#მოგზაურობა

დროში მოგზაურობა: 1950/60-იანი წლების პარიზი

გაზიარება:

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საფრანგეთი და პარიზი, კულტურული აღორძინების ეპოქა, დასაბამი რაღაც ახლის და შესანიშნავის, რას იტყვით 1950/60-იანი წლების პარიზულ მოგზაურობაზე? გვერწმუნეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

Café de Flore

თუ გსურთ ერთი ბოკალი წითელი ღვინო მიირთვათ და თავი პარიზის კულტურული ცხოვრების ცენტრში იგრძნოთ, სადაც ცხოვრება ყოველთვის ჩქეფს, მაშინ უთუოდ Café de Flore-ს უნდა ესტუმროთ. შენობა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939 წელს პოლ ბუბალმა შეიძინა. 

ჟან-პოლ სარტრი და სიმონ დე ბოვუარი CAFE DE FLORE-ში

1942 წელს კაფეს პირველად ესტუმრა ჟან-პოლ სარტრი და მას შემდეგ ეს Café de Flore სარტრისა და სიმონე დე ბოვუარის საყვარელი ადგილი გახდა. ფრანგი ფილოსოფოსები დილიდან დაღამებამდე, ყოველდღე ისხდნენ კაფეში, ურთიერთობდნენ სტუდენტებთან, მწერლებთან, მსახიობებთან და პოლიტიკოსებთან. 1950-იანი წლების დასასრულს და 60-იანი წლების დასაწყისში, პატივსაცემი სტუმრების წყალობით Café de Flore-ი ქალაქის პეიზაჟის განუყოფელ ელემენტად იქცა.

ერნესტ ჰემინგუეი და მარტა გელჰორნი CAFE DE FLORE-ში

საბაბი, რის გამოც ჟან-პოლ სარტრი და სიმონე დე ბოვუარი Café de Flore-ს სტუმრობდნენ, მეტად პროზაულია - მეორე მსოფლიო ომის დროს კაფეში უფრო თბილოდა ვიდრე სახლში, ამიტომ მუშაობა მყუდრო გარემოში ბევრად სასიამოვნო იყო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სარტრს სახლში სტუმრების მიღება არასდროს უყვარდა, Café de Flore-ში მათთან შეხვედრით თავიდან ყველაზე უსიამოვნო პროცედურას იცილებდა. ეს ადგილი ფილოსოფოსისთვის და მწერლისთვის იყო ყველაფერი: სამუშაო სივრცე, ადგილი განტვირთვისთვის, იდეალური ლოკაცია პაემნისთვის თუ მეგობრებთან წვეულებისთვის.

Les Deux Magots

ნელ-ნელა Café de Flore-ში ხალხმრავლობამ, ხმამაღლა საუბარმა და მხიარულებამ იმატა და აუცილებელი გახდა უფრო მყუდრო ადგილის ძიება, რომელიც კაფე Les Deux Magots-ში აღმოჩნდა. აქ გაცილებით მშვიდი გარემო ხვდებოდათ სტუმრებს, სადაც შესაძლებელი იყო კითხვა და მუშაობა, თანაც Les Deux Magots-ის ლოკაცია იდეალური ადგილი იყო და დღემდე რჩება ფეხით სასეირნოდ და პარიზული სულისკვეთებით შთაგონებისთვის.

კაფე Les Deux Magots

Café de Flore-ის მსგავსად, Les Deux Magots ღირსეული ლიტერატურული რეპუტაციის მქონე კაფედ ითვლება პარიზში. სწორედ ამ კაფეს ირჩევდნენ 1930-იან წლებში სიურრეალისტები. 1933 წელს კაფეში მათვე დააწესეს Les Deux Magots-ის პრემია გონკურის პრემიის პროტესტის ნიშნად და დამოუკიდებლად აცხადებდნენ გამარჯვებულებს, ვინც მათი აზრით ლიტერატურულ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებდა.

Lipp

ზემოთ ხსენებული კაფეების ლოკაციაზე მდებარეობს პარიზის კიდევ ერთი კულტურული თავშეყრის ადგილი ბრასერი Lipp-ი. საკმარისია სენ-ჟერმენის ბულვარი გადაკვეთოთ და თქვენ უკვე ადგილზე ხართ. თუმცა ეს ადგილი უბრალო მოკვდავებისთვის არ იყო შექმნილი, ის წმინდა ბურჟუას ეკუთვნოდა და დემოკრატიისგან საკმაოდ შორს იყო.

ჰენრი კარტიერ ბრესონი Lipp-ში

Lipp-ი სამ ნაწილად იყოფა; პირველი ნაწილი სახელად "ჯოჯოხეთი" უცნობი სტუმრებისთვის ან შემთხვევითი ვიზიტორებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა შესაძლებელია თქვენი ადგილი აქაც კი არ მოიძებნოს, რა დროსაც აუცილებლად გეტყვიან, რომ თქვენს შეკვეთას მინიმუმ საათნახევარი შეაგვიანდება. პირველი სართული "განსაწმენდელს" ეკუთვნის, მეორე სართული კი რა თქმა უნდა "სამოთხეა". თუმცა კლასიფიკაცია "სამოთხეშიც" კი არსებობს: მარცხენა ნაწილი მეტად ხმაურიანია, მარჯვნივ ბარის მიდამო კი კინოვარსკვლავებს და პოლიტიკოსებს უფრო ეთმობა.

