პარიზის ქუჩის სტილი – სეზონის მთავარი შთაგონება
პარიზის მოდის კვირეული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარი შთაგონება ქუჩიდან მოდის. სეზონის ქუჩის სტილი აერთიანებს მინიმალიზმს, კლასიკურ ელეგანტურობას და დეტალების სიზუსტეს.
მოდის კვირეულების წლევანდელი სეზონი სხვების მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა. პოდიუმზე არა ერთი ან ორი, არამედ 15 სადებიუტო კოლექცია ვიხილეთ. ინდუსტრიაში უკვე სახელგანთქმული დიზაინერების წამყვან მოდის სახლებში გამოჩენას და ერთგვარ რევოლუციებს ველოდით და მოლოდინიც სრულად გამართლდა.
![]()
|
![]()
|
მეთიუ ბლეიზიმ Bottega Veneta-ს შემდეგ Chanel-ის სათავეში გადაინაცვლა. ჯონათან ანდერსონი Dior-ის ახალი კრეატიული დირექტორია, ხოლო Loewe-ში მის მაგივრად ჯეკ მაკკოლოუ და ლაზარო ჰერნანდესი აგრძელებენ მუშაობას. დემნამ Balenciaga დატოვა და Gucci-ს ჩაუდგა სათავეში და მისი ადგილი პიერპაოლო პიჩოლიმ დაიკავა. თავად პიერპაოლო კი ერთი წლის წინ Valentino-ში ალესანდრო მიკელემ შეცვალა.
![]()
|
![]()
|
სიმონ ბელოტიმ Bally-ში ოთხი შესანიშნავი სეზონის შემდეგ, Jil Sander-ში გადაინაცვლა. Glenn Martens-ი, რომელიც Y/Project-სა და Diesel-ს ხელმძღვანელობდა, ახლა Maison Margiela-ს შემოქმედებითი დირექტორია.
ალბათ მხოლოდ ჩვენ არ გვეჩვენება, რომ ეს ცვლილებები საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადანაცვლებას ჰგავს, რახან ყველა სვლა უკვე გაკეთებულია, დროა გამარჯვებული გამოვავლინოთ. ასე რომ, ბევრი სასაუბრო დაგვიგროვდა.
BALENCIAGA
იტალიელი დიზაინერი პიერპაოლო პიჩოლი, რომლის ხელწერაც კარგად გვახსოვს Fendi-სა და Valentino-ში გატარებული წლების შემდეგ, წელს Balenciaga-ს სახელით წარსდგა პოდიუმზე. პიჩოლიმ 106 წლის მოდის სახლში თავისი პირველი ნაბიჯი გადადგა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შოუ წარმოგვიდგინა. შოუ Kering-ის პარიზის სათავო ოფისში გაიმართა, რომელიც ბნელ, მედიტაციურ სივრცედ იყო გარდაქმნილი და მხოლოდ ფერმკრთალი ნარინჯისფერი შუქი ანათებდა, გარშემო კი გულისცემის ექო ისმოდა. შოუს სახელწოდებაც ეს იყო, „გულისცემა“, რომელიც სიმბოლურად 106 წლის მოდის სახლის ახალ ეპოქას აღნიშნავდა.
„გულისცემა არის რიტმი, რომელსაც ვუზიარებთ ერთმანეთს – იმპულსი, რომელიც გვახსენებს, რომ ადამიანები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ გულს საკუთარი რიტმი აქვს,“ – პიერპაოლო პიჩოლი.
შოუს პირველ წუთებში, მანამ სანამ პოდიუმზე პირველი მოდელი გამოჩნდებოდა, ირლანდიელი მომღერლის 1994 წლის სიმღერა In This Heart გაჟღერდა. პიჩოლიმ, რომელიც ყოველთვის რომანტიკული ხედვით გამოირჩეოდა, დემნას მკვეთრი, ირონიული ესთეტიკა უფრო რბილი და ემოციებზე დაფუძნებული ენით შეცვალა. ვიხილეთ სილუეტები, რომლებშიც ხელოვნება, ოსტატობა და ემოციები გაერთიანდა.
![]() |
![]() |
კოლექცია შავი სკულპტურული კაბით გაიხსნა, რომელიც კრისტობალ ბალენსიაგას 1957 წლის „Sack“ სილუეტით გახლდათ შთაგონებული. ვიხილეთ ოპერის ხელთათმანები, ფართო მხრები, დაბალწელიანი შარვლები, ტყავის ქურთუკები და ფართო შლაპუნები. პიჩოლიმ დემნას ესთეტიკიდან დიდი სათვალეები შეინარჩუნა და ქუჩის სტილის ელემენტები იდეალურად შეუთავსა უფრო დახვეწილ, ელეგანტურ დეტალებს.
![]() |
![]() |
შავი და თეთრი ფერები კოლექციაში დომინირებდა, თუმცა ყოველ ლუქს ერთი განსაკუთრებული ფერის აქსესუარი აძლევდა მეტ სიხალისეს. ვიხილეთ ჰაეროვანი კაბები, ელეგანტური ქვედაბოლოები და ფერმკრთალ ვარდისფერ ტონებში შესრულებული სამოსი. საზოგადოების რეაქცია პიჩოლის მიმართ არაფერი იყო, დადებითის გარდა, მას უკვე მოიხსენიებენ გენიოსად, რომელმაც ბალენსიაგას თავისი ხიბლი დაუბრუნა.
