სერიალების მოყვარულებისთვის თებერვალი საინტერესო პრემიერებით დატვირთული თვე იყო. ვიხილეთ ლიტერატურული კლასიკების ადაპტაციები, დრამაში გახვეული კომედიები და საკულტო შოუების ახალი ეპიზოდები. The Diary-მ ამ თვეში გამოსული საინტერესო და აუცილებლად სანახავი სერიალების სია მოგიმზადათ.
Miss Austen
ჯეინ ოსტინის გარდაცვალების შემდეგ, მისმა დამ, კასანდრამ, ჯეინის უამრავი პირადი წერილი დაწვა, რაც ოსტინის თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. კასანდრას მიზანი დის ცხოვრების კონფიდენციალურობის დაცვა იყო.
„Miss Austen“ სწორედ ამ ისტორიას ეხმიანება და ჯილ ჰორნბის ბესტსელერის ეკრანიზაციაა. ავტორი ცდილობს წარმოიდგინოს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ წერილებში, რაზე წერდა ოსტინი, ვინ იყვნენ ადრესატები და ა.შ. სერიალს ძლიერი ქასთი ჰყავს: ზრდასრული კასანდრას როლს Keeley Hawes ასრულებს, ახალგაზრდა კასანდრას Synnove Karlsen, ხოლო ახალგაზრდა ჯეინ ოსტინს Patsy Ferran განასახიერებს. სერიალში ასევე მონაწილეობენ Alfred Enoch (ალფრედი How to Get Away with Murder-დან შეიძლება გახსოვდეთ) და Max Irons, რადგან, განა ვინმეს წარმოუდგენია ოსტინის ისტორიები რომანტიკის გარეშე?
Hawes-მა The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა: „ერთი შეხედვით, ეს კლასიკური კოსტიუმირებული დრამაა, რომელიც „სიამაყე და ცრურწმენის“ მსგავსია. თუმცა, განსხვავებით თანამედროვე ეკრანიზაციებისგან, როგორიცაა „Bridgerton“, „Miss Austen“ ოსტინის სტილს ერთგულად მიჰყვება, რაც მის თაყვანისმცემლებს ნამდვილად გაახარებს.“
სერიალის პრემიერა 2 თებერვალს BBC-ზე შედგა, ხოლო 4 მაისს PBS-ზე აშშ-ში გამოვა.
Apple Cider Vinegar
კეილტლინ დევერიმ ბრწყინვალედ შეასრულა როლები როგორც კომედიურ („Booksmart“), ისე დრამის ჟანრში („Unbelievable“). ამჯერად ის ნამდვილ ისტორიაზე დაფუძნებულ შავ კომედიაში მონაწილეობს, რომელიც ამავდროულად სავსეა დრამატული სიუჟეტებით.
სერიალი ბელ გიბსონის ისტორიაზეა, ავსტრალიელი ინფლუენსერის, რომელმაც მსოფლიო დაარწმუნა, რომ კიბო ჰქონდა და მის მიერ შემუშავებული „ბუნებრივი მეთოდებით“ განიკურნა. ამ ტყუილით მან ფინანსური იმპერია შექმნა, ათასობით ადამიანს მიჰყიდა ონლაინ აპლიკაცია და „ჯადოსნური“, მკურნალი რეცეპტებით სავსე კულინარიული წიგნი. თუმცა, საბოლოოდ მისი სიმართლე გამჟღავნდა.
გიბსონის გარდა, სერიალი ოთხ სხვა ქალზეც მოგვითხრობს: ერთ-ერთი მისი მოტყუებული მიმდევარია, მეორე კი გიბსონის ბიზნეს კონკურენტი. მოქმედება 2010-იანი წლების დასაწყისში ვითარდება, როცა ინსტაგრამი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და სოციალური მედიის გავლენა სულ უფრო იზრდებოდა. სერიალი ჰგავს „Inventing Anna“-ს, Netflix-ის ჰიტს, სადაც ჯულია გარნერი თაღლით ანა დელვეის როლს ასრულებს.
