#სპორტი #TOKYO 2020 OLYMPIC GAMES

10 ქართველი ათლეტი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომლებსაც უნდა იცნობდეთ

გაზიარება:

ქართული დელეგაცია უკვე ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზეა, რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელებში ტოკიოს გახსნის ცერემონიაზე ქართველი ათლეტების ფოტოსურათები გავრცელდა. წლევანდელ თამაშებზე ჩვენს ქვეყანას სულ 35 ათლეტი წარადგენს, თითოეული მათგანი ჩვენგან საპატიო გულშემატკივრობას იმსახურებს, ჩვენ კი გაგაცნობთ 10 ქართველ სპორტსმენს, რომელსაც ყველანი უნდა ვიცნობდეთ.

ნინო სალუქვაძე - ქართველი მიზანში მსროლელი

ნინო სალუქვაძე

საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ნინო სალუქვაძე კარიერაში მე-9 ოლიმპიადისთვის ემზადება, 52 წლის რეკორდსმენი ქართველი მიზანში მსროლელი 25 ივლისს იასპარეზებს. ნინო სალუქვაძეს დიდების განსაზღვრა მარტივად, მისი ტიტულების ჩამოთვლით შეგვიძლია - სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი.

ლაშა ტალახაძე - ქართველი ძალოსანი

ლაშა ტალახაძე

დაბადების ადგილი: საჩხერე, საქართველო
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის რეკორდსმენი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი

„როდესაც ჩვენ უკან ქართველი ხალხია, სხვა მობილიზებით გამოვდივართ“

სანდრო ბაზაძე - მოფარიკავე

სანდრო ბაზაძე

ტოკიოს ოლიმპიადაზე ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დღეს პირველ შეხვედრას გამართავს, საქართველოს დროით 20 საათსა და 10 წუთზე სანდრო ეგვიპტელ მოჰაბ სამერს შეხვდება.

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის ოქროს მედალოსანი, 23 წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი და 20 წლამდე ასაკის ევროპის ჩემპიონი გახლავთ.

ვარლამ ლიპარტელიანი - ძიუდო

ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია საქართველოს ძიუდოში ჰყავს, სწორედ ამიტომ 24-30 ივლისის ყოველი დღე ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი 26 ივლისს იასპარეზებს.

ეთერ ლიპარტელიანი - ქართველი ძიუდოისტი

ეთერ ლიპარტელიანი

ძიუდოისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის ქალი წარმომადგენელი ეთერ ლიპარტელიანი 26 ივლისს იასპარეზებს. ეთერო 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი და ევროპის ზაფხულის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გახლავთ.

სალომე ფაჟავა - ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშე

მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს სალომე ფაჟავა წარადგენს, სალომეს პირველი გამოსვლა 25 ივლისს გაიმართება, ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, მსოფლიო თასების პრიზიორი და ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ.

ირაკლი რევიშვილი - მოცურავე

ირაკლი რევიშვილი

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს ორი მოცურავე წარადგენს, მოცურავეთა შემადგენლობაში ცვლილება თითქმის ბოლო წუთებში მოხდა, როდესაც მწვრთნელმა დავით აბესაძე საქართველოს ჩემპიონით და რეკორდსმენით ირაკლი რევიშვილით ჩაანაცვლეს.


მარიამ იმნაძე - მოცურავე

მარიამ იმნაძე

მეორე ქართველი მოცურავე ტოკიოს ოლიმპიადაზე მარიამ იმნაძე გახლავთ, საქართველოს ჩემპიონი, რომელიც პირველად 28 ივლისს იასპარეზებს.

შოთა მიშველიძე - ქართველი ძალოსანი

ქართველ ძალოსანთა შორის  ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი შოთა მიშველიძე გახლავთ, რომელიც 25 ივლისს იასპარეზებს.

გოგიტა არქანია - კარატე

ბოლოს კი გოგიტა არქანიას წარმოგიდგენთ: მსოფლიო ჩემპიონს, მსოფლიო პრიზიორს, ევროპის სამგზის პრიზიორსა და ევროპული თამაშების პრიზიორს.

© ფოტო: საქართველოს ბანკი

ზევით