ილია თოფურია VS ჯასტინ გეიჯი: ისტორიული ბრძოლა თეთრ სახლში
ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში შეხვდებიან ერთმანეთს. ისტორიული ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართება და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს.
დღეს მოდის სამყაროში ჯონათან ანდერსონისა და მეთიუ ბლაზის ადგილზე ყოფნა ყველას და ამავდროულად არავის სურს. ახლა მთელი ყურადღება მათკენაა მიპყრობილი, რადგან იანვარი Dior-ისა და Chanel-ის ახალგაზრდა შემოქმედებითი ხელმძღვანელებისთვის გადამწყვეტი თვეა. ისინი მაღალ მოდაში სადებიუტო ნაბიჯებს დგამენ.

ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოდის სახლები დღეს დიდ ტრანსფორმაციას გადიან. მოდის სამყარო ძველ ლეგენდებს ემშვიდობება და გზას უთმობს ახალ თაობას, რომელმაც საკუთარი ოსტატობა უნდა დაამტკიცოს. მაღალი მოდა კი ის სფეროა, სადაც აღიარება ყოველ ნაკერსა და დეტალზე დაკვირვების შემდეგ მოდის.

მეთიუ ბლაზის CHANEL
„ჩიტი სოკოზე / წამიერად ვიხილე მშვენიერება / გაქრა, გაფრინდა“.
ამ ერთი ჰაიკუთი დაიწყო მეთიუ ბლაზიმ შანელის ოტ კუტურ კოლექციაზე მუშაობა. მთავარი ინსპირაცია ბუნების, განსაკუთრებით კი ჩიტებისა და სოკოების სილამაზეა. ბლაზიმ თითოეულ მოდელს ჩიტივით მსუბუქი, თავისუფალი ლუქი შეუქმნა, პოდიუმზე კი ფრინველების ჩამოსასხდომად სოკოებით მოფენილი გარემო მოაწყო.
![]() |
![]() |
27 იანვრამდე, მეთიუ ბლაზის ანგარიშზე უკვე ორი წარმატებული კოლექცია იყო, 2026 წლის გაზაფხულის ready-to-wear და Métiers d’art, თუმცა მაღალი მოდის დებიუტს იგი განსაკუთრებული თავდაჯერებულობით შეხვდა.
ჩვენებამდე, სოციალური ქსელების კამპანია მიგვანიშნებდა, რომ შანელი ზღაპარში გვეპატიჟებოდა. ბრენდის მიერ გამოქვეყნებულ მოკლე ანიმაციურ თიზერში ჩანდნენ ჩიტები, ციყვები და ტყის სხვა ბინადრები, რომლებიც ატელიეში მკერავებს ეხმარებოდნენ – ზუსტად ისე, როგორც თაგვები კერავდნენ კონკიას სამეჯლისო კაბას. სტუმრებმა მოსაწვევის სახით მიიღეს სოკოს ფორმის ვერცხლის გულსაბნევი, რომელიც იმ ჯადოსნური სოკოს ალეგორია იყო, ელისმა საოცრებათა ქვეყანაში რომ დააგემოვნა.

იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ბევრი სრულიად განსხვავებულ კოლექციას ელოდა, „გრან პალეს“ შუშის გუმბათის ქვეშ გამართულმა ჩვენებამ მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. პოდიუმი, რომელსაც გარშემო გიგანტური სოკოების წრე ერტყა, ღია ვარდისფერ, თეთრ და ყვითელ ტონებში იყო გადაწყვეტილი.
![]() |
![]() |
გამხსნელი ლუქი – Chanel-ის კოსტიუმი არა ტვიდის ქსოვილით, არამედ გამჭვირვალე აბრეშუმისგან შეიქმნა. ეს ინტერპრეტაცია მოდის სახლის მრავალშრიანი ისტორიის გაცოცხლებისა და გადახალისების მცდელობა გახლდათ.

ბუნებით შთაგონებული დეტალები ყველგან იგრძნობოდა. ფეხსაცმლის ქუსლებს სოკოს ფორმა ჰქონდა, აბრეშუმზე ამოქარგული იყო სოკოები, ჩიტის ფრთების დიზაინი კი ნამდვილი ბუმბულის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ნაქარგებითა და ნაქსოვით იყო შექმნილი.
![]() |
![]() |
კოლექცია ჩანასახშივე პერსონალური და ქალებისთვის შექმნილი გახლდათ და ეს იმანაც ცხადყო, რომ მოდელების სამოსის სარჩულებსა და ჩანთებში მათთვის ძვირფასი ტექსტები, სასიყვარულო ბარათები თუ პოეტური სტრიქონები ჩაეკერებინათ.
![]() |
![]() |
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში რთულია აღვიქვათ დეტალების სიმძაფრე, რაც თითოეულ დიზაინს თან ახლავს. იქ მყოფი მოდის ენთუზიასტები კი ერთხმად თანხმდებიან, თუ როგორი სასიამოვნო სიმსუბუქე მოიტანა ამ შოუმ, როგორ იყო კონცენტრაცია თავისუფლებასა და მოძრაობაზე.

