ოსკარები 2025: რას უნდა ველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე მნიშვნელოვან საღამოზე?
ოსკარები 2025 ახლოვდება! სულ რამდენიმე საათი და გავიგებთ, თუ ვინ მოიგებს საუკეთესო ფილმის, მსახიობისა და რეჟისორის პრიზებს.
„გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა". თუ კი ეს სიტყვები თქვენს თავთან და თქვენს ქვეყანასთან გააიგივეთ, მაშინ განგაშის დროა! ძალაუფლების მოყვარული მმართველები სხვადასხვა გზით მიისწრაფვიან ტოტალიტარიზმისკენ და ცდილობენ მაქსიმალური გავლენა მოიპოვონ ქვეყანაზე და მოსახლეობაზე.
"ტოტალიტარიზმმა, თუკი მას ღიად არ დავუპირისპირდებით, შეიძლება ყველგან გაიმარჯვოს", - ჯორჯ ორუელი.
რა არის ტოტალიტარიზმი და რა საფრთხეების მოტანა შეუძლია მას? გვსურს რომ კარგად განგიმარტოთ, რათა კითხვაზე პასუხი, რომელსაც მალევე დაგისვამთ, გქონდეთ. მოკლედ რომ აგიხსნათ, ეს პოლიტიკური რეჟიმის ისეთი ფორმაა, რა დროსაც სახელმწიფო სტრუქტურებს აბსოლუტური და ყოვლისმომცველი კონტროლი აქვთ ყველაფერზე. ტოტალიტარიზმი ძალაუფლებას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლისათვის იყენებს, მათ შორის: ოჯახი, რელიგია, განათლება, ბიზნესი, კერძო საკუთრება, თუ სოციალური ურთიერთობანი. ამ სისტემის ფასადის უკან, ადვილი აღმოსაჩენია განუკითხაობა, მართვის არაპროფესიონალიზმი და ხელისუფლებაში მოკალათებული კრიმინალური კლანები, რომლებიც სახელმწიფო საშუალებებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ. ტოტალიტარული რეჟიმი, როგორც წესი, ადამიანის უფლებების ყველაზე სერიოზული დამრღვევია, ვინაიდან სხვა რეჟიმებთან შედარებით უფრო ხშირად მიმართავს ომებსა და გენოციდს. ეს ყველაფერი რამეს ხომ არ გახსენებთ? აქვე მეზობლად მყოფ ტერორისტ ქვეყანას ხომ არა, შემთხვევით?!
ეს პოლიტიკური რეჟიმის ისეთი სახეა, რომლის დროსაც ფაქტობრივად ლიკვიდირებულია კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. ამ დროს იხშობა ნებისმიერი ოპოზიციური გამოსვლა და სხვაგვარად აზროვნება. ეს რამეს ხომ არ გახსენებთ? მაგალითად იმას, რომ ოპოზიციის გაქრობა მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლდათ და იმასაც ხომ არა, თუ როგორ არბევენ დღეს მშვიდობიან დემონსტრანტებს?! სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს და თქვენც პარალელის გავლების შესაძლებლობა მოგცეთ, მოკლედ და კონკრეტულად, ტოტალიტარიზმის დროს ერთი პირის, ანუ ბელადის ხელთ სრულად კონცენტრირდება სახელმწიფო ხელისუფლება. სახელმწიფოს ფორმა და ინსტიტუტები კი, როგორიც პარლამენტი, არჩევნები, რეფერენდუმი და სხვ. მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებენ და მათ მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისათვის გამოიყენებენ.
ტოტალიტარიზმის ახსნას აქ დავასრულებ და გადავალ წიგნზე, რომელიც ყველაზე საშიში პოლიტიკური რეჟიმის - ტოტალიტარიზმის აშკარა მხილებაა. და თუკი თქვენ ის დღემდე არ წაგიკითხავთ, რას ელოდებით, რას?!
ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის „1984“ ერთგვარი პოლიტიკური ბიბლიაა, რომელიც დღეს ყველა ქართველის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. რომანი ინგლისელმა მწერალმა 1948 წელს დაწერა, თუმცა მისი აქტუალობა არასდროს ნელდება. პოლიტიკური თემების და ისეთი ლოზუნგების, გაჟღერების გამო, როგორებიცაა:"ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა", წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საბჭოთა კავშირსა, თუ ჩინეთში იკრძალებოდა, მეტიც, წვავდნენ კიდევაც. თქვენ წარმოიდგინეთ და 2022 წელს ამ წიგნის გაყიდვა ბელარუსში აიკრძალა.
