როგორ ფიქრობთ, ადამიანი ბუნების ნაწილია, თუ ბუნებაში მცხოვრები უცხო სხეული? ეს ის შეკითხვაა, რომელზე პასუხიც ცალსახა ვერასოდეს იქნება. ხშირად, ადამიანსა და ბუნებას შორის დამაკავშირებელის როლს ხელოვნებაა ასრულებს და მსგავს კითხვებზე პასუხის საპოვნელად ხელოვნებას მივაკითხავთ-ხოლმე. ადამიანისა და ბუნების კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებაზე გვიყვება გამოფენა "მდელო ნადავლისთვის", რომელიც 13 სექტემბერს, გალერეა ართბითში გაიხსნა.
ანა გზირიშვილის ინსტალაცია. ფოტო: ართბითის facebook გვერდი
გამოფენა სამ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან კონცეპტუალურად დაკავშირებულ მხატვრულ პრაქტიკას აერთიანებს. წარმოდგენილი იქნება ნინა კინწურაშვილის ფერწერა, შარლ დეიეჟიტერის რელიეფური, ანთროპოლოგიური, თუ სკულპტურული ფორმები და ანა გზირიშვილის სკულპტურული ინსტალაციები.
სხვადასხვა მედიუმების საშუალებით, არტისტები იკვლევენ იმ რთულ სტრუქტურას, რომლის შიგნითაც ადამიანი ბუნებრივ სამყაროსთან ჰარმონიას ეძებს და თან მას როგორც რესურსს, ისე აღიქვამს. ერთი მხრივ, ადამიანში არსებობს სურვილი, დაუკავშირდეს ბუნებას, იპოვოს თავისი ადგილი მასში, მეორე მხრივ კი, იგი ბუნების ინსტრუმენტალიზაციასა და ობიექტივიზაციას ეწევა. ადამიანისა და ბუნების ორაზროვან სივრცეში რთული გასარკვევია, ვინ არის ნადირი და ვინ მონადირე. ამ დუალიზმში ფორმირდება კულტურული ლანდშაფტები და არსებობს ბუნებრივი ეკოსისტემები.
ანა გზირიშვილი მულტიმედია არტისტია, რომელიც ბერლინსა და თბილისში მუშაობს. ანას ნამუშევრებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მეორადი ჩანთების, თუ ნაპოვნი ავეჯის შერწყმით შექმნილი ინსტალაციებია.
ნინა კინწურაშვილი თბილისში მოღვაწე ინტერდისციპლინარული ხელოვან და ფერმწერია. ნინას აბსტრაქტული ნამუშევრების დიდი ნაწილი საქართველოს ისტორიის შესახებ დაშიფრული კოდებია. მისი შემოქმედება მკვეთრი ფერებითა და არამკვეთრი ფორმებით გამოირჩევა. ნინა არქეოლოგიური ობიექტების მონახულებისა და საველე გასვლების შემდეგ, საქართველოს წარსული ეპოქებისგან შემონახულ აჩრდილებს აგროვებს და შემდეგ ტილოზე გადმოაქვს.
ნინა კინწურაშვილი, Mute Things, ართბით გალერეა 2023 წელი
ხოლო შარლ დეიეჟიტერი ბელგიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დეიეჟიტერის შემოქმედება ისეთ კონტრასტულ თემებს იკვლევს, როგორიცაა პოპულარული კულტურა და ანთროპოლოგია. არტისტი ამ ორ კონსტრუქტს შორის საზღვრებს ანგრევს და ანთროპოლოგიური არტეფაქტებისა და რიტუალების დღევანდელობასთან შესაბამისობასა და აქტუალობას უსვამს ხაზს.
შარლ დეიეჟიტერის გამოფენა Tatjana Pieter-ში, გენტი, ბელგია 2022
ამ სამი, ერთმანეთისგან განსხვავებული არტისტის შემოქმედებიდან გამოფენისთვის შერჩეული ნამუშევრები ერთ ამბავს ჰყვება და საერთო სიუჟეტში ფაზლის ნაწილებით ჯდება. გამოფენაზე ტრადიციულად გაგებული ხელოვნების ჟანრები ახალ განსაზღვრებებსა და პერსპექტივებს იძენენ. შერჩეული ნამუშევრები საერთო ჯამში ბუნებასა და კულტურას შორის კომპლექსურ მიმართებას წარმოაჩენენ.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
თებერვალი სერიალების მოყვარულებისთვის საუკეთესო თვე გამოდგა. სტრიმინგ პლატფორმებზე გამოჩნდა დრამა, კომედია, საკულტო შოუების ახალი სეზონები და საინტერესო ეკრანიზაციები. ამ სტატიაში საუკეთესო პრემიერების სია მოგიმზადეთ, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.