#მოდა

კლოუნის თვალთახედვა: იდეა RECKLESS-ის უახლესი კოლექციის მიღმა

გაზიარება:

ცნობილი ქართული ბრენდის, Reckless-ის 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ბრენდის ინსტაგრამ გვერდზე. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც ნიკა ჯორჯაძის სამახსოვროდ შეიქმნა, მოზარდთა პრობლემებისა და დაბრკოლებების სააშკარაოზე გამოტანითაა ცნობილი. ანკა ქოიავას, მასუ მწარიაშვილისა და ლიზა ყაჯრიშვილის მიერ შექმნილი დიზაინების უკან არსებული კონცეფცია თინეიჯერების ქაოტურ, დაბნეულობებით სავსე და მოუსვენარ ბუნებაზე გვიყვება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by RECKLE$$ (@____reckless____)

Reckless მოზარდებს თვითგამოხატვის იმ საშუალებას აძლევს, რომელიც მათ საზოგადოებაში გაუცხოების დაძლევასა და მიკუთვნებულობის შეგრძნების გაძლიერებაში დაეხმარებათ. რექლესის რიგით მეშვიდე კოლექცია კიდევ უფრო ღრმად ჩადის მოზარდის გონებაში. კოლექციაში ცენტრალურ სცენას კლოუნი იკავებს, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო პერსონაჟი.

კლოუნი წარმოადგენს სიმბოლოს, რომელიც ადამიანის თვითდამკვიდრებისა და საკუთარი თავის პოვნის რთულ პროცესს ასახავს. ძირითადი ხაზია ჯოკერი, რომლის ხმაურიანი სიცილისა და ფერადი ფასადის მიღმა გაურკვეველი ემოციები, არასტაბილურობა და დაკარგულობის შეგრძნება იმალება. ბრენდი ამ კონცეფციით კვლავ თინეიჯერებს უკავშირდება და სწორედ იმ მენტალურად რთულ გზას ასახავს, რომელიც მოზარდობას ახლავს თან.

reckless, რექლესი, ახალი კოლექცია, ტანსაცმელი, დიზაინერი, ქართული ბრენდი

ტანსაცმელი ამ შემთხვევაში ერთგვარი “ნიღაბია”, რომელიც კლოუნის თვალთახედვიდან მას საზოგადოების წნეხისგან თუ რეალობისგან იცავს. როგორც TheDiary-სთან ინტერვიუში Reckless-ის დიზაინერმა, ანკა ქოიავამ განაცხადა, კლოუნი იდენტობის არმქონე არსებაა, რომელიც შენიღბულად ცხოვრობს.

“ემოციური დისბალანსი, რომელიც ამ პერსონაჟის გარშემო ტრიალებს, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა”.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიზაინერებმა “კლოუნის” კონცეფცია ტანსაცმლის ორნამენტებში, ფერებსა და პრინტებში გადმოიტანეს. “რომბები, საინტერესო პატერნები, მწვანე და წითელი ფერები ჩვენთვის ინსპირაციის მომცემი იყო”, - ამბობს ანკა. აგრეთვე ყურადღება უნდა მივაქციოთ სამოსსა და აქსესუარებზე გამოსახულ “ჯოკერს” და მის გარშემო არსებულ წარწერებს.

რექლსი, რექლესი, reckless, სალომე გველესიანის ბრენდი, ქართული ბრენდი, თინეიჯერების ბრენდი, ტანსაცმელი

ფრაზები, რომლებიც ხშირად მოზარდების შიგნითაა ჩამალული, ამჯერად ტანსაცმელზეა წარმოდგენილი - “Life isn’t a movie”, “Sadness Circle”, “Hidden Tears”.

წარწერები ერთგვარად იმ სევდისა და ბედნიერების ქაოსურ ნაზავს ასახავს, რომელიც მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებას სდევს თან. ერთი შეხედვით მხიარული ადამიანების უკან სევდა, ცრემლები, დაბნეულობა და ტკივილი იმალება, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ. Reckless-ის კოლექცია კი გვაჩვენებს, რომ ეს გამოწვევები რეალურია და მათ ყველა გარკვევით უნდა ვხედავდეთ.

ზევით