L’Ecume des Pages

კაფეების შემდეგ, დროა ლიტერატურულ სამოთხეს ვესტუმროთ და ის წიგნის მაღაზიები გაგაცნოთ, რომლებიც პარიზის ცენტრში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. წიგნებს პარიზის ყოველ კუთხეში უპრობლემოდ შეიძენთ; კლოდ საიმონის, მარგარიტ დიურასის ან ალენ რობ-გრილეტის ახალ რომანებს ყველგან შეხვდებით, თუმცა არსებობს ერთი ადგილი, რომელიც წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულად ხიბლავს. ეს L’Ecume des Pages გახლავთ, ისევ და ისევ სენ-ჟერმენის ბულვარზე, ყველაზე ცნობილი კაფეებისა და ადამიანების გვერდით.

Théâtre national populaire (TNP)

ჩვენს კულტურულ მოგზაურობას 1950-იანი წლების პარიზში თეატრისკენ მივყავართ. თუ ამ პერიოდში თეატრალური კლასიკის ნახვას გადაწყვეტდნენ საუკეთესო მსახიობების შესრულებით, მაშინ აუცილებლად პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედნის ტროკადეროსკენ მიაშურებდნენ Teatro Chaillot-კენ, სადაც TNP (სახალხო ეროვნული თეატრი) დგამდა წარმოდგენებს.

1951 წლიდან თეატრს ჟან ვილარი ხელმძღვანელობს, რომელმაც ფრანგული თეატრი ომის შემდეგ აღადგინა. ვილარი კლასიკად ქცეულ სპექტაკლებს დგამდა, თუმცა თეატრში მთავარი როლებისთვის ახალგაზრდა და გამოუცდელ მსახიობებსაც უღებდა კარს. ჟან ვილარის თეატრის ბილეთები საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, რის გამოც სპექტაკლებზე დასწრება როგორც ინტელექტუალებს, ასევე მუშათა უბნის მაცხოვრებლებს და სტუდენტებსაც შეეძლოთ.

Théâtre de l’Odéon

თუ 50-იან წლების პარიზში დიდ საზეიმო დარბაზში სპექტაკლის ნახვას მოისურვებდით, მაშინ აუცილებლად მიაშურებდით l’Odéon-ის თეატრს. 1959 წელს თეატრის მთავარი რეჟისორი ჟან-ლუი ბარო გახლდათ, რომელიც არ უშინდებოდა თანამედროვე სპექტაკლების დადგმას და მასთან შეგეძლოთ გეხილათ იონესკოს, ბეკეტისა და დიურასის ნაწარმოებებზე შექმნილი პიესებიც.

Le Tabou

ჯაზის მოსმენაზე რას იტყოდით? - პარიზში ნამდვილი ჯაზის მოსასმენად უკვე ცოტა გვიანია: მისი აყვავების პერიოდი ომისშემდგომი პირველი წლებია, ახლა ჯაზი ნაკლებად პოპულარული გახდა. თუმცა, ძველი, პოპულარული ჯაზ-კლუბები კვლავ შემორჩენილია და საღამოობით კონცერტებს მართავენ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ტაბუს სარდაფი. აქ მთავარი ადამიანი ბორის ვიანია - მწერალი, დრამატურგი, პოეტი, მომღერალი და მუსიკოსი. ვიანი აქ ცხოვრობს და ცნობილ ამერიკელ მუსიკოსებს ეპატიჟება, კვარტლის მეგზურს წერს და მისი ფიგურის ირგვლივ ღამის ცხოვრება ყალიბდება.

 Les Trois Baudets

ბარი სახელად Les Trois Baudets მონმარტზე მდებარეობს და მისი ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედი იშლება კლიშის ბულვარზე. ამ ბარში ერთმანეთისგან განსხვავებული პუბლიკა იყრის თავს; განსხვავებულობა კი დიდი ხმაურის და მხიარულების საბაბი ხდება. 1950-იან წლებში, ეს ადგილი ცნობილი იყო როგორც ამ ეპოქის ფრანგული სიმღერის აკვანი. ბარის მფლობელმა ჟაკ კანეტიმ საცეკვაო დარბაზი კაბარედ გადააკეთა და სულგრძელად იღებდა ყველას, ვინც მისი აზრით ნიჭიერი იყო. აქ მღერპდნენ გაი დარი, ჟაკ ბრელი, სერჟ გინსბურგი, ბობი ლაპუანტე და მრავალი სხვა.

Art et Essai

ბოლოს კი 50-იანი წლების კინოშიც შევიაროთ და ვნახოთ რისი ნახვა შეიძლებოდა კინემატოგრაფიის აღორძინების ხანაში პარიზში. 1959 წელს კულტურის მინისტრმა ანდრე მალრომ მთავრობის მხარდაჭერა მოიპოვა დამოუკიდებელი კინოთეატრებისთვის. თავიდან სულ ხუთი დარბაზი იყო, სადაც მხოლოდ საავტორო ფილმები იყო ნაჩვენები, თუმცა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა. Art et Essai-ს კინოთეატრი პატარაა, მაგრამ აქ ყოველთვის ბევრი სეანსია, ამიტომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებლობა გაქვთ ესტუმროთ კინოთეატრს და ყველაზე მიუღებელი, ტაბუდადებული ფილმებითაც კი დატკბეთ.

ზევით