იორგოს ლანთიმოსი, თანამედროვე კინოს გენიალური რეჟისორი
იორგოს ლანთიმოსი ბერძენი რეჟისორია, რომელმაც თანამედროვე კინოს ენა შეცვალა. მისი ფილმები, იკვლევს ძალაუფლებას, გრძნობას და ადამიანურ ბუნებას ზუსტ და ორიგინალურ ფორმებში.
| ანა ციხელაშვილი |
„My name is Luka, with a k,“ – ასე გვეცნობა ნინი ფარსენაძის ფილმის მთავარი გმირი ლუკა და თავისი გვარის დამარცვლას იწყებს: „A l a v e r d a s h v i l i.“ ამ პატარა ჟესტში იმალება ემიგრანტებისთვის კარგად ნაცნობი გრძნობა – იყო განსხვავებული და იყო იმ გარემოში, სადაც შენს სახელს დამარცვლის გარეშე ვერავინ ჩაიწერს.
„აგვისტო“ – ასე ჰქვია ნინი ფარსენაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან კინოსურათს, სადაც მაყურებელი 2008 წლის აგვისტოს ნიუ-იორკში მოგზაურობს და იცნობს ემიგრანტ ბიჭ ლუკას, რომელიც ოცნებების ქალაქად წოდებულ მეგაპოლისში მწერლობაზე ოცნებობს. სწორედ იმ მომენტში, როცა ლუკა გამბედაობას იკრებს და სცენაზე თავისი ლექსის წასაკითხად ადის, იგებს, რომ საქართველოში ომი დაიწყო.

„აგვისტო“ არის ფილმი შორს ყოფნის ტკივილზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნიუ-იორკის პატარა სახაჭაპურეშიც კი ებრძოდე რუსეთს, ქართულ ეკლესიაში ლოცულობდე კილომეტრების იქით მყოფ დედასა და დისთვის, იყო ძალიან შორს, თუმცა მაინც ახლოს იმ ტკივილთან, რომელსაც ემიგრანტების უმეტესობა მუდამ თან დაატარებს.
ფილმში მთავარ როლებს ლაზარე ბზიაშვილი და ნანკა გელაშვილი ასრულებენ. ჩვენთან ინტერვიუში კი, ნინი გვიყვება იმ გამოცდილებაზე, რომელიც „აგვისტოს“ გადაღებისას დააგროვა.

ნინი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ პირველივე ნამუშევარში ამ ისტორიულ მომენტზე გესაუბრათ?
ნინი: სცენარის წერა რომ დავიწყე, პირველივე სიტყვა „აგვისტო“ იყო. ამ სიტყვას უკვე ისეთი დატვირთვა აქვს ქართულ მეხსიერებაში, რომ ფილმს სხვა სათაური ვერ მოვურგე. ომის დროს პატარა ვიყავი, მაგრამ მისი ხმა და ტკივილი მკაფიოდ შემომრჩა. წლების შემდეგ, უცხოეთში ცხოვრებისას ეკრანიდან ვუყურებდი თბილისის აქციებსა და დარბევებს, იმ ხალხს, რომელიც ქუჩაში იდგა ქვეყნის დასაცავად და გულით მინდოდა მათთან ვყოფილიყავი. სწორედ მაშინ ვფიქრობდი, თუ რა ძნელი იქნებოდა 2008 წელს ქართველი ემიგრანტებისთვის, როცა გაიგეს, რომ სამშობლოში ომი დაიწყო.
ამ ფილმით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ შეიძლება ქვეყანა, რომელსაც მთელი გულით ეკუთვნი, ვერ გაძლევდეს საშუალებას გვერდით დაუდგე, რადგან ბევრისთვის ემიგრაციაში წასვლა ერთადერთი გამოსავალია.
ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ფილმი ომზე, როგორც ისტორიულ მოვლენაზეა, მაგრამ ჩემთვის ის უფრო ერთი ოჯახის შიგნით არსებულ ურთიერთობაზე, გაუცხოებასა და შეურიგებლობაზეა.

