#ბიზნესი

HUGO და BOSS - ბრენდის განქორწინება თუ დივერსიფიცირება?

გაზიარება:

გერმანული ბრენდი დიდი რებრენდინგისთვის მზადაა! Hugo Boss-მა მომავლის საკუთარი მიმართულება იპოვა და წარსულის რადიკალური გადახედვით, ახლა მკაფიო მიზნებზეა ორიენტირებული.

გადახედვამ და გადაფასებამ Hugo Boss-ი იმ ცვლილებამდე მიიყვანა, რომელიც გერმანული ბრენდის ისტორიაში სრულიად ახალი სიტყვებით ჩაიწერება. Boss-ი ახლა მილენიალებს, 25-40 წლის ადამიანებს ეკუთვნით; Hugo კი მთლიანად Gen Z-ა ორიენტირებული - 25 წლამდე ახალგაზრდებზე, რომლებმაც თავიანთი ხედვებით და მისწრაფებებით, სურვილებითა და მიზნებით მოდის სამყაროს შეცვლა რამდენიმე წელია დაიწყეს.

Hugo Boss-ის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ გრიდერი, რომელიც Tommy Hilfiger-ში ამავე თანამდებობაზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, გეგმავს, რომ ბრენდის გაყოფით კომპანიის 2025 წლისთვის გაყიდვები 4 მილიარდ ევრომდე გაზარდოს.

„10-15 წლის წინ  Hugo Boss მრავალი ბრენდისთვის ჩრდილოეთ ვარსკვლავი იყო, სრულყოფილი პოზიციონირებით და ძლიერი შესაბამისობით”.

„ბოლო ექვსი წლის განმავლობაში Hugo Boss-მა შეინარჩუნა ბრენდის ცნობადობა, მაგრამ მნიშვნელოვნად დაკარგა აქტუალობა მოდის ინდუსტრიაში. მემკვიდრეობა შესანიშნავია და მივხვდი, რომ ამ ბრენდის პოტენციალი მისი წყალობით უზარმაზარია” - განაცხადა დანიელ გრიდერმა.

Hugo-სა და Boss-ის ბრენდებს შორის განსხვავებების წარმოჩენა, რომელსაც ზოგჯერ მომხმარებელიც ძნელად ამჩნევდა, დღეს გრიდერის სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს. Boss-ი გამიზნულია მილენიალ მყიდველებზე. კამპანიაში #BeYourOwnBoss, რომელიც ოთხშაბათს იწყება, მონაწილეობას მიიღებენ მოკრივე ენტონი ჯოშუა, რეპერი Future და მოდელები: კენდალ ჯენერი და ჰეილი ბიბერი. ძირითადი მარკეტინგული ხარჯები ფოკუსირებული იქნება ინსტაგრამზე.

Hugo უფრო ხელმისაწვდომი ფასებით იქნება გამორჩეული და მოიცავს ჯინსებსა და ქუჩის სტილის სამოსს. იგი მომავალში აქტიურად იქნება ორიენტირებული ახალგაზრდებზე, კერძოდ კი, Gen Z-ის მომხმარებლებზე. Hugo-ს კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ Gen Z-ის ვარსკვლავები: მოცეკვავე მედი ზიგლერი, მოდელი ადუტ აკეჩი და კორეელ-ამერიკელი რეპერი ბიგ მეთიუ. მარკეტინგული ხარჯები ორიენტირებული იქნება TikTok-ზე. ახალი სლოგანი, „შენ შენი გზით მიდიხარ", ასახავს Gen Z-ის აქცენტს ინდივიდუალობასა და გამჭვირვალობაზე.

ზევით