Clean Slate
ეს სერიალი ლეგენდარული პროდიუსერის, ნორმან ლირის ერთ-ერთი ბოლო პროექტია, სადაც ლავერნ კოქსი მთავარ როლში გვევლინება.
კოქსი თამაშობს Desiree-ს როლს, ნიუ-იორკის სამხატვრო გალერეის მფლობელს, რომელიც წარმატებული ბიზნესის კრიზისში ჩავარდნის შემდეგ მშობლიურ ალაბამაში ბრუნდება. მამამისი, რომელიც ავტოსამრეცხაოს ფლობს, 23 წლის შემდეგ პირველად ხვდება შვილს და არ იცის, რომ მისი შვილი ახლა ტრანსგენდერი ქალია.
„Clean Slate“ კლასიკური სიტკომის სტილშია გადაღებული, სადაც ოჯახური კომედია თანამედროვე თემებს ერწყმის. სერიალის პრემიერა 6 თებერვალს Amazon Prime-ზე შედგა.
Yellowjackets (მე-3 სეზონი)
ორი წლის შესვენების შემდეგ ბრუნდება ცნობილი დრამა, რომელიც საავიაციო კატასტროფაში მოხვედრილი თინეიჯერების საფეხბურთო გუნდის ფათერაკებით სავსე ცხოვრებას აღწერს.
წინა სეზონებში გმირების გადარჩენისთვის ბრძოლა ვიხილეთ, ზოგიერთი კი კანიბალიზმის გზასაც დაადგა. ამ სეზონში გმირები უკვე მოზრდილები არიან და ცდილობენ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ გამოიარეს, ჩვეულებრივი ვეღარაფერი იქნება. მესამე სეზონში ყურადღება Lottie-ს (Simone Kessell) კულტზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე გადადის.
პრემიერა 14 თებერვალს Paramount Plus- და Showtime-ზე შედგა.
The White Lotus (მე-3 სეზონი)
„რაც ხდება ტაილანდში, რჩება ტაილანდში" - მაიკ უაიტის დრამატული კომედია ამჯერად ტაილანდში გვამოგზაურებს. ახალი სეზონი კვლავ მდიდრულ კურორტზე და მის სტუმრებზე მოგვითხრობს, მაგრამ ამჯერად ისედაც დაძაბულ და უცნაურ გარემოებებს ახალი ელემენტები – მაიმუნები და გველები – ემატება.
ახალ სეზონში ბრუნდება ბელინდა (ნატაშა როტველი), სპა-მენეჯერი პირველი სეზონიდან. სტუმრებს შორის იქნებიან სამი მეგობარი, რომლებიც გოგონების მოგზაურობაში არიან – კერი კუნი, მიშელ მონაჰანი და ლესლი ბიბი. ასევე, სერიალში ჩნდება დაქორწინებული წყვილი, რომელსაც ჯეისონ აიზეკი და პარკერ პოზი ასრულებენ.
ქასტს უერთდება K-pop ჯგუფ Blackpink-ის ვარსკვლავი, ლისა მანობანი, რომელიც სერიალში მუკის, გამაჯანსაღებელი მწვრთნელის როლს ასრულებს.
Win or Lose
Pixar-ის ახალი ანიმაციური სერიალი საშუალო სკოლის სოფტბოლის გუნდის, პორტლანდ პიკლსის, ისტორიას მოგვითხრობს. ისინი ჩემპიონატისთვის ემზადებიან. სპორტული გუნდის მწვრთნელს, დენს, უილ ფორტე ახმოვანებს.
სერიალის თითოეული ეპიზოდი სხვადასხვა პერსონაჟზეა ფოკუსირებული – მოთამაშეებზე, მათ მშობლებსა და მწვრთნელებზე, რაც მაყურებელს ერთ ამბავზე განსხვავებული პერსპექტივების დანახვის შესაძლებლობას აძლევს.
