ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
ყალბი რეალობა, ერთი ადამიანის მიერ მართული სისტემა, სადაც ჭკვიანს გიჟად შერაცხავენ, მტერს მოყვრად და მოყვარეს მტრად, სადაც არ არსებობს ინდივიდუალიზმი და პირადი სივრცე, თუმცა გაბატონებულია შიში - ეს აღწერა ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ერგება. სამწუხაროდ, ძალიან ვცდებით, თუ გვგონია, რომ ასეთი სისტემები წარსულში, წიგნების ფურცლებსა და კინოთეატრების ეკრანებზე დავტოვეთ. ავტორიტარული მმართველობის ფორმა იმაზე ღრმა კვალს ტოვებს, ვიდრე გგონიათ. მაგალითად საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ (ჯერ კიდევ) დემოკრატიული სახელმწიფოა, მაინც არსებობს ხალხის ფენა, რომელსაც საბჭოთა კავშირის ანუ ტოტალიტარული რეჟიმის ნოსტალგია აქვს. დიახ, დიახ, არ მოგესმათ! სწორედ ამიტომ, 2024 წლის მიწურულსაც კი გვიწევს გავიხსენოთ და გაგახსენოთ თენგიზ აბულაძის ფილმი “მონანიება”, თუ ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი “1984”, რათა არ დავუშვათ, რომ ერთ დღესაც ისევ იმ რეალობაში გავიღვიძოთ, რასაც ეს გენიალური ნამუშევრები აღწერენ.
ჩვენ უკვე გესაუბრეთ ხელოვნების იმ შედევრებზე, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის სასტიკ რეალობას განასახიერებენ. ამ სტატიაში კი, იმ ფილმებს გაგაცნობთ, სადაც მხილება ხდება ასეთი სისტემის. დანარჩენი კი თქვენი გონებისთვის მიგვინდია.
Minority Report
2002 წლის ფილმი “Minority Report” აღწერს ისეთ მომავალს, სადაც დანაშაულის პროგნოზირება და პრევენციაა შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რომ პოლიცია აკავებს ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმსაჯულებას აქვს უნარი, იწინასწარმეტყველოს დანაშაულები და გაანეიტრალოს ჯერ არ შემდგარი დამნაშავე.
ფილმი მოგვითხრობს ჯონ ანდერტონზე, პრეკრიმინალურ ოფიცერზე, რომელსაც ტომ კრუზი განასახიერებს. მთავარი პერსონაჟი თავადვე ხდება სისტემის მსხვერპლი, რადგან მას იმ მკვლელობაში ადანაშაულებენ, რომელსაც მომავალში ჩაიდენს. მთავარი გმირი სიმართლეს ფარდას ხდის. სიუჟეტი თვალთვალზე, თავისუფლების შეზღუდვასა და კორუფციაზე აშენებული რეჟიმის სახეს ავლენს. ეს არის ფილმი ხელისუფლებაზე, რომელიც აკავებს უდანაშაულო ადამიანებს, მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების ილუზიის შესაქმნელად.
Equilibrium
ფილმი დისტოპიური სამყაროს იდეალური მაგალითია. აქ ემოციები აკრძალულია და გამომდინარე იქიდან, რომ მათი ქონა ადამიანური თვისებაა, ემოციების დათრგუნვა სპეციალური, სავალდებულო წამლის საშუალებით ხდება. საბედნიეროდ, მსოფლიოში ასეთი წამალი ჯერ არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხალხის დიდი ნაწილი სასტიკი ძალადობის მიმართ მაინც გულგრილი რჩება. მთავარი გმირი ჯონ პრესტონია, რომელიც ერთ დროს თავადვე ემორჩილებოდა და აღასრულებდა სისტემის დადგენილ კანონებს, ერთხელაც კი, როცა შემთხვევით წამლის საჭირო დოზას ვერ მიიღებს, რეალობის აღქმას იწყებს. ფილმი იმას გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობის შესანარჩუნებლად ემპათია.
451° ფარენჰაიტით
HBO-მ რეი ბრედბერის კლასიკა, “451° ფარენჰაიტით” დიდ ეკრანებზე კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ამჯერად ისეთ ტოტალიტარულ სისტემასთან გვაქვს საქმე, სადაც წიგნებია აკრძალული, მეტიც მათ სპეციალური “მეხანძრეები" წვავენ. წიგნებთან ერთად ნადგურდება აზრები, ისტორიები, სიმართლე და წარსული. სიუჟეტის ეპიცენტრშია ერთ-ერთი მეხანძრე, გაი მონტაგი, რომელსაც რეჟიმის პროპაგანდის მიმართ კითხვები მას შემდეგ უჩნდება, რაც მის ცხოვრებაში თავისუფალი, ჯერ კიდევ დაუმონებელი ქალი გამოჩნდება.
