#დეკორი

2024 წლის ყველაზე ტრენდული ფერები ინტერიერის დიზაინში

გაზიარება:

ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველის პრინციპით, 2024 წელს დიზაინის სამყარო 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ფერებს მიუბრუნდა და შთაგონებას, სწორედაც რომ ათწლეულების წინანდელ ტენდენციებში მიაგნო. თუკი, მიმდინარე წელს, თქვენი ინტერიერის განახლებას მიჰყოფთ ხელს, მაშინ მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, თუ რომელი ფერები იქნება ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი 2024 წლის, და დიდი ალბათობით, მომდევნო წლების განმავლობაშიც.

წარმოგიდგენთ, ფერების ექსპერტების პროგნოზით, ყველაზე პოპულარულ 5 ფერს, რომელიც 2024 წელს ინტერიერის დიზაინს განსაზღვრავს.

1. დავიწყოთ შოკოლადისფრით 

ფერი, რომელზეც 2024 წლის განმავლობაში, ყველა ერთხმად თანხმდება მუქი ყავისფერი, უფრო ზუსტად კი შოკოლადისფერი ყავისფერია. ინტერიერის დიზაინის სამყაროში, მიმდინარე წელს ის It ფერად მოგვევლინება და ამჯერად, მხოლოდ დეკორში გაბატონებით არ შემოიფარგლება. მუქი ყავისფრის მოულოდნელი პოპულარობა, მოდის სამყაროს გამოძახილს წარმოადგენს, უფრო კონკრეტულად კი მშვიდი ფუფუნების ტრენდის დიზაინის სამყაროში გაგრძელებას, რომელიც ელეგანტური და ავთენტური სტილისკენ მიისწრაფვის.

2. სალბის მწვანე

დომინანტი ზურმუხტისფრისგან განსხვავებით, რომელიც გასულ წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, 2024 წელს, მწვანის უფრო მშვიდი ელფერი - სალბის მწვანე გაიბრწყინებს. მსგავსი ნაზი და კომფორტული ფერის ტრენდებში გამოჩენა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო ისწრაფვიან ბუნების ჰარმონიის საკუთარ სახლებში შემოტანისკენ. 

3. ყინულოვანი ლურჯი

დედამიწის ტონების იდეალური გაგრძელებაა ყინულოვანი ლურჯი ფერი, რომელიც თავისი მდიდრული ესთეტიკით და სინაზით, განსხვავებული სტილისა ინტერიერის დიზაინში წარმატებით დაიდებს ბინას. 

4. ცეცხლოვანი წითელი

ამ მომაჯადოებელმა ფერმა ინტერიერის სამყაროში შეღწევაც მოახერხა. ღვინისფერი წითლით დაწყებული, ალუბლისფერი ელფერით დამთავრებული, წითლის მოდის სამყაროში გამეფების შემდეგ, ის დიზაინის სამყაროსაც უერთდება და 2024 წელს თავის სათქმელს ამ განზომილებაშიც იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დედამიწის ტონებისგან განსხვავებით, წითელი ბევრად ამბიციური და ცეცხლოვანია, მას იდეალურად შეუძლია შეერწყას ისეთ ჰარმონიულ ფერებს, როგორებიც ყავისფერი, მწვანე და ცისფერია.

5. ატმისფერი

ამ ჩამონათვალის დასრულება წარმოუდგენელი იქნებოდა Pantone-ს მიერ დასახელებული წლის ფერის - ატმისფრის გარეშე. ეს საოცრად თბილი, კომფორტული და დამამშვიდებელი ფერი, ნარინჯისფერსა და ვარდისფერს შორის, წარმატებით დაიდებს ბინას ჩვენს ინტერიერში და იდეალური იქნება მათთვის, ვინც მიმდინარე წელს ოპტიმიზმს ეძებს. 

ზევით