#დეკორი

AI-ის მიერ გენერირებული არქიტექტურა რეალურ სამყაროში?!

გაზიარება:

ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენს feed-ზე AI-ის დახმარებით გენერირებული ინტერიერის დიზაინის, თუ არქიტექტურული ნამუშევრები უკვე არა ერთხელ შეგხვდებოდათ. AI-ს პირველი გამოჩენიდან თითქმის ათწლეულის შემდეგ, Dall-E-ის, Midjourney-სა და Stable Diffusion-ის დახმარებით, ყველაზე წარმოუდგენელი, განსაცვიფრებელი და შთამბეჭდავი პროექტები გამოჩნდა. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მათი რეალურ სამყაროში შექმნა?!

AI-ის გამოჩენას და მის მასშტაბურ ინტეგრირებას ინტერიერის დიზაინისა და არქტიტექტურის სამყაროში, ამ სფეროს წარმომადგენლები განსხვავებულად შეხვდნენ. სკეპტიკურად განწყობილ დიზაინერებსა და არქიტექტურული სტუდიების გარდა, რასაკვირველია არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კრეატივისა და განვითარების უსასრულო შესაძლებლობები დაინახეს და მას სწორედ ამ კუთხით იყენებენ.

გასული წლის აპრილში, Zaha Hadid Architects-ის დირექტორმა, პატრიკ შუმახერმა ინტერვიუში აღიარა, რომ სტუდია, AI-ის მიერ გენერირებულ სურათებს დიზაინერული დილემების გადასაჭრელად და მცირე შთაგონების მისაღებადაც კი იყენებდა. Zaha Hadid Architects-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ტიმ ფუმ კი სტუდია ერთი წლის წინ დატოვა და ხელოვნური ინტელექტის სიღრმისეულ კვლევას შეუდგა. AI-ის ინსტრუმენტების ინტენსიურად გამოყენების მიუხედავად, ტიმ ფუ მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათები მაინც მოითხოვენ ადამიანის ჩართულობას და კორექციის შეტანას. ტიმი ის ერთ-ერთი პიონეტი დიზიანერია, რომელიც AI-ის ნამუშევრებს, მართალია მცირე მასშტაბებზე, მაგრამ რეალობად უკვე აქცევს. 

იტალიურ მწარმოებელ Mavimatt-თან კოლაბორაციით, ტიმ ფუმ უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, როდესაც Chromatic სავარძელი AI-ის დახმარებით ჯერ დააგენერირა, შემდეგ კი მიღებული ვიზუალი რეალობად აქცია. AI-ის მეშვეობით შექმნილი პირველი სავარძელი, ცნობილი ფინელი დიზაინერის, ეერო აარინოს საკულტო დიზაინს იმეორებს, თუმცა იტალიური რადიკალიზმის შტრიხებითა და ხელოვნური ინტელექტის გავლენით.

„როდესაც ხელოვნური ინტელექრი დიზაინის ნაწილსაც აითვისებს, ადამიანებს შეეძლებათ მხატვრული ხედვით შეიტანონ ცვლილებები... თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ სად გამოვიყენებთ ადამიანის მხატვრულ ღირებულებას, როდესაც რობოტები ბევრად მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“ - აცხადებს ტიმ ფუ.

რამდენად მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ დროისთვის ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძანებების მიცემა და იმ დიზაინის შექმნა, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს, ჯერ კიდევ რთული ამოცანაა. Design Academy Eindhoven-ის კურსდამთავრებულის, ჯულ ვან დენ ჰეუველის თქმით, დისერტაციაზე, სახელწოდებით ‘(A)I Designed a Chair’ მუშაობის პროცესში, მას 500-ზე მეტი სურათის შექმნა დასჭირდა, რათა ზუსტად ის შედეგი მიეღო, რომელიც მას სურდა. „მინდოდა მომეყოლა ხელოვნური ინტელექტის დიზაინის ისტორია – ამიტომაც ავირჩიე ეს უცნაური გარეგნობის სკამი“, განმარტავს ჯული. სკამი მართლაც რომ უჩვეულოა. მარტივი დიზაინისა და ორი ასიმეტრიული საზურგეს მქონე სკამს, ულამაზესი ლურჯი შეფერილობა გამოარჩევს.

საბოლოო შედეგის მიღების მიუხედავად, ჯულ ვან დენ ჰეუველის პროექტმა ხელოვნური ინტელექტის ამ დროისთვის არსებულ შეზღუდვებს გაუსვა ხაზი. ჯულის სკამის ერთადერთი დიზაინი ჰქონდა, რადგან Midjourney-ის (ჯერ) არ შეეძლო ნახატების უზრუნველყოფა ზუსტი ზომებით და გვერდითი, ან ზედ-ხედებით. ის კი ნამდვილად მოახერხა, რომ ავეჯის დიზაინში ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ როლზე ცხარე კამათი გაეჩაღებინა. 

AI-ის დახმარებით, ადამიანის უსასრულო ფანტაზიის სრულყოფილ ვიზუალიზაციებს, ცნობილი არქიტექტორის, კარლოს ბანიონ ბლასკესის პროექტებშიც აქტიურად ვეცნობით. 2023 წელს, კარლოსის მიერ შექმნილმა რევერსული კიბეების დიზაინმა სოციალური ქსელები ვირუსულად მოიცვა. დიზაინერის ნამუშევრების მიმართ ინტერესის ზრდამ ისიც განაპირობა, რომ არქიტექტორი აქტიურად ცდილობს საკუთარი პეოქტები რეალობად აქციოს. ამ ეტაპზე კარლოსი ცდილობს ყვავილების სილუეტის მსგავსი სავარძლები გააცოცხლოს, რისთვისაც მათი პრაქტიკულობისა და კომორტის კვლევის ფაზაშია.

არ აქვს მნიშვნელობა ხელოვენური ინტელექტით აღფრთოვანებულთა რიგებს მიეკუთვნებით, თუ შეშფოთებულებს, ერთი რამ ცხადია - AI უფრო მეტია, ვიდრე დამხმარე ინსტრუმენტი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს ათწლეულებში ის სრულად ჩაანაცვლებს დიზაინერებს, რომელთა როლიც პროცესებში შეუცვლელია. ნაცვლად ამისა, ხელოვნური ინტელექტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ინსპირაციის პლაცდარმი და საუკეთესო ინსტრუმენტი ახალი სივრცისა და პროდუქტების ვიზუალიზაციისთვის.

ზევით