საჩხერელი გოლიათი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანია

ავტორი: ნანკა კიკალია

 

ლაშა ტალახაძე

თანამედროვე მსოფლიოს ძალოსნობის ლიდერი ლაშა ტალახაძე 27 წლის ქართველი ძალოსანია, რომელიც საუკეთესო სპორტსმენის ტიტულს ყოველ დღე და ყოველ შეჯიბრში წარმატებით ამართლებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტალახაძე არამხოლოდ სხვა სპორტსმენებს, არამედ საკუთარ თავსაც ეჯიბრება და რეკორდებში თავისსავე შედეგებს აუმჯობესებს. გასულ წელს ოლიმპიურმა ჩემპიონმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ლიდერმა და მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ატაცში 222 კილოგრამი დასძლია, დღემდე მისი რეკორდი 220 კგ. გახლდათ.

ლაშა ტალახაძე თავისივე დამყარებულ მსოფლიოს რეკორდს შეუტევს ხოლმე და ახალ რეკორდს დაამყარებს

ახალგაზრდა ძალოსანმა 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდში 454 კგ დასძლია და მეორე ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის ქართველი და რუსი ამერიკის ტერიტორიაზე იბრძოდნენ. ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოჩევი გახდა, თუმცა იგი დოპინგ-კონტროლზე ჩავარდა, სპორტსმენის შედეგი გაუქმდა და ოქროს მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის წოდება ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. ნიშანდობლივია, რომ დღეს ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის რუსეთის მიწაზე ქართული დროშით იასპარეზებს. თქვენ მეტყვით, რომ კულტურა, ხელოვნება, სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ? რომ პუტინის რუსეთი სხვა არის? დამეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ყველა ერს ჰყავს ის მთავრობა, რომელსაც ირჩევს და რომელსაც იმსახურებს?!  დღეს სრულიად ქართველი ერი, ერთ მუშტად შეკრული, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის ლიდერს ვუქომაგებთ, იმისათვის, რომ საქართველოს დროშა რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ აფრიალდეს!

ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე  #1 სპორტსმენია, ის „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში მრავალი რეკორდით შევიდა და ყოველ ჯერზე საკუთარ რეკორდს აუმჯობესებს. ლაშა ტალახაძე უძლეველია!

ქართველმა სპორტსმენმა იმდენჯერ გვასახელა, რომ მისი გამარჯვებები უკვე აღარ უნდა გვაკვირვებდეს, მაგრამ დღესაც, სუნთქვის შეკვრამდე  გვაღელვებს ჩვენი სპორტსმენის გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე მოსკოვში, ვინაიდან ყოველი მისი გამარჯვება სრულიად ქართველი ერის გამარჯვებას უდრის. არავის ასე მარტივად, როგორც სპორტის ან კულტურის წარმომადგენლებს, შეუძლიათ პატარა საქართველოს დიდი სათქმელი მსოფლიო არენაზე გააჟღერონ!

ლასა ტალახაძე

ლაშას წარმატების ისტორიაში უამრავი გამარჯვებაა. ევროპის წლის ჩემპიონი, ევროპის რეკორდსმენი, მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიადის გამარჯვებული – ეს ქართველი ძალოსანის მიერ მოპოვებული ტიტულების არასრული ჩამონათვალია, რაც საშუალებას გვაძლევს, მისი ქართველობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიამაყოთ და დღესაც, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს „ბრძოლა", ლაშა ტალახაძე ჩვენ შენით ვამაყობთ!

ზევით