„მე თავგადასავალი მსურდა. ვფიქრობ, სამყარო ისედაც მკაცრია“, – მეთიუ ბლაზი.
ბოლო რამდენიმე ლუქის ინსპირაცია გახლდათ ყორნები ვან გოგის ტილოდან. შოუ კი მასკულინურ საქორწილო ლუქში გამოწყობილმა ბჰავიტა მანდავამ დახურა.

ჯონათან ანდერსონის DIOR
თუ ბლაზიმ სასიამოვნო ზღაპრების მოყოლა გადაწყვიტა, ჯონათან ანდერსონმა ოტ კუტურის მასტერკლასი ჩაგვიტარა.
„მაღალი მოდა მხოლოდ ჩვენება არ არის, ის შეიძლება შემეცნებითიც იყოს“, – ჯონათან ანდერსონი.

როდენის მუზეუმში წარდგენილი კოლექცია ამ სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია. ანდერსონის სილუეტები ტექნიკური თვალსაზრისით ნამდვილი შედევრებია. ყოველი ლუქი ზუსტი და ოსტატური ჭრების წყალობით მოდელის სხეულის ფორმებს იმეორებს, თითქოს მოდელები და სამოსი ერთიანობად გარდაიქმნენ.

სამკაულების კოლექციამ როზალბა კარიერასა და ჯონ სმარტის მე-18 საუკუნის პორტრეტული მინიატიურები მარგალიტებით, ბაფთებითა და ხელით მოხატული ორქიდეების ჩარჩოებში ჩასმულ ბროშებად გააცოცხლა.
![]() |
![]() |
ის, რომ ჯონათანი გატაცებულია მოდის არქიტექტურით ეს ამ კოლექციაშიც ცხადია. ანდერსონის მიერ შექმნილ სკულპტურულ ფორმებზე დიდი გავლენა მოახდინა კერამიკოსის, მაგდალენ ოდუნდოს შემოქმედებამ.
გამორჩეული ნაწილი იყო სამაჯურები, რომლებიც მეტეორების ნამსხვრევების მსგავსი, თილისმა ქვებით იყო გაწყობილი. მთლიანი შოუ გაზაფხულის ჟივერნიში მოგზაურობას ჰგავდა, სადაც კლოდ მონეს მიერ გაშენებული ბაღები ჯონათან ანდერსონის ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი.
![]() |
![]() |
განსაკუთრებული იყო წავის ფორმის ვერცხლისფერი ჩანთა, მთლიანი ყვავილები საყურეების ფორმაში და მოდელების ღია ვარდისფერი თუ იასამნისფერი ვარცხნილობა.
„როდესაც ბუნებას ჰბაძავ, ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობ. ბუნება არ გვთავაზობს დასკვნებს, არამედ მოძრავი სისტემებს, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, ადაპტირდებიან და დროს უძლებენ. მაღალი მოდაც ამავე ლოგიკის ნაწილია... ის არის ხედვის საშუალება – ინტერპრეტაციული ლინზა, რომლის მეშვეობითაც ხდება აწმყოს შესწავლა და მისი ახლებურად წარმოსახვა“, – წერია შოუს აღწერაში.

ჯონათანისთვის მოდა და ხელოვნება შემეცნებითი პროცესია. ანდერსონი თავისი ფილოსოფიით საინტერესოდ უპირისპირდება პლატონისეულ მოსაზრებას მიბაძვის შესახებ. თუ პლატონისთვის ხელოვნება ბუნების იდეალებისგან დაცილება იყო, ანდერსონის მსგავსი ხელოვანები ბუნების მიბაძვით ახალ ცოდნას ქმნიან და მისი შინაგანი ლოგიკის ამოცნობას ცდილობენ.

ეს ნიშნავს, რომ დიზაინერი კი არ იმეორებს ბუნებრივ ფორმებს, იქნება ეს სოკო, ყვავილი თუ ჩიტები, არამედ შლის და ხელახლა აწყობს მათ სრულიად ახალი რეალობის შესაქმნელად.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეთიუ ბლაზის და ჯონათან ანდერსონის დებიუტი მაღალი მოდის პოდიუმზე შედგა და მათგან კიდევ არაერთ საინტერესო კოლექციას უნდა ველოდოთ.