DIOR
ჯონათან ანდერსონმა მოდის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პოზიცია დაიკავა და გახდა პირველი დიზაინერი კრისტიან დიორის შემდეგ, რომელმაც ერთდროულად ქალისა და მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორობა ჩაიბარა. პარიზის მოდის კვირეულზე ანდერსონმა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ფემინური კოლექცია წარმოადგინა.
![]() |
![]() |
მან 11 წელი გაატარა ესპანურ Loewe-ში და თავი ექსპერიმენტული ხედვით დაგვამახსოვრა, ამჯერად კი დიზაინერი Dior-ის მემკვიდრეობის გაგრძელებას სიახლითა და სითამამით აპირებს. შოუზე ვიხილეთ სკულპტურული სილუეტები, ფენებით შექმნილი ლუქები, ბაფთები, მოსასხამები და თეატრალური ქუდები.
კოლექცია დიორის New Look-ის კლასიკურ სილუეტებზე იყო აგებული, თუმცა ჯონათანმა საკუთარი ხედვაც შემატა მას. დიზაინერს თითქოს სურდა, გაეცა პასუხი კითხვაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქალური იმ სამყაროში, სადაც ბინარული საზღვრები ნელ-ნელა იშლება.
![]() |
![]() |
შედეგად კი მივიღეთ კოლექცია, რომელიც გამბედავია, მაგრამ არა რევოლუციური. იგი ძალიან დახვეწილია და იმის დემონსტრაციაა, რომ ახალგაზრდა დიზაინერებს შეუძლიათ მართონ დიდი სახლები და შემოგვთავაზონ ახალი, კონცეპტუალური ხედვა მათ ისტორიაში.
BOTTEGA VENETA
რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ლუიზ ტროტერი ერთ-ერთია იმ ცოტა ქალ დიზაინერს შორის, რომელსაც დიდი მოდის სახლების ქალის ხაზის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე ვხედავთ. ბოტეგა ვენეტაში ტროტერის დებიუტი კი მტკიცებულებაა, რომ ეს რეალობა უნდა შეიცვალოს.
პირველი, რაც ხაზგასასმელია კოლექციაში, არის დეტალების დახვეწილობა და ჩუმი, თუმცა მაინც მეტყველი თავდაჯერებულობა, რომელსაც ბოტეგას სამოსში გამოწყობილი მოდელები გადმოსცემდნენ. ბოტეგასთვის დამახასიათებელი დაწნული ტყავი წარმოდგენილი იყო მოსასხამებში, ყელსახვევებში, გრძელ პალტოებში, ქამრებსა და, რაღა თქმა უნდა, ჩანთებში.
![]() |
![]() |
ტროტერმა შემოგვთავაზა კოლექცია, რომელიც ნებისმიერმა ქალმა შეიძლება მოიგოს, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ვიტრინებიდან უყუროს მათ. ტროლერი აგრძელებს ამ ბრენდის იდენტობას, რომელიც ხარისხის, პრაქტიკულობისა და განუმეორებელი სტილის ერთიანობაა და ქმნის სახეს, რომელსაც ლოგოს გარეშეც ადვილად ვიცნობთ.
CHANEL
ის რასაც ყველა ველოდით, მეთიუ ბლეიზის Chanel-ის სახლში გამოჩენა იყო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შანელის აღორძინების ხანა დაიწყო. ამ სიახლეს განასახიერებდა 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პირველივე ლუქი – თავისუფალი სტილის კოსტიუმი, რომელიც მკაცრი ფორმალობისგან სრულად იყო დაცლილი.
მთელი კოლექცია ფლუიდური იყო: სამოსის ნაპირები გაქექილი, რბილი კოსტიუმები, გლუვი ტყავის ჩანთები, თანამედროვე ინტერპრეტაციით იყო წარმოდგენილი შანელის საყვარელი თეთრი კამელიებიც. როგორც იქნა, ვიხილეთ კოლექცია, რომლის ყოველი მეორე ლუქი აღარ არის ტვიდის ორეული – აქ ჩანს განსხვავებული ხედვა და თანამედროვე ფილოსოფია ფუფუნების მოტივით.
Grand Palais-ში მოწყობილი სივრცე, რომელიც მზის სისტემის ინსპირაციით იყო შექმნილი, ალუზიას ქმნიდა, რომ შანელი ახალ ორბიტაზე გადადის და ცვლილებების დრო დგება. შოუზე, ფონად რიტმული მუსიკა და რეჩიტატივი ისმოდა, სამოსი თითქოს თვითონ მოძრაობდა, ყველაფერი ენერგიული, ცოცხალი იყო.
![]() |
![]() |
ბოლო ლუქმა ეს კონცეფცია შეკრა. ვიხილეთ უზარმაზარი, ფრინველის ბუმბულს მსგავსი ქვედაბოლო მარტივ აბრეშუმის მაისურთან ერთად, რაც განახლებასა და ახალ ენერგიას განასახიარებდა. მეთიუ ბლეიზიმ მაყურებლის ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა.