Victoria’s Secret-ის ანგელოზი დედები
Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუში მონაწილეობდნენ მოდელები, რომლებიც სამოდელო კარიერას დედობას უთავსებენ.
24 ოქტომბერს „სკინოთეკა გლობალმა“ თბილისში სამედიცინო სემინარი „ჰიალურონის მიღმა: ახალი თაობის სკინბუსტერები“ გამართა. სასტუმრო „მარგოში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 80 ესთეტიკური მედიცინის ექიმი, დერმატოლოგი და კოსმეტოლოგი შეიკრიბა.

სემინარის მთავარი სპიკერი პოლონეთში მოღვაწე ექიმი და მკვლევარი ანა გალება თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. გალება რეგენერაციული ესთეტიკის საერთაშორისო ტრენერია. მას მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე 2 500-ზე მეტი ექიმი ჰყავს გადამზადებული. იგი 59 სამეცნიერო ნაშრომისა და ათი წიგნის ავტორია. გალება ღეროვანი უჯრედებისა და რეგენერაციული მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის (IASRM) სამეცნიერო საბჭოს წევრია, რომელიც 2019 წელს „წლის საუკეთესო რეგენერაციულ ესთეტიკოსად" იქნა აღიარებული.

ღონისძიების პირველი ნაწილი ახალი თაობის პროდუქტებსა და მათი გამოყენების წესებს დაეთმო. ანა გალებამ სახისა და ყელის მოვლის სამი კლინიკური პროტოკოლი წარადგინა, რომლებიც პრევენციას, რეგენერაციასა და სრულ აღდგენას მოიცავდა. თეორიული ნაწილის შემდეგ გალებამ ორ მოდელზე პრაქტიკული მასტერკლასი ჩაატარა. მონაწილეები პროცედურის მიმდინარეობასა და გამოყენებულ ტექნიკას აკვირდებოდნენ.
ღონისძიების მეორე ნაწილი სახელწოდებით „სულ სხვანაირი სემინარი“ ქართველი სპიკერების გამოსვლებს დაეთმო. მათ პაციენტებთან ურთიერთობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კლინიკურ აზროვნებასა და ესთეტიკური მედიცინის მომავალზე ისაუბრეს.

„პროდუქტი აღარ არის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი. თბილისში ნებისმიერ კლინიკას შეუძლია შეიძინოს იგივე შემადგენლობის, დოზისა და წარმომავლობის პროდუქტი. ასეთ შემთხვევაში რატომ ირჩევს პაციენტი ერთ ექიმს და არა მეორეს? სემინარის მიზანი სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იყო“, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა და „სკინოთეკა გლობალის“ დამფუძნებელმა თათა მორჩილაძემ.

„სულ სხვანაირი სემინარის“ ფარგლებში თათა მორჩილაძის მოხსენება ინფორმირებულ თანხმობას ეხებოდა სოციალური მედიის ფილტრების ეპოქაში. ლუკა ხალაძემ ესთეტიკურ მედიცინაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრა. მარიამ წივწივაძემ განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
ზურაბ ალხანიშვილის გამოსვლა მედიცინაში შესაძლებლობების ზრდასა და ნდობის შემცირებას შორის არსებულ წინააღმდეგობას შეეხებოდა. დავით ბოლქვაძემ კი მენტალურ ჰიგიენასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სკინოთეკა გლობალი“ 2024 წელს საქართველოში დაფუძნდა და ადგილობრივ ბაზარზე იტალიურ ბრენდებს Uniderm Farmaceutici-სა და Medisepte-ს, ასევე რამდენიმე სხვა ევროპულ ბრენდს წარმოადგენს. კომპანია ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების დისტრიბუციასთან ერთად ექიმებისთვის სემინარებსა და პრაქტიკულ სწავლებებსაც მართავს.