მთელი მსოფლიო ჩინურ აპლიკაცია RedNote-ზე ლაპარაკობს. ეს სოციალური ქსელი მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. შეერთებულ შტატებში TikTok-ის მომავალი ახლა მოსამართლეების ხელშია. უზენაესმა სასამართლომ უკვე მოისმინა არგუმენტები TikTok-ის ამკრძალავ კანონზე, რომელსაც აპრილში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. კანონი მოითხოვს, რომ TikTok-ი ჩინურმა კომპანია ByteDance-მა დადგენილ ვადამდე გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.
სავარაუდოა, რომ ეს აკრძალვა ძალაში 19 იანვრიდან შევა. შესაბამისად, Apple App Store-სა და Google Play Store-ში აპლიკაცია გაქრება.

TikTok-ის მომხმარებლების "თავშესაფარი" აპლიკაცია Xiaohongshu, ჩვენთვის RedNote-ის სახელითაა ცნობილი და მისი მომხმარებლები ერთმანეთს ცხოვრების სტილის, ყოველდღიურობისა თუ მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას უზიარებენ.

RedNote-ს ხშირად ჩინეთში აკრძალული ინსტაგრამის ლოკალურ ვერსიად მოიხსენიებენ. ჩინური სახელი - Xiaohongshu "პატარა წითელ წიგნად" ითარგმნება და კომუნისტი ლიდერის, მაო ძედუნის გამონათქვამების კრებულს ეხმიანება.
ჩინეთში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეკომენდაციებისთვის სწორედ ამ პლატფორმას იყენებს. მოდა, სილამაზე, გემრიელი საკვები, მოგზაურობა - ეს ის თემებია, რომლებიც ყველაზე ხშირად განიხილება RedNote-ზე. Xiaohongshu ჩინეთის e-commerce-ის ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმაა და მოსახლეობას ონლაინ ყიდვა-გაყიდვას უმარტივებს. მისი ძირითადი მომხმარებლები კი 1990 წლის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდები, უფრო მეტად ქალები არიან.

განსხვავებით TikTok-ისა და Instagram-ისგან, ამ პლატფორმაზე შესვლისას ერთდროულად რამდენიმე პოსტი თუ ვიდეო, ფოტო ან ტექსტია ეკრანზე განთავსებული, დაახლოებით ისე, როგორც ეს Pinterest-ზეა. RedNote ჩინეთის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პლატფორმაა. 2023 წლის მონაცემებით, მას ყოველთვიურად 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.
აპლიკაცია Miranda Qu-მ და Charlwin Mao-მ 2013 წელს შანხაიში შექმნეს. თავდაპირველად აპლიკაცია სავაჭრო გზამკვლევის მსგავსი იყო, მომხმარებლები ერთმანეთს თავიანთი შენაძენების შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ და რეკომენდაციებს გასცემდნენ. 2018 წელს აპლიკაციაში ჩინეთის მსხვილმა კომპანიებმა, Tencent-მა და Alibaba Group-მა 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და RedNote-იც საერთაშორისოდ ცნობილი და გამოყენებადი პლატფორმა გახდა.

აქამდე აპლიკაციას მხოლოდ ჩინელები იყენებდნენ და იმის მიუხედავად, რომ ენის შეცვლა მარტივადაა შესაძლებელი, კონტენტის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ჩინურ ენაზე იდებოდა. მას შემდეგ, რაც TikTok-ის მომხმარებლები აქტიურად გადავიდნენ RedNote-ზე, ჩინური აპლიკაციის შემქმნელებიც ცდილობენ მაქსიმალურად დახვეწონ და გაამარტივონ ინგლისურენოვანი ადამიანებისთვის პლატფორმის მოხმარება. კომპანიისთვის ეს გლობალური პოპულარობა სასიამოვნო სიურპრიზია და პოტენციური გზაც, რომ TikTok-ის მსგავსი საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს.