გიორგი ქებურიას პოლიტიკური გზავნილი ლონდონის მოდის კვირეულზე

ჩვენი ქვეყნისთვის დღეს ნომერ პირველი პრობლემა ოკუპაციაა. ოკუპანტი რუსეთია და თითოეული ქართველის ვალია, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმასა თუ სივრცეში, როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ პუტინი და რუსეთი მტერია. გიორგი ქებურია ყოველთვის სწორ მხარეს დგას და საკუთარ პოზიციას ღიად გამოხატავს. არც ლონდონის მოდის კვირეული იქცა გამონაკლისად. 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება მან გზავნილით დაიწყო: „იმედია, დაიწვები, პუტინო“. 

keburia ss 2027 Keburia

ჩვენება 17 სექტემბერს, ლონდონის მოდის კვირეულის პირველ დღეს, ტრუმენ ბრიუერის საწყობში გაიმართა. მოდელები პოდიუმზე ტექნომუსიკის თანხლებით მოძრაობდნენ.

გიორგი ქებურია თავისი ჩვენებების მუსიკალური გაფორმებისთვის თანამედროვე ქართველ არტისტებს იწვევს. 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენება SKAZZ-მა გააფორმა, მომდევნო სეზონებზე კი დიზაინერმა Mamaflex-სა და Quemmekh-თან ითანამშრომლა. 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ლონდონში ქებურიამ სალომე გვეტაძის მუსიკით წარადგინა. ამგვარად, ქებურია საერთაშორისო აუდიტორიას არა მხოლოდ საკუთარ კოლექციებს, არამედ ქართულ თანამედროვე კულტურასაც აცნობს.

Keburia spring-summer 2027

საინტერესო სიახლე იყო თავად კოლექციაშიც: ქებურიამ 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე პირველად წარადგინა მამაკაცის სამოსი.

keburia ss 2027 keburia ss 2026

კოლექცია თითქოს ბრიტანული კულტურით, სასკოლო უნიფორმით, სოფლის სამოსით, სამხედრო ფორმითა და სპორტული სტილითაა შთაგონებული.

KEBURIA

ჩვენებისას წარწერასთან ერთად ყურადღებას ღორის ფორმის ბალთებიანი ქამრებიც იქცევს. ბრენდის პრეკამპანიაშიც მთავარი გმირი ღორია. საინტერესოა, ეს შემთხვევითი დამთხვევაა თუ პოლიტიკური გზავნილის გაგრძელება? გიორგი, შენგან კომენტარს ველით (;-).

keburia ss 2027 გიორგი ქებურია

გიორგი ქებურია უდავოდ იმ დიზაინერთა შორისაა, რომელთა საქმიანობასაც მოდით დაინტერესებული ადამიანები თვალს უნდა ადევნებდნენ. ქართველებისთვის კი მისი საერთაშორისო წარმატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის მსოფლიო მოდის სივრცეში საკუთარ ნამუშევრებთან ერთად ქართულ თანამედროვე კულტურასაც წარადგენს.

ზევით