თუმცა, შოუ საზოგადოების განხილვის საგანი საინტერესო შინაარსის გარდა, დისნეის ცენზურის მიზეზით გახდა. ის ფრაზები, რომლებითაც ერთ-ერთ პერსონაჟს ტრანსგენდერად აღწერდნენ, საბოლოო ვერსიიდან ამოჭრეს. შანელ სტიუარტმა, 18 წლის ტრანსგენდერმა მსახიობმა, რომელიც ამ პერსონაჟს ახმოვანებს, ღიად გამოხატა იმედგაცრუება. მისი თქმით, სურდა, რომ თავისი გამოცდილება გაეზიარებინა და სხვა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის მოტივაცია ყოფილიყო. Disney-მ მოგვიანებით განმარტა, რომ ამგვარი თემების განხილვა სურდათ მშობლებისა და შვილების პირად საუბრებსა და ურთიერთობებში დაეტოვებინათ.
სერიალის პრემიერა 19 თებერვალს Disney+-ზე შედგა.
Suits: LA
Suits, სერიალია, რომელმაც 2011-2019 წლებში მაყურებლების სიყვარული მოიპოვა, შემდეგ კი, 2023 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა Netflix-ზე. მისი პოპულარობა შესაძლოა მეგან მარკლის, სასექსის ჰერცოგინიისა და სამეფო ოჯახის წევრის, მონაწილეობამაც განაპირობა, თუმცა სპინოფში მარკლი არ გამოჩნდება.
Suits: LA-ში ახალი მთავარი გმირი Ted Black (სტივენ ადამ ამელი) გვყავს – ყოფილი პროკურორი ნიუ-იორკიდან, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში პრესტიჟულ იურიდიულ ფირმას მართავს და სისხლისა და შოუ-ბიზნესის სამართალშია სპეციალიზებული. ორიგინალი შოუდან ერთადერთ პერსონაჟს, ჰარვი სპექტერს ვიხილავთ (გაბრიელ მახტი), რომელიც რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდება.
პრემიერა დღეს, 23 თებერვალს NBC-ზე შედგება.
Zero Day
20 თებერვალს რობერტ დე ნიროს მონაწილეობით ახალი პოლიტიკური ტრილერის პრემიერა შედგა.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ამერიკაში, როცა კიბერთავდასხმა აშშ-ს ანადგურებს და ადამიანთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ მალენი (დე ნირო) კი დანაშაულის გამოძიებას სათავეში უდგება. მას წინ უამრავი დაბრკოლება ელის – ძლიერი ტექნოლოგიური კომპანიების, უოლ სტრიტის, პოლიტიკური მეტოქეებისა და დეზინფორმაციის ტალღის სახით.
კონი ბრიტონი მალენის ყოფილი აპარატის უფროსის როლში გვევლინება, ჯესი პლემონსი კი – ამბიციურ თანაშემწეს განასახიერებს. ჯოან ალენი მალენის მეუღლეს ასრულებს, ხოლო ლიზი კაპლანი – მათი ქალიშვილის როლს, რომელიც კონგრესის წევრია. ანგელა ბასეტი აშშ-ის პრეზიდენტს ასახიერებს. სიუჟეტი სიმართლის გამოაშკარავების გზაზე წარმოქმნილ სირთულეებს ეხება. დე ნირო თავის პერსონაჟს აღწერს, როგორც გულწრფელ ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.
2025 წლის ოსკარების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები – Anora-ს ტრიუმფი, მაიკი მედისონის და ედრიენ ბროუდის გამარჯვებები, ტექნიკური კატეგორიების ლიდერი Dune: Part Two და სხვა საინტერესო დეტალები.
წლევანდელ SAG Awards-ზე „Lifetime Achievement“-ის ჯილდო ჯეინ ფონდამ დაიმსახურა. პრიზების გარეშე არ დარჩენილან ტიმოთი შალამე, დემი მური თუ ზოი სალდანა. წაიკითხეთ დაჯილდოების მთავარ მომენტებზე ჩვენს სტატიაში.
"მოდის სტრატეგიული კომუნიკაცია" – ორ თვიანი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც გაწვდით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოდის ჟურნალისტიკაში, ფოტოგრაფიაში, სტაილინგში და სოციალური მედიის სტრატეგიებში.