მაშ ასე, ამ დისტოპიურ რომანში არსებობს უკიდეგანოდ დიდი ქვეყანა, სახელად ოკეანია, რომელსაც პარტიის ერთპიროვნული ლიდერი „დიდი ძმა“ მართავს. დიდი ძმა ყველგანაა და ყველაფერს აკონტროლებს, რომელიც გამუდმებით უცქერს მოსახლეობას მონეტიდან, მარკებიდან, წიგნის ყდებიდან, დროშებიდან, თუ სიგარეტის კოლოფებიდან. ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებს და კრძალავს მთავარს - ფიქრს!
ოკეანიაში რეჟიმი კლავს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. თავისუფალი აზრის არა თუ გაჟღერება, მისი არსებობაც დაუშვებელია. პიროვნებები ქრებიან თავიანთი წარსულებით, ქრება მოგონებები და იკრძალება მათი გახსენება. ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება, პარტიის სიყვარულისკენ და დაწესებული კანონების შესრულებისკენაა მიმართული. ამ რეჟიმში ქმედება, რომელიც მიმართული არ არის პარტიის განვითარებისკენ და სცდება წესებს, აკრძალულია. დაუშვებელია სქესობრივი კავშირით სიამოვნების მიღება, ქალი და კაცი იმიტომ წყვილდებიან, რომ ქვეყნის მოსახლეობა გაზარდონ. ოკეანიაში ყველა დღე გაწერილია, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. ქვეყანაში არ არსებობს თავისუფალი ხელოვნება. ხელოვნებაც დიდ ძმას ემსახურება.
ჯორჯ ორველის დისტოპიურ რომანში პარტიის წევრები გამუდმებით საუბრობენ მტერზე, რომელიც რეალურად არ არსებობს და ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება, სწორედ ამ არარსებულ მტრულ ძალას ბრალდება. შესაბამისად ხალხის აგრესია არა თავად "დიდი ძმისკენ", არამედ გამოგონილი "გლობალური ომის პარტიისკენ" არის მიმართული.
ნაწარმოებში მოქმედება 1984 წლის 4 აპრილს იწყება, როდესაც უინსტონ სმითი, ნაწარმოების პროტაგონისტი, დღიურის წერას იწყებს. ამ რუტინულ ყოველდღიურობაში ჩნდება მეამბოხე, რომელიც სისტემის წინააღმდეგ მიდის. უინსტონი აწარმოებს დღიურს და თან ხვდება, რომ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, რადგან ოკეანიაში ფიქრი დანაშაულია. ოკეანიაში იკრძალება სიყვარულიც, და სწორედ ეს აკრძალული გრძნობა მიიყვანს უინსტონს პიროვნების სიკვდილამდე.
დიდი ძმა ხომ მუდმივად გითვალთვალებს, შესაბამისად მან ყოველთვის იცის, როდის არღვევ კანონებს. უინსტონი გამოაშკარავდა. იგი დააბეზღა ო’ბრაიენმა, ფიქრების პოლიციის თანამშრომელმა, ადამიანმა, რომელსაც უინსტონი თანამოაზრედ თვლიდა და ენდობოდა. ოკეანიაში არ არსებობს ნდობა ერთმანეთის მიმართ. ბავშვები ისე იზრდებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი მშობლებსაც დააბეზღებენ. დაბადებიდან ყველა ემსახურება პარტიას და არავის სხვას.
წიგნში უინსტონის თავისუფალი პიროვნება კვდება. მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა თავისას გაიტანს და ეს მეამბოხე, რევოლუციონერი ნებდება, დიდ ძმას აღიარებს და გმობს თავის საქციელს. თუმცა, ჯერ კიდევ არის მასში ფიქრი, რომ მისი თავისუფალი სული ხელშეუხებელია. მაგრამ, რეჟიმი ბოლომდე ანადგურებს უინსტონს, აღწევს მის სულში და დიდი ძმის სიყვარული მთლიანად იკავებს თავისუფლების ადგილს. უინსტონი კვდება, როგორც პიროვნება, როგორც ინდივიდი და იბადება ახალი ადამიანი პარტიული სულისკვეთებით.
ჯორჯ ორუელი ამ უმნიშვნელოვანესი დისტოპიური რომანით კაცობრიობას აფრთხილებს, რომ უკონტროლო ძალაუფლებამ შეიძლება სწორედ ასეთი სახე მიიღოს.
უინსტონი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა და ეს მაგალითია კაცობრიობისთვის, რომ ერთ დღესაც, ჩვენ არ გავხდეთ შემდეგი...