ბრუტალისტურ-ტროპიკული სახლი

ბრუტალიზმისა და ტროპიკული არქიტექტურის ესთეტიკა ერთი, კონკრეტული სახლის ინტერიერ-ექსტერიერში არქიტექტორებმა, პატისანდიკა სიდარტამ და დან მიტჩელმა გააერთიანეს. სახლი, რომელმაც ამ ჯერზე ჩვენი რედაქციის ყურადღება მიიქცია, კუნძულ ბალიზე, ბრინჯის მინდვრებს შორის არის აგებული.

architecture

512 კვ მეტრის, უჩვეულო, გეომეტრიული ფორმის ბეტონის სახლის მშენებლობაში ძირითადად ადგილობრივები, ინდონეზიელები იყვნენ ჩართული. სახლის ინტერიერში ინდუსტრიული ესთეტიკა, შიშველი ბეტონი, ხე და მცენარეები დომინირებს.

architecture

ტროპიკული გარემო და სახლის უცნაური გეომეტრია კარგად არის გამოყენებული ენერგოეფექტურობისთვის. მაგალითად, სამზარეულო ღია სივრცეში განთავსდა და მარტივად იქნა გამოყენებული ბუნებრივი ვენტილაცია. ხოლო უჩვეულო გეომეტრია დაკიდებული ფასადით შენობას პირდაპირი მზის სხივებისგან იცავს. ბინადრებმა ხელოვნურ კონდიცირებაზე უარი თქვეს.

home design

სახლის შუაგულში მისაღებმა ოთახმა ორი სართული გააერთიანა და თითქოს სივრცემ ამოისუნთქა. გრძელი ფანჯრები კი იდეალურ გარემოს ქმნიან იმისთვის, რომ „არაფრის კეთების“ სურვილის მომენტებში არარეალურად ლამაზი ლანდშაფტით დატკბე.

architecture

architecture

ბრუტალისტურ-ტროპიკულ სახლს ბალიზე ასევე მუსიკალური სტუდია, სამი საძინებელი ოთახი, სამი აბაზანა და ერთი გარე საშხაპე აქვს.

architecture

რაც შეეხება შენობის ავტორებს, როგორც სტატიის დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, ის ორი არქიტექტორის კოლაბორაციაა. მათთვის მდგრადი მიდგომა არქიტექტურაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მიტჩელი ნიუკასლიდან არის, რომელიც ინდონეზიაში 2014 წელს, სწორედ არქიტექტურაში მდგრადი მიდგომების შესასწავლად გადავიდა. რაც შეეხება პატისანდიკა სიდარტამს, რომელიც ინდონეზიაში დიზაინერული სტუდიის მფლობელია, მის მიზანს თანამედროვე და ენერგოეფექტური არქიტექტურის შექმნა წარმოადგენს, რაშიც ადგილობრივ, ინდონეზიურ მასალებს გამოიყენებს, ხოლო შთაგონების წყარო ადგილობრივი კულტურა და იდენტობა იქნება.

bali, indonesia, architecture

ზევით