ETRO ACT - ოდა ძველბერძნულ ტრაგედიას

ნიუ-იორკის და ლონდონის შემდეგ, მოდის კვირეულის ციებ-ცხელებამ მილანში გადაინაცვლა. მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეებს ჰყავდა საკუთარი რჩეულები: Diesel, Fendi, Roberto Cavalli, Etro... ჩვენს პირად ფავორიტად კი ეს უკანასკნელი იქცა. Etro-ს 2024/2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სახელწოდებით Etro Act გახლდათ სარტორული ოდისეა, რომელიც წარსულს აწმყოსთან აკავშირებდა და აყალიბებდა ნარატივს, რომელიც უძველესი ეპოსებიდან, თანამედროვე მოდურ პოდიუმამდე გაგრძელდა. 

მარკო დე ვინჩენცოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ახალი კოლექცია წარმოადგენს ჰომერულ მოგზაურობას და შეისწავლის ადამიანის ემოციებისა და ისტორიის სიმდიდრეს, ქსოვილისა და დიზაინის საშუალებით. „ულისეს“ თავგადასავლებით შთაგონებული Etro Act, ასახავს ძიების არსს წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის გარეშე. კოლექცია წარმოადგენს მეტაფორულ ექსპედიციას ისტორიის ნალექებში, სადაც თითოეული სამოსი არქეოლოგიურ საგანძურს, დროის რელიკვიას განასახიერებს და გამდიდრებულია თანამედროვე მხატვრობით.

მარკო დე ვინჩენცომ გასულ ღამეს, პოდიუმზე უძველესი თეატრის პრაქტიკაც გააცოცხლა. დრამატული ხელოვნების პატივსაცემად, დიზაინერმა მოდელები, გიგანტური ზომის ნიღბების ინსტალაციის ფონზე გამოიყვანა, რაც ჩვენებას განსაკუთრებულ ხიბლს და მცირე დრამატიზმსაც სძენდა.

Etro-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი არა მხოლოდ კაცობრიობის წარსულში, არამედ მოდის სახლის მემკვიდრეობაშიც ჩაიძირა. ვინჩენცომ Etro-ს არქივები ინსპირაციად აიღო და მათ ხელახალი ინტერპრეტაცია შესძინა. დიზაინერმა ეს პროცესი აღწერა, როგორც მოდის სახლის ისტორიის ნალექებში საკუთარი ნაწილების პოვნის მაგია.

Etro-ს 2024/2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მთავარ როლს, უდავოდ, ქსოვილები, ფერები და პრინტები ასრულებდნენ. თითოეული სილუეტი Etro-ს ახალი კოლექციიდან, მხატვრის მიერ შექმნილ ფერწერულ ტილოს მოგვაგონებდა. ასიმეტრიული, გამჭვირვალე სილუეტები კი მარკო დე ვინჩენცოს თამამი განაცხადის ნაწილს წარმოადგენდნენ. 

„ჩემ ირგვლივ შემოქმედებითობის დაუძლეველი სურვილის არსებობას ვგრძნობ, ინტენსივობის სურვილს, რომელიც არ ისწრაფვის სრულყოფილებისკენ, ის მხოლოდ ემოციური გამოხატვის საშუალებებს ეძებს,“ - განმარტა დიზაინერმა.

ზევით