25 თებერვლიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მასშტაბურ გამოფენას - 1910-1932 წლების ქართულ მოდერნიზმს და თბილისურ ავანგარდს წარმოგვიდგენს. გამოფენის ფარგლებში იმ ხელოვანების 403 ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი, რომელთა არტისტული საქმიანობაც 1930-იანი წლებიდან აიკრძალა, მათი გვარებიც კი მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოიშალა და 70 წლის განმავლობაში მივიწყებასაც კი მიეცა.
ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული ათწლეული: 1910-იანი წლების პირველი ნახევარი, ერთგვარი მზადება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მოგვიანებით მიღწეული სამწლიანი დამოუკიდებლობა, რომელიც 1921 წელს რუსეთის ანექსიით სრულდება. საქართველო კარგავს დამოუკიდუბლობას, ის საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა ხდება თავისი დრამატული პოლიტიკური და კულტურული შედეგებით.
ლადო გუდიაშვილი, 1918 წელი
1910-იანი წლები, მიუხედავად მთელი რიგი ფაქტორებისა: მძიმე დროის, სიღარიბის, პირველი მსოფლიო ომის, რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების, მაინც იმედიანი იყო, რამაც გაამართლა - ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. ესაა სიყმაწვილის და სილაღის პერიოდი, რომელმაც 1917 წლიდან არტისტული კაფეების ეპოქა შექმნა თავისი მუდმივადი ხმაურიანი და უცნაური რიტორიკით. არტისტულ კაფეებსა და, სხვათა შორის, დუქნებში მიდიოდა თბილისური მოდერნიზმის/ავანგარდის ცხოვრება; აქ იკრიბებოდნენ ფუტურისტები/დადაისტები, სიმბოლისტები, აკმეისტები, კუბო-ფუტურისტები, ზაუმნიკები - ყველანი ერთად... აქ იმართებოდა გამოფენები, კონცერტები, თეატრალიზებული და ლიტერატურული საღამოები, მსახიობების ბენეფისები. კაფეები ექსპერიმენტულ ლაბორატორიებად იქცნენ.
შალვა ქიქოძე, 1920 წელი
1921 წელი დრამატულია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ხელოვნებაც პოლიტიკური იდეოლოგიის ერთი მთავარი იარაღი ხდება. ასე რომ, ამ წლიდან საქართველოში მთავრდება სახელოვნებო, სალიტერატურო გარემოს სიყმაწვილის პერიოდი, რასაკვირველია, არტისტული კაფეების ეპოქაც სრულდება. ყველა კაფე იხურება.
„გამოფენისთვის მივმართეთ ასიმეტრიული ექსპოზიციის პრინციპს. და, რაც მთავარია, გამოვიყენეთ დიმიტრი შევარდნაძის მიერ ამ სივრცეში 1919-1920 წლებში გამართული პირველი გამოფენების მოწყობის მეთოდი, რომლის ფოტომასალა ჩართულია ჩვენს ექსპოზიციაში, ასევე მოდერნისტული და ავანგარდული ხელოვნების თანადროული გამოფენების მოწყობის მეთოდოლოგია“ - ნათქვამია პრესრელიზში.
ალექსანდრე შერვაშიძე
ამ ერთმანეთისგან განსხვავებული ათწლეულების მოდერნიზმისა და ავანგარდის ერთ საგამოფენო სივრცეში განთავსება უაღრესად განსხვავებული მასალით საკმაოდ რთული აღმოჩნდა კურატორებისთვის, მათი სურვილი ხომ საზოგადოებისთვის, რაც შეიძლება ბევრი მასალის ჩვენება გახლავთ. ნაცნობი თუ უცნობი ნამუშევრების საჩვენებლად კურატორებმა დინამიკური საგამოფენო პროცესი აირჩიეს.
პეტრე ოცხელი, 1936 წელი
გამოფენაზე წარმოდგენილ მხატვრებს შორის არიან: ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, მიხეილ გოცირიძე, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ირინე შტენბერგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, პეტრე ოცხელი და სხვები.
გამოფენის ხანგრძლივობა - 25.02. 2022 - 20.04.2022
კურატორები: ნანა ყიფიანი, ნანა შერვაშიძე
თანაკურატორი: მარიამ დვალი
„საღამოობით ქუჩაში მეზობლები იკრიბებოდნენ და ომის სისასტიკეებზე ყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს - რუსეთის მიერ ჩადენილს“,- გაიცანით მარიამ აქუბარდია, ქართველი არტისტი, რომლის ნამუშევრებიც პირადი და კოლექტიური მეხსიერების ერთგვარი ნაზავი და ომისშემდგომი ცხოვრებისა და ადამიანური ტრაგედიების დოკუმენტაციაა.
მარიამ ახობაძის ხელოვნება ფსიქოლოგიურ პორტრეტებსა და ფიგურატიულ ფერწერას აერთიანებს. მისი უნიკალური ხედვა და ემოციური თხრობა მნახველს ისტორიის ერთ წამში მოხვედრის საშუალებას აძლევს, სადაც ფერები, ფორმები და სიჩუმე თავის ამბავს ჰყვებიან. The Diary ქართველ ფერმწერთან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ.