ოქტომბრის ფილმები TheDiary-სგან

TheDiary ყოველ თვე გთავაზობთ ფილმების რჩეულ კოლექციას, რომლებიც არა მხოლოდ ჟანრით, არამედ განწყობითაც ასახავენ სეზონის ხასიათს. ოქტომბერს განსაკუთრებით უხდება ჰორორი, დრამა და ნოსტალგია, ალბათ ამიტომაც რეჟისორები ამ ჟანრის ფილმებს ყველაზე ხშირად შემოდგომაზე იღებენ. რედაქციამ მკითხველისთვის შეარჩია ფილმები, რომლებიც სხვადასხვა ხასიათის მაყურებლებს აერთიანებს, მათ, ვინც ეძებს ჰორორის ელემენტებს, ემოციურ დრამას ან უბრალოდ რომანტიკას.

POOR THINGS, ფსიქოლოგიური დრამა

poor things

ემა სტოუნის ბრწყინვალე როლი თავისუფლებასა და თვითშემეცნებაზე იორგოს ლანტიმოსის ფსიქოლოგიურ დრამაში Poor Things. სურეალისტური და ამავდროულად სიღრმისეული ფილმი გამორჩეულია ვიზუალურად და ემოციურადაც. ფილმში მთავარი გმირი საკუთარი სხეულისა და თავისუფლების მნიშვნელობას თავიდან ეცნობა. ეს არის ისტორია ქალზე, რომელიც ექსპერიმენტის შედეგია. თანამედროვეობის გენიალური მსახიობი, ემა სტოუნი როლში სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. მისი გმირი სირცხვილის გარეშე სწავლობს სურვილს, სიყვარულს და ძალას. იორგოს ლანტიმოსის ფილმი შეგვახსენებს, რომ თვითშემეცნება ხშირად წინააღმდეგობიდან იწყება.

GET OUT, ჰორორი

get out movie, horror

ჯორდან პილის ფსიქოლოგიური თრილერი მაყურებელს ყოველდღიური რეალობის შიშების წინაშე აყენებს. ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც შეყვარებულის ოჯახში ჩადის და თანდათან აღმოაჩენს, რომ იქ არაფერი არის ისე, როგორც ჩანს. სიუჟეტი ზუსტად ეხება რასიზმს, იდენტობასა და მიკერძოებულ სამყაროს, სადაც შიში ადამიანის ყოფის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

CALL ME BY YOUR NAME, მელოდრამა

call me by your name, ტიმოთე შალამე

ლუკა გუადანინოს ფილმი საზაფხულო რომანზეა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში ვითარდება. ფილმში ისტორია შემდეგნაირად ვითარდება: ამერიკელი სტუდენტი ზაფხულს პროფესორის ოჯახში ატარებს, სადაც მის შვილთან, ელიოსთან, დამეგობრდება. მათი ურთიერთობა ეტაპობრივად ტრანსფორმირდება და უბრალო მეგობრობა უფრო ღრმა გრძნობად იქცევა. ფილმი ზუსტად აჩვენებს ახალგაზრდობის დროის ბუნდოვან სურვილებსა და იმ ემოციას, რომელიც შემდეგ მხოლოდ მოგონებად რჩება.

THE OTHERS, ჰორორი

movie others, nicole kidman

ალეხანდრო ამენაბარის ფილმი ჰორორის კლასიკად მიიჩნევა. ნიკოლ კიდმანი აქ შესრულების უმაღლეს დონეს აღწევს. მისი პერსონაჟი შვილებთან ერთად ცხოვრობს იზოლირებულ სახლში, სადაც მოჩვენებები იჩენენ თავს. სიუჟეტი დრამატულად ვითარდება და საბოლოოდ ირკვევა, რომ რეალობასა და იმ სამყაროს შორის, სადაც გმირი ცხოვრობს, ზღვარი გაცილებით ბუნდოვანია, ვიდრე თავიდან ჩანს.

GANGS OF NEW YORK, დრამა

Gangs of New York, Leonardo DiCaprio, Daniel Day-Lewis, Cameron Diaz, Jim Broadbent, John C. Reilly, Henry Thomas, Liam Neeson, Brendan Gleeson, Gary Lewis, Stephen Graham

მარტინ სკორსეზეს ფილმში მე-19 საუკუნის ნიუ-იორკია ასახული, როცა ქალაქს ბანდები და ქუჩის კანონები მართავდა. ეს არის ისტორია იმაზე, როგორ ებრძვიან ერთმანეთს ძველი და ახალი ამერიკის წარმომადგენლები ძალაუფლებისა და გავლენისთვის. მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს, რომლის პერსონაჟი პირად შურისძიებასა და ქალაქის მომავლისთვის ბრძოლას შორის იკარგება. ლეონარდოს გარდა ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავების თითქმის სრული შემადგენლობაა ჩართული: დანიელ დეი-ლუისი,კამერონ დიასი, ლიამ ნისონი, ჯიმ ბროუდბენტი, ჯიმ ბროუდბენტი. 

Gangs of New York გამორჩეულია დრამატული ტემპით, რეალისტური ატმოსფეროთი და იმ ენერგიით, რომელიც სკორსეზეს სტილს თან ახლავს.

THE GRAND BUDAPEST HOTEL, კომედია

THE GRAND BUDAPEST HOTEL

უეს ანდერსონის ფილმი ფერებითა და დეტალებით გაჯერებული ვიზუალური სამყაროა. ძველი ევროპის ნოსტალგია იუმორს ერწყმის და ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ზღაპარს წააგავს. რალფ ფაინსი განასახიერებს პერსონაჟს, რომელიც წესრიგსა და ქაოსს შორის ბალანსს პოულობს.

BLACK SWAN, ფსიქოლოგიური დრამა

BLACK SWAN, ნატალი პორტმანი, შავი გედი

დარენ არონოფსკის ფილმი Black Swan ბალეტის სამყაროს რეალიების გარდა, იმაზეა, თუ როგორ ებრძვის ადამიანი საკუთარ შინაგან საზღვრებს. ნატალი პორტმანი ასახავს ქალს, რომელიც სრულყოფილების მიღწევას ცდილობს და თანდათან საკუთარ იდენტობას კარგავს. ფილმი სილამაზის ფასზეა, იმ ფსიქოლოგიურ წნეხზეა, რომელსაც მიზნისადმი უსასრულო დევნას მივყავართ.

ზევით