#პოლიტიკა #საზოგადოება

აშშ TIKTOK-ისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

ოთხშაბათს, 13 მარტს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის აპლიკაციის, TikTok-ის აკრძალვას აანონსებს. აკრძალვა ამაერიკის ყველა შტატზე გავრცელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი.

ეს პროცესი ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გაიყვანს ამერიკის იდეოლოგიას და მის სახელს საერთაშორისო ასპარეზსა თუ ამერიკელი მოსახლეობის თვალში. 

tiktok

 

ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ორივე მხარე, რომელიც ამ პროცესის წამყვან ხაზს წარმოადგენს და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ამერიკის უმაღლესი სენატის საბოლოო ვერდიქტს.

რა არის ცნობილი ამ ეტაპზე?

კანონპროექტს პალატის წევრებიდან 352 მომხრე და 65 წინააღმდეგი ჰყავდა, მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა კი დემოკრატები იყვნენ. ეს ბევრის მთქმელი სიტყვებია, პარტიების ერთსულოვანი გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის აუცილებლად მოაწერს ხელს კანონს, თუ ის მის მაგიდაზე აღმოჩნდება.  

კანონპროექტის მხარდამჭერი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ TikTok ეროვნული უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. ამის მიზეზი კი ტიკტოკის დიდი წილის მფლობელი და ე.წ. მშობელი კომპანია - ByteDance-ია. ის ჩინეთის წარმომადგენელია და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ციფრული აპლიკაციის მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის უფლებას აძლევს.  

CNN-თან ინტერვიუში ჟურნალისტი კონგრესმენს ესაუბრება და თავისი კითხვის ფორმირებისთვის ამერიკელი ტიკტოკერების ვიდეოებს იყენებს: ტიკტოკის მომხმარებლების უმეტესობა Gen Z თაობის წარმომადგენელია, რომლებსაც ხმის მიცემის შესაძლებლობა უკვე აქვს მომხმარებელთა იმ 45%-თან ერთად, რომლებიც უფრო დიდ თაობას წარმოადგენენ.

გამოდის რომ ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტიკტოკი შემოსავლის წყარო, ურთიერთობების დამყარების იდეალური პლატფორმაა და კონგრესს სურს რომ ეს გარემო და შესაძლებლობები წაართვას თავისივე მოსახლეობას?

კონგრესმენი კი პირდაპირ აცხადებს - "არა ჩვენ ეს არ გვსურს". კანონპროექტის მიხედვით, TikTok აშშ-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში აიკრძალება, თუ ის არ შეწყვეტს თანამშრომლობას ByteDance-თან. კანონპროექტი ByteDance-ს დაახლოებით ხუთ თვეს მისცემს TikTok-ის თავისი პროცენტული წილის გასაყიდად.

თუ ამ დროისთვის არავინ იყიდის ტიკტოკს, ის Apple-სა და Google-ის აპლიკაციების სიიდან გაქრება.

tiktok, ტიკტოკი

TikTok-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კანონი მისი მომხმარებლების გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებაზე "თავდასხმად" შერაცხა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპროექტს "ბულინგის აქტი" უწოდა. X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ ვიდეოში, აღმასრულებელმა დირექტორმა, Shou Chew-მა მადლობა გადაუხადა TikTok-ის მომხმარებლებს და თქვა, რომ კომპანია მონაცემთა უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და პლატფორმის გარე მანიპულაციისგან დასაცავად დიდ ინვესტიციას გაიღებს. მან ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ეს კანონი მილიარდობით დოლარს წაართმევს ამერიკელ მცირე ბიზნესმენებს. 

ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ოდესღაც პლატფორმის აკრძალვის მომხრე იყო, ახლა მოპირდაპირე პოლუსზე დგას. სავარაუდოდ, იმ ზეწოლის გამო, რომელსაც მასთან ერთად, მთელი ქვეყანა გრძნობს ახალგაზრდა ამომრჩევლებისგან.

tiktok, ამერიკა, ტიკტოკის აკრძალვა ამერიკაში, აშშ, კონგრესი

თითქოს ეს კანონპროექტი ზღაპარივით ჟღერს: ამერიკა თავს დააღწევს ჩინელი კომუნისტების დაზვერვას და ტიკტოკის სათავეში მისთვის სასარგებლო კომპანიას მოაქცევს, მაგრამ ასე მარტივი სულაც არ არის ტიკტოკის შესყიდვა.

ვინ უნდა იყიდოს აპლიკაცია?

თუ იქნება ეს Amazon, Microsoft, Google ან Meta, ეს ამერიკის კანონმდებლებში უარყოფით რეაქციას გამოწვევს, რადგან ოთხივე უდიდესი კომპანია, ბოლო წლებში ანტიმონოპოლიური კონტროლის ქვეშ მოექცა. გემახსოვრებათ, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა და ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, თითოეულ მათგანს აშშ-ს კონკურენციის კანონის სავარაუდო დარღვევისთვის უჩივლა.

