#მოგზაურობა

ევროპის გამორჩეული სათხილამურო კურორტები

გაზიარება:

წელიწადის ყველაზე ცივი სეზონის დადგომა, ყველასათვის განსხვავებულ სენტიმენტებთანაა დაკავშირებული. თუკი ზოგისთვის ზამთარი ახალი წლის დადგომასთან და დღესასწაულთან ასოცირდება, ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ის საათობით სრიალის და ახალი მწვერვალების დაპყრობის მანიშნებელია.

ყველა დამწყებ, თუ პროფესიონალ მოთხილამურეს საკუთარი ევერესტი აქვს დასაპყრობი და ყველა განსხვავებულ სამთო-სათხილამურო კურორტზე სრიალზე ოცნებობს. დღეს, გადავწყვიტეთ ევროპის მასშტაბით იმ გამორჩეული კურორტისთვის მოგვეყარა თავი, რომლებიც შესაძლოა თქვენს სიას შეემატოს, ან სულაც ამ ზამთრის მიმართულებად იქცეს.

ვეცადეთ, სიაში დამწყები თუ პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის მორგებული, როგორც რთული რელიეფის, აგრეთვე ადვილი ფერდობების მქონე სამთო-სათხილამურო კურორტები გაგვეერთიანებინა.  

შამონი, საფრანგეთი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი ალპებში, ამავდროულად უძველეს სათხილამურო მიმართულებადაა მიჩნეული. საკურორტო ქალაქი მონბლანის მთის ძირში მდებარეობს. შამონმა, 1924 წელს პირველ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა და მას შემდეგ, უამრავი მოთხილამურისთვის საოცნებო სათხილამურო ლოკაციად იქცა. შამონი გამორჩეულია ინფრასტრუქტურითაც, დამსვენებელს შეუძლია ისრიალოს, საუკეთესოდ დაისვენოს და ღამის ცხოვრებითაც დატკბეს.

ლევი, ფინეთი

ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კურორტი ლევი, ყოველწლიურად მილიონობით დამსვენებელს მასპინძლობს. ლევი ნამდვილად გამორჩეულია სათხილამურო ტრასებით, ამავდროულად ეს ალბათ ერთ-ერთი ის უნიკალური ადგილია, სადაც სრიალი ჩრდილოეთის ციალის ფონზეა შესაძლებელი. კურორტი გამორჩეულია მრავალფეროვანი აქტივობებით და განსაკუთრებით მაგიურია ახალი წლის სეზონზე.

სან-მორიცი, შვეიცარია

ალპების ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მთის კურორტი შვეიცარიაში, რომელიც საუკუნეებია, რაც მოთხილამურეთა ფავორიტ ადგილად ითვლება. იდეალური ადგილმდებარეობით, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა, დაბრკოლებებით სავსე ტრასებით და ზღაპრული სასტუმროებით, სან-მორიცი, უდავოდ გამორჩეული მიმართულებაა. 

ავორიაზი, საფრანგეთი

ოდესმე გადაგიკვეთავთ ქვეყნის საზღვარი სრიალის დროს? საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მყოფი სამთო-სათხილამურო კურორტი ავორიაზი, საშუალებას გაძლევთ დღის განმავლობაში ორივე ქვეყანაში ისრიალოთ. საფრანგეთის კურორტი, უხვი თოვლით, მდიდრული სასტუმროებითა და საბაგირო ტრასებით გამოირჩევა.

კიცბუჰელი, ავსტრია

დროა ავსტრიაში გადავინაცვლოთ და ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ კურორტ - კიცბუჰელს მივაპყროთ ჩვენი ყურადღება. სამთო-სათხილამურო კურორტი ზამთრის სპორტული შეჯიბრებებითაა ცნობილი. კიცბუჰელის მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასები იდეალურ გარემოს ქმნის როგორც პროფესიონალი, ისე დამწყები მოთხილამურეებისთვის.

ვალ გარდენა, იტალია

იტალიის გამორჩეულ სათხილამურო კურორტსაც შევავლოთ თვალი. დოლომიტის მთების ძირში, შეგიძლიათ ვალ გარდენას მდიდრულ მრავალფეროვნებას ეზიაროთ, ყოველდღიურად აღმოაჩინოთ და განიცადოთ რაღაც ახალი.

მიურენი, შვეიცარია

თუ სრიალთან ერთად თქვენთვის სიმშვიდე და დასვენებაც პრიორიტეტს წარმოადგენს, შვეიცარიის კიდევ ერთი გამორჩეული კურორტი - მიურენი სწორედ თქვენთვისაა. საუკეთესო მომსახურება, გამართული ინფრასტრუქტურა, დამატყვევებელი ხედები და ნაკლები ტურისტები. აბა, როგორ ჟღერს?

თეთნულდი, საქართველო

შორს რომ არ წავიდეთ, ყოველთვის გვახსოვდეს რომ საქართველო სამთო-სათხილამურო კურორტების სიმცირეს ნამდვილად არ განიცდის. თეთნულდი ერთ-ერთი გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში (და არა მარტო), რომელიც ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ამიერ კავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ.) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1,7 კმ.) სათხილამურო ტრასა გამოარჩევს. 

თეთნულდს სასრიალოდ სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, მათ შორის პროფესიონალი მოთხილამურეები და სნოუბორდერები ევროპის სხდასახვა ქვეყნებიდან. ამის მიზეზი კი გამორჩეულ ტრასებთან ერთად სვანეთის ენით აღუწერელი ბუნება, განვითარებადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა, ქართული სტუმართმოყვარეობაა. 

ზევით