იორგოს ლანთიმოსი, თანამედროვე კინოს გენიალური რეჟისორი

არიან არტისტები, რომლებიც სამყაროს საუკუნეში ერთხელ ევლინებიან და მათ ძალუძთ შეცვალონ კაცობრიობის მსოფლმხედველობა. ვფიქრობ, ეს არის ხელოვნების უმაღლესი დანიშნულება – შექმნა ისეთი ნამუშევარი, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს, რომელსაც საუკუნეები შეინახავენ და რომელიც ადამიანურ არსებობას ახალ მნიშვნელობას შესძენს. სწორედ ასეთ ხელოვანად მივიჩნევ იორგოს ლანთიმოსს, ბერძენ კაცს, რომლის ვენებშიც იფეთქა ძველი საბერძნეთის შემოქმედებითმა სიდიადემ.

იორგოს ლანთიმოსი

იორგოს ლანთიმოსი ათენში 1973 წელს დაიბადა. თავდაპირველად ეკონომიკას სწავლობდა, შემდეგ კი კინოხელოვნებაში გადაეშვა, რაც სიმბოლურად ჟღერს. მისი კარიერა თავიდანვე იყო წინააღმდეგობა სისტემების მიმართ, ეკონომიკური, სოციალური, თუ მორალური თვალსაზრისით. ის გახდა იმ ტალღის ნაწილი, რომელსაც კრიტიკოსებმა მოგვიანებით „ბერძნული უცნაურობის ტალღა“ უწოდეს, რეჟისორთა თაობა, რომლებიც აბსურდიზმის საშუალებით ქვეყნის სოციალურ ბზარებს გამოხატავდნენ. ლანთიმოსიც ამ მოძრაობიდან დაიბადა. მან თავისი სამყაროები კონტროლის ლაბორატორიებად აქცია, სადაც ადამიანური ბუნება მეცნიერული სიზუსტით იშლება.

იორგოს ლანთიმოსი The Killing of a Sacred Deer​​​
კადრი ფილმიდან The Killing of a Sacred Deer​​​

ფილმმა Dogtooth (2009) ლანთიმოსი მსოფლიოს გააცნო. ოჯახის ისტორია, რომელიც რეალობისგან მოწყვეტილია და გამოგონილი ენისა და წესების მიხედვით ცხოვრობს, ერთდროულად საშინელია და ამავდროულად საოცრად ნაცნობი. ამ დისკომფორტს რეჟისორი განზრახ ქმნის. რეალიზმი მისთვის არასოდეს ყოფილა მიზანი, უფრო მეტად აინტერესებდა სისტემები, რომლებიც რეალიზმად გვევლინება. Dogtooth-ის გაგრძელებაა დისტოპიური ფილმი The Lobster, სადაც სიყვარული ადმინისტრაციულ მოთხოვნად იქცევა. მისი პერსონაჟები არ არსებობენ ბუნებრივად, ისინი ეწინააღმდეგებიან და თამაშობენ იმ უხილავ სტრუქტურებში, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობასაც იმეორებს.

'The Lobster' (2015) Starring: Colin Farrell, Rachel Weisz, Jessica Barden
კადრი ფილმიდან The Lobster

იორგოს ლანთიმოსის ფილმები მკაცრი დიზაინის შედეგია, რომელსაც ის სხვა ბერძნებთან ერთად – თიმიოს ბაკატაკისთან და იორგოს მავროპსარიდისთან ერთად ქმნის. მათ მიერ შექმნილ ვიზუალურ სამყაროს ლანთიმოსის ხელწერა ყოველთვის თან სდევს. ფართოკუთხიანი ობიექტივები პერსპექტივას ამახინჯებს, სიმეტრიული კადრები კი ემოციას ყოველგვარ სენტიმენტს უკარგავს. ეს განზრახ ჩანაფიქრია, რათა მაყურებელმა დაინახოს, როგორი გამოყურება გრძნობა, როცა მას ზედმეტი ფორმა წაართვი.

The Favourite, მთავარ როლებში ემა სტოუნი, ოლივია კოლმანი და რეიჩელ ვაისი
The Favourite, მთავარ როლებში ემა სტოუნი, ოლივია კოლმანი და რეიჩელ ვაისი

როდესაც ლანთიმოსმა ინგლისურენოვან კინოში გადაინაცვლა, თავისი ესთეტიკა უცვლელად გადაიტანა. The Favourite და Poor Things გვაჩვენებს, რომ სამეფო რევერანსებსა თუ ლაბორატორიულ ქილებში ერთი და იგივეა თემებია – თავისუფლება, სხეულის აღქმა, მეტამორფოზი. The Favourite-ში სამი ქალი ერთმანეთის გარშემო ბრუნავს, როგორც თეატრალური ქორეოგრაფიის ნაწილი. Poor Things-ში ბელა ბაქსტერი საკუთარ სხეულს თავიდან ქმნის სამყაროში, რომელიც მის თავისუფლებას შიშით უყურებს. ფილმი კლასიკურიცაა და ამავდროულად სუპერ თანამედროვე, მდიდრულიც და მეამბოხეც.

Poor Things, მთავარ როლებში ემა სტოუნი, უილემ დეფო და ვიკი პეპერდაინი
Poor Things, მთავარ როლებში ემა სტოუნი, უილემ დეფო და ვიკი პეპერდაინი

ლანთიმოსი არასდროს მიგვანიშნებს რას უნდა ველოდოთ, ის გვიტოვებს სივრცეს ფიქრისთვის და დაძაბულობაში გვტოვებს, მანამ, სანამ ყველაფერს ნათელი არ მოეფინება. მისი ფილმები არ ეხება სისასტიკესა და აბსურდს, არამედ იმას, თუ როგორ აქცევს მათ საზოგადოება დღის წესრიგად. 

ლანთიმოსის ფენომენალურობა არა მხოლოდ ვიზუალური სიზუსტეშია, არამედ იმაში, რომ მას ვერცერთ ჟანრს ვერ მიაკუთვნებ. მისი კინო ბერძნული აქცენტით საუბრობს, მაგრამ ამავდროულად მსოფლიო ენაზე ფიქრობს. მან დამოუკიდებელი კინორეჟისორის სულისკვეთების შეტანა კინოხელოვნებაში. მისი წარმატება, მათ შორის ოსკარის მრავალი ნომინაცია, ფესტივალის ჯილდოები და კრიტიკოსების ერთგულება, არა კომპრომისის, არამედ რწმენის ტრიუმფია.

იორგოს ნალთიმოსი, ოსკარი

ჩვენს ეპოქაში, როცა რეჟისორები უნივერსალობას განმეორებით ეძებენ, ლანთიმოსი ამას უნიკალურობით აღწევს. ბერძენი რეჟისორის ფილმის ყურება ნიშნავს სარკეში ჩახედვას, სადაც მხოლოდ გმირები კი არა, ჩვენც ვჩანვართ, შეზღუდულები, დაუცველები და სამყაროს არსის მნიშვნელობის მუდმივი მაძიებლები.

ზევით