#დეკორი

არტ-დეკო ამერიკულ არქიტექტურაში

გაზიარება:

დეკორატიული ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სტილმა, არტ-დეკომ ამერიკის შეერთებული შტატები გასული საუკუნის 20-იან წლებში სრულიად მოიცვა. მანამდე, ბელგიასა და საფრანგეთში არტ-დეკოს სტილის ხელოვნების ნიმუშები შემჩნეული უკვე იყო. არტ დეკოსადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც თავდაპირველად 1915 წელს იყო დაგეგმილი, პირველი მსოფლიო ომის გამო გადაიდო და შემდგომ 1925 წელს პარიზში გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყვნენ საფრანგეთის, ბელგიის, შვედეთის, დანიის, ნიდერლანდების, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, იაპონიისა და საბჭოთა კავშირის პავილიონებიც კი.  ამერიკელი არქიტექტორები პარიზში ამ გამოფენას არ დასწრებიან, თუმცა არტ-დეკოს მოძრაობამ მარტივად იპოვა გზა შტატებისკენ და იმხელა პოპულარობა მოიპოვა ხელოვანთა წრეებში, რომ დღეს არტ-დეკოს ხსენებაზე პარიზი არა და ნიუ-იორკი უფრო გვახსენდება.

არტ-დეკოს მახასიათებლები არქიტექტურაში

არტ-დეკოს ნაგებობების დანახვა ქალაქის ყველა კუთხიდანაა შესაძლებელი, ამასთანავე ისინი სამგანზომილებიანი შენობის იდეას ატარებენ. ამ ეფექტის მიღწევა კი მაშინაა შესაძლებელი, თუ არქიტექტორი ცათამბჯენს ააგებს, თანაც იმხელას რომ გვერდით ყველა შენობა დაიჩრდილავს. არტ-დეკოს ის შენონები, რომლებიც ცათამბჯენებად არ ითვლებიან, მაინც ტოვებენ ვერტიკალურობისა და ცისკენ მიმართული ნაგებობის განცდას. არქიტექტორები ამ ეფექტის მისაღებად ხშირად ვერტიკალურ, მაღალ ფანჯრებს იყენებდნენ.

Niagara Mohawk Building, არტ დეკო
Niagara Mohawk Building არტ-დეკოს კლასიკური ნიმუშია სირაკუზაში, ნიუ-იორკში.

ორნამენტები არტ-დეკოს არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შენობების ფასადებზე შეამჩნევთ გეომეტრიულ ფორმებს, ზიგზაგებს, განსხვავებული დიზაინისა და ფორმის განათებებს და მზის სხივებისა თუ ყვავილების ინსპირაციით შექმნილ ორნამენტებს. 

არტ-დეკო, არტდეკო, არქიტექტურა
ნიუ-იორკი, ორნამენტი პარამაუნტის შენობის ფასადზე

ერთგვაროვანი, ხშირად ნაცრისფერი შენონებისგან განსხვავებით, არტ-დეკოს ნაგებობები ხშირად ცოცხალ ფერებში გვხვდება. მათ შორისაა ყვითელი, მწვანე, წითელი და ლურჯი.

art deco, miami
არტ-დეკოს არქიტექტურა მაიმის სანაპიროზე

არტ დეკოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობები ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკშია. ამერიკელმა არქიტექტორებმა ყველაზე კარგად მოახერხეს ხელოვნების ეს მოძრაობა საოცარ ქმნილებებში გაეცოცხლებინათ.

