#სპორტი #TOKYO 2020 OLYMPIC GAMES

ლაშა ტალახაძე: „ყოველდღიურად უნდა აჯობო საკუთარ თავს“

გაზიარება:

რა ჰქვია ადამიანს, რომელიც გამუდმებით საკუთარ თავს ეჯიბრება? - ჩემპიონი სახელად ლაშა ტალახაძე! უკვე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი: საკუთარი, მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა და ტოკიოში ქართული ჰიმნი დიდი სიამაყით გააჟღერა.

ლაშა ტალახაძემ დღეს პირადი წარმატების ისტორიას სამი უმნიშვნელოვანესი რეკორდი შემატა და უდავოა, რომ საჩხერელი გოლიათი ისევ რჩება ქართველ სპორტსმენად, რომელიც საუკეთესო ძალოსნის ტიტულს ყოველ ახალ შეჯიბრზე ამართლებს.

თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვართ, რომ როგორც კი ჩემპიონობით გამოწვეული ეიფორია გადაივლის, ლაშა უმალვე დაიწყებს ფიქრს იმ მწვერვალის დაპყრობაზე, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობს და ნელი, თუმცა დამაჯერებელი ნაბიჯებით მიემართება.

ქართველ გოლიათს არ უყვარს, როდესაც საქართველოში ყველაზე ძლიერი ადამიანის სტატუსით მოიხსენიებენ, მიაჩნია, რომ მასზე ბევრად ძლიერ ადამიანებს შორის ცხოვრობს, ქართული დროშის სხვა ემბლემისა და ფერის ჩანაცვლება არაერთხელ შესთავაზეს, თუმცა საკუთარ სამშობლოზე უარი არასდროს უთქვამს, მარცხენა ხელზე გაერთიანებული საქართველოს კონტურული რუკა აქვს ამოტვიფრული და ყოველ გამარჯვებას, ყოველ მედალსა და რეკორდს სწორედ საკუთარ ქვეყანას უძღვნის. 

გილოცავთ ლაშა!

ზევით