ფილმი ავტორიტარული რეჟიმის დასწავლილი ხერხის - ცენზურის შესახებ ერთგვარი გაფრთხილებაა.
ცენზურას მხოლოდ ერთი მიზნით აწესებენ - გააკონტროლონ ცოდნის მიღების ყველა წყარო, აღმოფხვრან განსხვავებული აზრის წარმოქმნის შესაძლებლობა და შექმნან საზოგადოება, რომელსაც მცდარისა და ჭეშმარიტის ერთმანეთისგან გარჩევაც კი აღარ შეუძლია.
Der Untergang
"Der Untergang" გერმანული ფილმია, რომელიც ადოლფ ჰიტლერის უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს. აი იმ დღეებზე, რომელიც დიქტატორმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ბუნკერში გაატარა. ფილმი დიქტატურის, როგორც დესტრუქციული და ამორალური ძალის წარმოჩენას ემსახურება. რეჟისორი ჰიტლერის გარემოცვის აღწერით იდეალურად გადმოსცემს ტოტალიტარიზმისა და ბრმა ლოიალობის არსს.
მონანიება
1984 წელს ქართველმა კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ სტალინურ ტერორს “მონანიება” მიუძღვნა. ცენზურის გამო, 2 წლიანი ლოდინის შემდეგ, 1986 წელს იგი საზოგადოებამ იხილა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. მაყურებლისთვის ეს ფილმი შემაძრწუნებელი სანახავია, რადგან ნათლად ასახავს ტოტალიტარიზმის დამანგრეველ გავლენას როგორც ინდივიდებზე, ისე მთლიან საზოგადოებაზე.
თენგიზ აბულაძე ალეგორიული სიუჟეტისა და სიურრეალისტური ელემენტების საშუალებით, გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ ერთპიროვნული ძალაუფლების პოლიტიკურ და მორალურ შედეგებს.
“მონანიება” უკვე იქცა ტოტალიტარული სისტემების მარადიულ კრიტიკად, რომლის ნახვის შემდეგაც გონებიდან ვერასდროს ამოვშლით დანაშაულზე, უსამართლობასა და სისხლზე აშენებული სახელმწიფოს სასტიკ სურათს.
სტალინის სიკვდილი
ბოლოსკენ, სტალინის, უფრო სწორად კი, მისი სიკვდილის შესახებ გადაღებული ფილმი გავიხსენოთ. 2017 წელს არმადო იანუჩიმ თავის ფილმში საბჭოთა ბელადის სიკვდილის შემდგომ ძალაუფლებისთვის დატრიალებული ქაოსი შავი იუმორით აღწერა. ეს ნამუშევარი სატირაა, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის აბსურდულობას გვაჩვენებს. ფილმში ზუსტადაა აღწერილი ჩინოვნიკების პარანოია, სისტემის შიში, უნდობლობა და მუდმივი მოლოდინი, რომ ის ვინც შენს გვერდით დგას, შეიძლება მოგიბრუნდეს და შუბლში ტყვია დაგახალოს. რეჟისორი იდეალურად ხატავს ტოტალიტარიზმის სახეს და ცხადყოფს, რომ ის მმართველობის ფორმა კი არა, არამედ მცირე ჯგუფის მიერ უმრავლესობაზე კონტროლის მოპოვების ძალადობრივი დანაშაულის სახეობაა.
ვონკა
ბონუსად 2023 წლის მიუზიკლზე, “Wonka”-ზე ვისაუბროთ. როალდ დალის წიგნის პერსონაჟი, ვილი ვონკა ლიტერატურის გამორჩეული ფიგურაა, თუმცა ნაკლები ვიცით მისი კარიერის საწყის ეტაპებზე. შოკოლადის მაგნატის ისტორიას გვიყვება ახალი მიუზიკლი, რომელშიც ვონკას ტიმოთი შალამე განასახიერებს. ეს არის ფილმი მეგობრობაზე, ერთობაზე, ოცნებებისა და სურვილების უკიდეგანო ძალაზე. მიუზიკლის სიუჟეტი ვონკას მოგზაურობას აღწერს, სადაც ის გაბედულად ეწინააღმდეგება შოკოლადის ბიზნესში გამეფებულ მონოპოლისტებს და ამტკიცებს, თუ როგორ შეუძლია კრეატიულობასა და სიკეთეს სიხარბეზე გამარჯვება. ტიმოთი შალამე განასახიერებს ინსპირაციულ ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე იმდენად უყვარს, რომ გარშემომყოფებსა და მაყურებლებს შეუპოვრობის მაგიურ ძალაში გვარწმუნებს. ფილმის მთავარი გზავნილიც ის არის, რომ იმ სამყაროშიც კი, სადაც უპირობო ძალაუფლება დომინირებს, საკუთარი მიზნების სინდისიერებითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ნათელი მომავლისკენ სწრაფვა ყოველთვის შესაძლებელია.