როგორი იყო გადაღების პროცესი: მსახიობებისა და ლოკაციების შერჩევა, ემიგრანტებთან საუბრები?
ნინი: ეს პროცესი ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და ემოციური იყო. მინდოდა ნიუ-იორკი მაქსიმალურად ავთენტურად წარმოჩენილიყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც რომანტიზებული ფილმებიდან გვახსოვს.
მსურდა 2000-იანების ნიუ-იორკში, ბრაიტონ ბიჩში მცხოვრები უბრალო, ძლიერი და საინტერესო ქართველი ემიგრანტების ცხოვრება აღმებეჭდა, რომლებიც იშვიათად ხდებიან ეკრანის გმირები.
ლოკაციების და მსახიობების შერჩევის პროცესში ბევრ ემიგრანტს ვესაუბრე. ნიუ-იორკში ხალხი საოცრად გულღიაა და პირად ისტორიებს, ტკივილს და იქ ცხოვრების სირთულეებს მიყვებოდნენ. ამ საუბრებმა დამანახა, რას ნიშნავს სამშობლოდან შორს ყოფნა და როგორ ინახავს თითოეული ემიგრანტი საკუთარ ტრავმას ყოველდღიურობაში.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის სცენა, რომელიც ქართულ ტაძარში გადავიღეთ. ადრე, ნიუ-იორკ ტაიმსში წავიკითხე სტატია, სადაც აღწერილი იყო, როგორ იკრიბებოდნენ ქართველები 2008 წლის ომის დროს ბრუკლინში მდებარე ტაძარში. მომინდა ეს სცენა ფილმში გამეცოცხლებინა და ქართველი ემიგრანტების დახმარებით ესეც მოვახერხეთ. განსაკუთრებით დიდი დახმარება გაგვიწია ქალბატონმა მზია წულიკიძემ, რომელიც თავადაც მონაწილეობს ფილმში.

რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ფილმის შექმნის პროცესში, იდეიდან დასრულებულ ნამუშევრამდე?
ნინი: ყველაზე მეტად მიჭირდა ქართული გრძნობების ისე გადმოცემა, რომ უცხოელსაც ბოლომდე ეგრძნო. როგორ უნდა აუხსნა სხვას მონატრება, რომელიც სისხლშია გამჯდარი? ან როგორ უნდა გადათარგმნო საერთო ტკივილი უნივერსალურ ენაზე? მაგრამ ამ დროს მარტო არ ვიყავი, პროდიუსერი ტომას მადრიდი, კინემატოგრაფი კარლ სვენსონი, მხატვრული რეჟისორი თამარ ფარსენაძე და ქართველი ემიგრანტები დამეხმარნენ იმაში, რომ ეს ფილმი საერთო ამბად ქცეულიყო. ასევე ზამთრის სუსხში აგვისტოს იმიტაციის გადაღება იყო ურთულესი! ყველაზე მძაფრად მახსოვს ის დილა, როცა ლაზარეს მარტის დილის ხუთ საათზე ზღვაში შესვლა მოუწია. წყალი ისეთი გაყინული იყო, რომ თითოეული მოძრაობა თითქმის წამების ტოლფასი ხდებოდა. ეს ნამდვილად პროფესიონალიზმის დიდი მაგალითი იყო.
![]() |
![]() |
აპირებთ ფილმის საქართველოში ჩვენებას?
ნინი: დიახ, ძალიან მინდა „აგვისტო“ საქართველოში მაყურებელმა ნახოს და ამაზე ვმუშაობ. ახლა ფესტივალებზე ვაგზავნით და იმედი მაქვს საქართველოშიც დაინტერესდებიან.
რას უნდა ველოდოთ თქვენგან მომავალში? გეგმავთ კიდევ ფილმების გადაღებას, თუ სხვა შემოქმედებითი პროექტები გაქვთ?
ნინი: ფილმებზე მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ. ახლა პარალელურად ვმუშაობ სხვადასხვა შემოქმედებით პროექტზე, ვიდეოებზე, მუსიკაზე, დიზაინზეც. მაგრამ მომავალი პროექტი ისევ კინოში მინდა ვიპოვო, ისეთ ისტორიებში, სადაც ჩემი და ჩემი თაობის გამოცდილება გამოჩნდება – ყველაფერი ეს კი, ჩემი და თამარ ფარსენაძის შემოქმედებითი სტუდიოს, UNLESS-ის ფარგლებში განხორციელდება.