#მოგზაურობა

პარიზის საკულტო კაფეების გზამკვლევი - რა არ უნდა გამოგრჩეთ

გაზიარება:

წარსულში მოგზაურობის და საუკუნის წინანდელი პარიზის ხილვის შემდეგ, დროა აწმყოს დავუბრუნდეთ და ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქის საკულტო კაფეებს გადავავლოთ თვალი. კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ,  უთუოდ დაგჭირდებათ გზამკვლევი, რომელიც ყველაზე ცნობილი კაფეებისკენ მიგასწავლით გზას, მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ:

Café de Flore

თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე კულტურული თავშეყრის მთავარი სამიზნე, ხმაურიანი და სახელგანთქმული Café de Flore პოპულარობას არც 2023 წელს კარგავს და ჟან-პოლ სარტრისა და სიმონე დე ბოვუარის შემდეგ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც დიდი პატივით მასპინძლობს.

Les Deux Magots 

კიდევ ერთი საკულტო კაფე და შეუცვლელი ადგილი პარიზში Les Deux Magots-ია, რომელმაც ხმაურიანი Café de Flore-ის შემდეგ სიმშვიდის მოყვარული ცნობილი მწერლები მიიზიდა და ღირსეული ლიტერატურული რეპუტაციის მქონე კაფედ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით კი თავადაც ვერ აუარა გვერდი ხალხმრავლობას, სიურრეალისტების ხმამაღალ პროტესტსა და გარდაუვალ პოპულარობას, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს.

Le Procope 

ახლა კი არა მხოლოდ საუკუნოვან, არამედ ისტორიულ, ერთ-ერთ უძველეს კაფეზე გიამბობთ, რომელიც 1686 წლით თარიღდება. როდესაც მსგავს დაწესებულებებში ქალების შესვლა ჯერ კიდევ აკრძალული იყო, ეს კაფე ბენჟამინ ფრანკლინის, თომას ჯეფერსონისა და ნაპოლეონის თავშესაფრად ითვლებოდა. 1872 წელს Le Procope დაიხურა, თუმცა ფრანგებმა ისტორიული ადგილის აღდგენა გადაწყვიტეს და 1920-იან წლებში კაფეს ახალი სიცოცხლე მიანიჭეს. Le Procope-ში ფეხის შედგმაც კი საკმარისი იქნება იმის შესაგრძნობად, რომ რაღაც ძალიან დიად და მნიშვნელოვან ადგილზე ვიმყოფებით.

Le Nemours 

ნება გვიბოძეთ წარმოგიდგინოთ მისი უდიდებულესობა Le Nemours, უნივერსალური კაფე პირდაპირ ლუვრის გადასწვრივ. აქ უბრალოდ შეგიძლიათ ჩამოსხდეთ და პარიზის მზიანი ამინდით, თქვენ თვალწინ  გადაშლილი დაუვიწყარი კადრებითა და ბოკალი ღვინით დატკბეთ.

Café de La Rotonde 

როგორც ჩანს პიკასო, ჰემინგუეი და სხვა დიდი ადამიანები სახლში დიდ დროს სულაც არ ატარებდნენ. თუ ისინი Cafe de Flore-ში ან Deux Magots-ში არ იმყოფებოდნენ, მაშინ დროს უეჭველად Rotonde-ში კლავდნენ. კაფე, რომელიც თავდაპირველ ხიბლს დღემდე ინარჩუნებს, 1911 წელს გაიხსნა და მას შემდეგ წარმატებით ახერხებს პარიზელებისა თუ ტურისტების თავმოყრას ერთ სივრცეში.

ზევით