ტიკტოკი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან მხოლოდ ამერიკაში არ ასოცირდება. 2020 წლის ივნისში, ინდოეთ-ჩინეთის საზღვარზე ძალადობრივი შეტაკების შემდეგ, რომლის შედეგადაც სულ მცირე 20 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა, ნიუ-დელის მთავრობამ მოულოდნელად აკრძალა TikTok და რამდენიმე სხვა ჩინური აპლიკაცია. ამან დიდი ზარალი მოუტანა ინდოეთის მოსახლეობას, რომლებიც მართალია გადავიდნენ ინსტაგრამ და იუთუბ პლატფორმებზე, თუმცა ტიკტოკის უნიკალური ალგორითმის გარეშე, ისეთივე წარმატების მიღწევა უმრავლესობას გაუჭირდა. 

უკვე ვახსენეთ, რომ ამ კანონპროექტის განხილვისას ამერიკის, როგორც ქვეყნის სახელი ბეწვის ხიდზე გაივლის, და ამ თემის ყველაზე საინტერესო ასპექტი სწორედ ეს გახლავთ. ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იძლევა გამოხატვის თავისუფლების გარანტიას.

კონგრესი კრძალავს პრესის ან ცალკეული პირების სიტყვის თავისუფლების უფლების შეზღუდვას.

ხოლო მეხუთე შესწორება გვეუბნება, რომ ნებისმიერი სასამართლო პროცესი უნდა განუდგეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მოქალაქის სიცოცხლეს, თავისუფლებას და საკუთრებას უარყოფს. 

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სიტუაციას აფასებენ, როგორც ყველაზე დიდ ცენზურის აქტს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, და შეზღუდვას ამერიკის მოქალაქეების უფლებისა, მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველი, ნებისმიერი წყაროდან. ფედერალურ მთავრობას სურს ამერიკის მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, დაიცვას ჩინეთის გავლენისგან და ამას სოციალური ქსელის აკრძალვით აპირებს. ამ არგუმენტს პასუხად მოწინააღმდეგეები უყენებენ ფაქტს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ამერიკის მიწებს აქტიურად ყიდულობს, ამაზე რეაქცია კი მინიმალურია. 

ბოლო კვლევების მიხედვით, ჩინეთის ინვესტიციები ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ბოლო ათ წელიწადში 81 მილიონიდან 1.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ინვესტორები ამერიკელი მოსახლეობის საკვების წარმოებაში დიდი წილის მფლობელები არიან. რას იზამს შემდეგ ამერიკის კონგრესი? შეზღუდავს მიწების ჩინეთის ინვესტორებზე გაყიდვას, აღარ დააფინანსებს ჩინელი წარმომავლობის მეცნიერების და სტუდენტების აკადემიურ საქმიანობას? შეზღუდავს იმპორტულ და საექსპორტო ურთიერთობებს ჩინეთთან? ალბათ ეს ძალიან შორი მომავლის პერსპექტივაა. მაშინ სად დგება ზღვარი ჩინეთის კომუნიზმსა და ამერიკის დემოკრატიას, თავისუფლებას შორის? ხომ არ არის საფრთხე დაემსგავსოს ამერიკა იმ ქვეყანას, რომელიც მისი ყველაზე დიდი მტერია? 

აშშ, კონგრესი, ტიკტოკი, tiktok, ტიკტოკის აკრძალვა

ჩინეთის მთავრობა თავად აწარმოებს სოციალური მედიის ცენზურის პოლიტიკას, ამიტომაც ირონულია მათი ყოველი განცხადება იმის შესახებ, რომ კონგრესის ტიკტოკისადმი დამოკიდებულება ბულინგის აქტია. ჩინეთის მთავრობა ცენზურას უწესებს ყველა იმ შინაარსის ვიდეოს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის მორალურ და კულტურულ ნორმებს, ან ყველაფერს, რასაც პარტია მიიჩნევს, რომ უარყოფს სახელმწიფოს ოფიციალურ იდეოლოგიას. 

კანონმდებლობის მომხრეებისთვის კი ამერიკის მომავლის საკითხი სასწორზე დგას.

ტიკტოკის ალგორითმი საშიში რამ არის მათთვის, რადგან ის აკონტროლებს მომხმარებლის თითოეულ ქცევას, მათ შორის თითის მოძრაობასაც კი და ახალგაზრდა, თინეიჯერ მომხმარებელს აპლიკაციაზე დამოკიდებულს ხდის. მეორე მხრივ, რიგით ადამიანებს აძლევს საშუალებას თავიანთი მცირე ბიზნესი, საქმიანობა, ნიჭი გააცნონ ფართო საზოგადოებას. ტიკტოკის აკრძალვა ფაქტობრივად ამერიკელების შემოსავლის წყაროს ჩაკეტვას მოასწავებს. ამერიკელი კონგრესმენების თქმით კი, ისინი ტიკტოკის წინააღმდეგ არ იბრძვიან და ამ კანონპროექტს სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის ემსახურება ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დაცვას და კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებას. 

საბოლოოდ კი რთულია, ამოვირჩიოთ თუ რომელი მხარის არგუმენტებია უფრო მყარი, რადგან სიმართლის მარცვალი ორივეში მოიპოვება. მხოლოდ ის დაგვრჩენია, ველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას და ვიმედოვნოთ, რომ ის კონსტიტუციის შესაბამისი იქნება. 

ზევით