაც ისეთს ვაქვეყნებ, რაც მე თვითონ მომეწონებოდა. ყოველთვის ვამბობ ამას, რომ მთავარია მართლა ის აკეთო, რაც შენ მოგწონს და ეს არ გააკეთო მხოლოდ ციფრებისთვის.როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, მერე ციფრებიც, გამომწერების რაოდენობაც ორგანულად მოდის, შესაბამისად წარმატების ფორმულაც სწორედ ეს არის - უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს.

ბლოგს საკმაოდ დასამახსოვრებელი და ამავდროულად ორიგინალური სახელი აქვს, როგორ დაიბადა Date with Versace-ს იდეა?

პირველ რიგში, ჩემს ბლოგში ყველაზე მეტად სწორედ სახელი მომწონს, მგონია, რომ ძალიან Catchy და დასამახსოვრებელია.

არ ვიცი, უბრალოდ ესე მომივიდა თავში, ბლოგის გაკეთება, რომ დავაპირე, ვიფიქრე, მინდოდა, რომ რაც შეიძლება მარტივად „დასასერჩი“ და მოსაძებნი სახელი ყოფილიყო. უცებ დამარტყა თავში და მაშინვე გადავწყვიტე, სიტყვების კომბინაციაც ისეთია, რომ პირდაპირ ასოცირდება ვერსაჩესთან. 

 

როდის მიიღეთ პირველად ბრენდის ჩვენებაზე დასწრების შემოთავაზება?

 პირველად 2020 წელს, პანდემიამდე, მივიღე ვერსაჩეს ჩვენებაზე დასწრების შეთავაზება. დაახლოებით ერთი წელი იყო გასული, რაც ბლოგი მქონდა შექმნილი, უკვე კონტაქტი მქონდა ვერსაჩეში დასაქმებულ პირებთან, თუმცა მართლა არ ველოდი, რომ შოუზე დამპატიჟებდნენ. ეგ მოსაწვევი რომ მივიღე, თავიდან ვერც ვამბობდი ჩემს მეგობრებთან, იმდენად დაუჯერებლად მიმაჩნდა იმ მომენტში. ყველა სიტუაცია მქონდა წარმოდგენილი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ვერ ჩავსულიყავი, უამრავ სისულელეზე ვფიქრობდი, იმდენად დაუჯერებელი იყო. მაშინ პირველად დავესწარი ვერსაჩეს ჩვენებას, ზუსტად ჩემი იქ ყოფნის პერიოდში დაიწყო პანდემიაც. დავბრუნდი საქართველოში და რაღაც პერიოდი საერთოდ ვერ ვახერხებდი მოგზაურობას. მას შემდეგ, რაც გაიხსნა იტალიის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვცდილობ, რომ ჩვენება არ გამოვტოვო და მუდმივად ვიარო.

 

გამოდის, რომ ოთხი წელია ვერსაჩეს ჩვენებებზე დადიხართ, რომელ მომენტს გამოყოფდით ყველაზე დასამახსოვრებლად? 

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ალბათ თვითონ დონატელა ვერსაჩეს გაცნობა იყო, 2022 წელს მამაკაცების შოუს შემდეგ გავიცანი, afterparty-ზე. საოცარი დღე იყო იმიტომ, რომ მართლა ერთ დღეში მივხვდი, რომ ის რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი ძალიან რეალური იყო, უკვე ჩემს წინ იდგა ადამიანი, რომლის კარიერასაც ამდენი ხანი ვუყურებდი და თვალს ვადევნებდი. კონკრეტულად ჩვენებებს რაც შეეხება, ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში ვბრუნდები, ჩემი მეგობრები მეკითხებიან, როგორი იყო ჩვენება, მე სულ იმას ვპასუხობ, რომ წინაზე ბევრად უკეთესი. ამიტომ ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენება არ ვიცი. ბოლო Fashion week-იდან გამორჩეული მომენტი იყო, რომ გუჩის ჩვენებაზე დამპატიჟეს და გუჩის შოუს დავესწარი, ეს იყო მთავარი ჰაილაითი.

როგორც ახსენეთ, თქვენთვის ფავორიტი 90-იანების ვერსაჩეა. რომელია თქვენი საყვარელი ჩვენება ამ პერიოდიდან?

ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყოველთვის გავურბივარ იმიტომ, რომ ერთი ჩვენება, არ ვიცი როგორ გამოვარჩიო, თითოეული ჩვენების მიმართ გარკვეული სენტიმენტები მაქვს და ყველას თავისი ხიბლი აქვს. 90-იანებიდან ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაუვიწყარ მომენტად დიდი ოთხეულის გამოსვლა მახსენდება, როდესაც სინდიმ, ნაომიმ, ლინდამ და კრისტიმ დახურეს ვერსაჩეს ჩვენება ჯორჯ მაიკლის სიმღერაზე.ძალიან iconic მომენტი იყო და ალბათ, ამიტომ ამ ჩვენებას გამოვარჩევდი.

რომელია თქვენი საყვარელი ნივთი ვერსაჩეს კოლექციებიდან?

ბოლოს რაც მახსენდება, დუა ლიპას და ვერსაჩეს კოლაბორაციიდან გამომიგზავნეს ბეჭედი, რომელიც, როგორც კი გაყიდვაში ჩაეშვა, ძალიან მომწონდა. ეს არის ალბათ ჩემი საყვარელი ვერსაჩეს ნივთი, რადგან ვიცი, რომ მთელი ცხოვრება მექნება. თან ეს დაახლოებით ის პერიოდი იყო, როდესაც ჩემი ბლოგი კიდევ უფრო გაიზარდა და პოპულარული გახდა. იმ Fashion Week-ზე ვერსაჩეს საერთოდ არ ჰქონია ჩვენება, თუმცა სხვა ბრენდების გამოსვლებს დავესწარი დამოუკიდებლად, როგორც ქეთი, და განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირდება ჩემთვის ეს აქსესუარი.

მომავალში, როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება თქვენი გვერდი და როგორ მოიპოვებს მეტ ცნობადობას ხალხში?

სამომავლოდ, კონკრეტულს ვერაფერს ვერ ვიტყვი, თუნდაც ჩვენებაზე დასწრებაზე რომ ეკითხა ვინმეს ერთი კვირით ადრე საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მართლა გამოვიდოდა და ვერსაჩეს ჩვენებაზე დამპატიჟებდნენ. ამიტომ ესე წინასწარ მიჭირს რამის თქმა. ერთადერთი რაც მინდა, ის არის, რომ მოდის ინდუსტრიაში ვიყო სულ, ახლაც ამ სფეროში ვმუშაობ, შესაბამისად მინდა რომ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელო წინსვლა. მგონია, რომ მომავალი თვითონ გვანახებს, რა როგორ იქნება. არ გამოგაპარებთ არაფერს!

ზევით