ჩრდილოეთ ევროპული მოდის ყველაზე დიდი მოვლენა, კოპენჰაგენის მოდის კვირეული, ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ სკანდინავიელებმა ჩაცმა საუკეთესოდ იციან. ამას მხოლოდ ადგილობრივი ბრენდების ახალ-ახალი კოლექციები არ ადასტურებს, რადგან ამ ჭეშმარიტების ამოსაცნობად დანიის დედაქალაქის მოკირწყლულ ქუჩებში, ჩვენებებზე მიმავალი ადამიანების სტილიც საკმარისია.
წელს პოდიუმზე ვიხილეთ Cecilie Bahnsen, Anne Sofie Madsen, Rave Review და კიდევ არაერთი სკანდინავიელი დიზაინერის შემოქმედება. ხოლო ქუჩის სტილმა ზაფხულის ყველა ის ტრენდი გააერთიანა, რაზეც აქამდე გვისაუბრია თუ გვიწერია.
სცენის ცენტრში ისევ სანდლები იდგა, დაწყებული Alaya-ს მაღალქუსლიანი სანდლებით, დამთავრებული ელასტიკური, ზღვისთვის განკუთვნილი მოდელებით. მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ვიხილეთ The Row Dune-ის წითელი შლაპუნა, ასევე Jelly Fish სანდლები. სანდლები წარმოდგენილი იყო ყველა ფერში, ფორმით და სიმაღლით.
Ph: Acielle / StyleDuMonde
ქუჩის სტილის განუყოფელ ნაწილად რჩება ტანსაცმლის მრავალი ფენა, რომელიც რაც მეტია, მით უფრო საინტერესო და ექსპერიმენტულია. აქტუალური იყო წელზე მოხვეული პერანგები ან სვიტერები. მოდის ენთუზიასტებს არც ის გასჭირვებიათ, რომ ტრენდები ერთ ლუქში მოექციათ და დამატებით, ინდივიდუალური სტილის დეტალებით გაემდიდრებინათ იგი.
Ph: Acielle / StyleDuMonde
განსაკუთრებით თვალში საცემი იყო კოპლებიანი სამოსი. კლასიკური კოპლები ამჯერად ახალი ხედვით დაბრუნდა. შავ-თეთრი ვარიანტები დომინირებდა, თუმცა არაპროგნოზირებადი კომბინაციებიც ვიხილეთ. იქნებოდა ეს კაბა, Capri შარვლები თუ ქვედაბოლოები. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, სეზონის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად თავად იქცა.
Ph: Acielle / StyleDuMonde
აქსესუარებიდან უდავოდ მთავარი ჰიტი იყო მოქსოვილი ქუდები, შუბლამდე ჩამოწეული, მარტივი, თუმცა საინტერესო დეტალებით გაფორმებული. ზოგიერთი მათგანი კულტურულ სიმბოლიზმსაც ატარებდა. ზოგი ელეგანტურ იერს ქმნიდა, ზოგი კი თავისუფალ, ბოჰემურ სტილს, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ლუქებს გამორჩეულს ელფერს ანიჭებდა.
Ph: Acielle / StyleDuMonde
ახლა კი, თავად დაათვალიერეთ საუკეთესო street style ლუქები, რომლებიც ფოტოგრაფ Acielle-ის ობიექტივში მოხვდა.
Lisi Wonderland-ის თავდაგასავალს ლეგენდარული ფრანგული კონიაკის სახლი - Hennessy წელს პირველად შეუერთდა. ფესტივალი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიების ჩარჩოებს - ის თავისუფლების, კრეატიულობისა და თანამედროვე ურბანული კულტურის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ, Hennessy-ის ფესტივალზე გამოჩენა აბსოლუტურად ბუნებრივი და ორგანული ნაბიჯი იყო.
Balenciaga-ს მაღალი მოდის კოლექციის ჩვენება პარიზში, Cité internationale universitaire-ის ბაღებში გაიმართა და თითქოს პასუხია კითხვაზე, როგორი შეიძლება იყოს Balenciaga დემნას შემდეგ. პიჩოლის პასუხი რომანტიკულია, მაგრამ არა სენტიმენტალური.
ზენდაია „ოდისეას“ პარიზის პრემიერაზე Givenchy Haute Couture-ის 1997 წლის ლუქით გამოჩნდა, რომელიც Alexander McQueen-ის პირველი კოლექციიდანაა Givenchy-ისთვის.