#მოდა

COPERNI-ის ჩანთა, რომელიც ჰაერისგანაა შექმნილი

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

პარიზის მოდის კვირეულზე Alexander McQueen-ის, Balenciaga-ს თუ Valentino-ს ტანისამოსმა განსხვავებული ფერებით, ტექსტურებითა და ფორმებით მიიქცია მოდის სამყაროს ყურადღება, თუმცა შოუს მთავარი ვარსკვლავი, მაინც Coperni-ის Air Swipe Bag გახდა - ჩანთა, რომელიც ჯერჯერობით, სრულიად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც მოდის ინდუსტრიაში აქამდე შექმნილა.

Coperni, ჩანთა, ჰაერის ჩანთა, პარიზის მოდის კვირეული

ფრანგული ბრენდის ინოვაციური და ორიგინალური სამოსი ხშირად ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად ვრცელდება. ბოლოდროინდელი ჩვენებების მთავარი განხილვის საგანი კი ბელა ჰადიდის სხეულზე შესხმული სითხე იყო, რომელიც მოდელის ტანზე შეხებისას კაბად გადაიქცა.

Coperni, ბელა ჰადიდი, თეთრი შესასხმელი კაბა, მოდის კვირეული, თხევადი კაბა

Coperni-მ არც ამჯერად გაუცრუა მოდის ენთუზიასტებს იმედები და პარიზის მოდის კვირეულზე ჰაერის ჩანთა წარადგინა. პარიზის მოდის კვირეულზე, Coperni-ის ჩვენებაზე ჩანთა ლეონ დეიმმა წარადგინა. მთავარი დეტალი, რომელიც ჩანთას უცნაურსა და საინტერესოს ხდის, მისი შემადგენლობა და დამზადების ტექნიკაა, რომელიც ბრენდმა ხალხს ინსტაგრამ პოსტით თავად გაანდო.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by coperni (@coperni)

Coperni-ის ჩანთა 1% შუშისგან, 99% კი ჰაერისგანაა დამზადებული, ხოლო მისი დიზაინი სებასტიან მეიერმა და არნო ვაიანმა შექმნეს. ცნობილია, რომ ბრენდმა აქსესუარი მეცნიერ, იოანის მიკაულიდისთა კოლაბორაციით შექმნა და შუშის ნაწილის დამზადებისას, NASA-ს ინოვაციური ნანო მასალის სილიციუმის აეროგელი გამოიყენა, რომელსაც მეცნიერები კოსმოსში ვარსკვლავური მტვრის დასაჭერად იყენებენ.

Coperni, ჰაერის ჩანთა, ჩანთა, რომელიც ჰაერისგანაა შექმნილი, პარიზის მოდის კვირეული

მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩანთა 33 გრამზე ნაკლებს იწონის, მას თავის წონაზე 4000-ჯერ მეტის “ატანა” შეუძლია. ის ყველაზე დიდი ნივთია, რაც აქამდე კოსმოსური ტექნოლოგიების ნანომასალისგან შექმნილა. Coperni-ის ჩანთა, გამჭვირვალეობისა და ღია ცისფერი შეფერილობის გამო, ღრუბლებს მოგვაგონებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჰაეროვანი და მსხვრევადია, მასალა განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის სიცხისა და წნევის უმაღლეს დონეებს უძლებს.

ბრენდის უახლესი კოლექცია, რომლის ნაწილიც Air Swipe ჩანთა გახლავთ, შთაგონებულია კოსმოსური სივრცის კვლევებითა და NASA-ს საქმიანობით. დიდი ინტერესი მოჰყვა, თუ რამდენად შესაძლებელია ჩანთის ფუნქციურად გამოყენება. როგორც ბრენდი მომხმარებლებთან განმარტავს, Air Swipe ჩანთას Iphone-ის დატევა შეუძლია, რაც უმეტესობისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. ნივთი ერთდროულად არის ფუტურისტული, მდგრადი და მსუბუქი. საინტერესოა, რას გვიმზადებს მომავლის მოდა, თუ დღეს აქსესუარის დამზადება უკვე ჰაერისგანაცაა შესაძლებელი?!

ზევით