რამდენიმე შეგვიძლია, უფრო ახლოსაც შევათვალიეროთ:

EMPIRE STATE BUILDING, ნიუ-იორკი

EMPIRE STATE BUILDING, ნიუ-იორკი

1930 წელს ნიუ-იორკში Empire State Building-ის მშენებლობა დაიწყო, რომელიც უნდა გამხდარიყო მსოფლიოში პირველი შენობა, რომელიც 100-ზე მეტი სართულით იქნებოდა. ფოლადის კარკასი, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, თანამედროვეობის საოცრებად ითვლება. მისი მშენებლობა კვირაში ოთხნახევარი სართულით იზრდებოდა და რეკორდულ დროში, წელიწადსა და 45 დღეში დასრულდა. ოფიციალურად კი 1931 წელს გაიხსნა. Empire State Building, რომელიც Shreve, Lamb & Harmon-ის ფირმამ შექმნა, არტ-დეკოს იდეალური მაგალითია - ვერტიკალური ფანჯრებით, ფასადში ჩავარდნებითა თუ ინდუსტრიული და ტრადიციული მასალების კომბინაციით. 2009 წელს აღდგენილი შესასვლელი დარბაზი, მოოქრული მორთულობითა და ტექნოლოგიური პროგრესის მხატვრული გამოძახილით, არტ დეკოს შედევრს წარმოადგენს.

BRYANT PARK HOTEL, ნიუ-იორკი

BRYANT PARK HOTEL, ნიუ-იორკი

შენობა 1924 წელს არქიტექტორებმა, რეიმონდ ჰუდიმ და ჯონ ჰოველმა, შექმნეს. შავი აგურის და დახვეწილი ოქროსფერი ქვის ზედაპირის გამო შენობა ნეო-გოტიკურად ითვლებოდა, მაგრამ ორნამენტებს თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით რომ არქიტექტორები არტ-დეკოს სტილისკენ უფრო იხრებოდნენ. ეს ნაგებობა 2001 წლის შემდეგ, როგორც სასტუმრო ისე ფუნქციონირებს. 

FRED F.FRENCH BUILDING, ნიუ-იორკი

FRED F.FRENCH BUILDING, ნიუ-იორკი

ნიუ-იორკის კიდევ ერთი თილისმა ფრედ ფრენჩის შენობაა, მეხუთე ავენიუზე. მისი დიზაინი 1927 წელს არქიტექტორებმა, დუგლას აივსმა, ჯონ სლოუნმა და მარკო რობერტსონმა შექმნეს. ის დღემდე წარმოადგენს ცნობილი უძრავი ქონების ფირმის სახლს. შენობა კირქვით, აგურითა და ტერაკოტითაა აგებული. იგი ბაბილონის შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ყველაფერი კი საოცარი ინტერიერით გვირგვინდება. ტრავერნის იატაკი, მარმარილოს კედლები და ჩამოსხმული ბრინჯაო არტ-დეკოს ექსტრავაგანტულ და მდიდარ სულს აცოცხლებს. 

ROCKEFELLER CETER,  ნიუ-იორკი

ROCKEFELLER CENTER, NEW YORK CITY

მშენებლობა 1932 წელს იმ მიზნით დაიწყო, რომ ჯონ როკფელერ უმცროსი შექმნიდა "ქალაქს ქალაქში". ვერტიკალურობა და დახვეწილი ორნამენტები როკ-ფელერის ცენტრს არტ-დეკოს არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშად აქცევს.

არტ დეკო ნიუ-იორკს გასცდა და ლოს ანჯელესშიც დაგვიტოვა ღირსშესანიშნაობები.

EASTERN COLUMBIA BUILDING, ლოს-ანჯელესი

EASTERN COLUMBIA BUILDING

ეს შენობა ოფიციალურად 1930 წელს, ცხრა თვის მშენებლობის შემდეგ გაიხსნა. იგი ავეჯისა და ტანსაცმლის მაღაზიების სახლი უნდა ყოფილიყო. არქიტექტორმა, კლოდ ბეელმანმა შენობის ფერადი ფასადი არტ-დეკოს მოტივებზე შექმნა - გეომეტრიული ფიგურებით, ზიგ-ზაგებით თუ ამავე სტილში ჩასმული ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულებებით. ფირუზისფერი, ლურჯი და ოქროსფერი საოცარ კომბინაციას ქმნიან, რაც ამ შენობას ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქცევს. 

ზევით