#საზოგადოება #მოდა

DON'T FAKE IN FRANCE: საფრანგეთი რეპლიკების წინააღმდეგ ომს აგრძელებს

გაზიარება:

ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით საფრანგეთი გამორჩეულია ევროპაში. აქ კანონით აკრძალულია ქუჩაში მოსიარულე ხალხის უნებართვოდ გადაღება (საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 9), ან ახლად აშენებული შენობის უნებართვოდ აღბეჭდვა კამერაზე (კანონი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ). თუმცა, ყველაზე მკაცრად მაინც მოდის სხვადასხვა ბრენდების რეპლიკების ყიდვა-გაყიდვა იკრძალება. ეს შავი ბაზრის ის ნაწილია, რომელთან ბრძოლაც არც ისე ადვილ საქმეს წარმოადგენს.

ბრენდის რეპლიკები
ფოტო:Lev Radin

გეცოდინებათ, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ცნობილი დიზაინერების შექმნილი ნივთების ყალბ ვერსიებს საკანონმდებლო დონეზე კრძალავს. ამ ზაფხულს საფრანგეთი “Fake fashion”-ის წინააღმდეგ გამკაცრებულ ომს აცხადებს.

პარიზის მერიამ მდინარე სენას გაწმენდისთვის მილიონობით ევრო დახარჯა, ოლიმპიადისთვის გადაიკეტა გზები, გამკაცრდა უსაფრთხოების ნორმები და ყალბი პროდუქციის ბაზარიც ფრანგული ჟანდარმერიის რადარის ქვეშ მოექცა. მიზანი მარტივია - პარიზს “ფუფუნების დედაქალაქის” სახელი შეუნარჩუნდეს და დიზაინერების სახლები ყალბი სამოსისა თუ აქსესუარების შავი ბაზრისგან დაცულები იყვნენ.

fake Louis Vuitton

3 აპრილს, პოლიციის ერთ-ერთი რეიდის დროს, სენტ-ოუენის ძველმანების ბაზარზე 11 მაღაზია დაკეტეს, საფრანგეთის სტადიონის მახლობლად 63 ათასი ყალბი ნივთი, მათ შორის Louis Vuitton-ისა და Nike-ის გაყალბებული პროდუქცია აღმოაჩინეს.

რეპლიკების ბაზარი, სწრაფ მოდასთან ერთად, ყოველწლიურად იზრდება. ევროკავშირის მონაცემებით 2018-დან 2021 წლამდე საფრანგეთის მოდის სახლებს ყალბი პროდუქციის გაყიდვით, წელიწადში საშუალოდ 1.7 მილიარდი ევროს ზარალი მიადგათ. საფრანგეთის საბაჟოებზე კი გასულ წელს 20.5 მილიონი ყალბი პროდუქტი აღმოაჩინეს.

fake Luois Vuitton bags

ბრენდების რეპლიკები მხოლოდ მოდის სახლების პროდუქციის იაფფასიანი ანალოგები არ გეგონოთ. როდესაც ადამიანი გაყალბებულ ნივთებს ყიდულობს, ისეთ არალეგალურ და კრიმინალურ ქმედებებში იღებს მონაწილეობას როგორებიცაა, ბავშვების იძულებითი შრომა თუ მიწისქვეშა ეკონომიკა, იგივე შავი ბაზარი. ეს უკანასკნელი ხშირად ყალბ მოდაზე ნაკლებად უწყინარ თემებს: ნარკოტიკებით ვაჭრობასა თუ ტრეფიკინგს მოიცავს. ოლიმპიური თამაშების პერიოდში განსაკუთრებით გამკაცრებული ზომებია მიღებული, რეპლიკების გაყიდვა და ტარებაც კი კანონით დასჯადია.

დიახ, სწორად წაიკითხეთ, ის ადამიანი, ვინც შანელისა თუ გუჩის ყალბ ჩანთას შეიძენს და პარიზის ქუჩებში გაისეირნებს, შესაძლოა დაჯარიმდეს კიდეც. მართალია ქუჩაში ამის შანსი დაბალია, სამაგიეროდ აეროპორტებში თქვენი ჩემოდანი განსაკუთრებული სიმკაცრით შემოწმდება. საფრანგეთს ყალბი საქონლისა და რეპლიკების გაყიდვა-ტარებისთვის მკაცრი ჯარიმები აქვს.

fake fashion, ბრენდების რეპლიკები
ფოტო: Thomas Samson/Getty Images

საფრანგეთის საბაჟო ორგანოების თანამშრომლები ყალბი დიზაინებისა და ნივთების იდენტიფიცირებისთვის ტრენინგებსაც გადიან. იგივე პროცესები მიმდინარეობს იტალიაშიც. ბუნებრივია, მებაჟეების ყურადღებას ჩემოდანში დიდი რაოდენობით დიზაინერული პროდუქცია მიიქცეს, რადგან გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირი საფრანგეთს ყალბი ნივთებით მათი "გადაყიდვის" მიზნით ტოვებს.

fake fashion, ბრენდი რეპლიკები, ბირკინი
ფოტო: Amit Lennon/TheGuardian

ასე რომ, პარიზსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ოლიმპიური თამაშების პერიოდში მოგზაურობას თუ აპირებთ, ძალიან დაკვირვებულად უნდა იშოპინგოთ. გვერდი აუარეთ რეპლიკების გამყიდველებს და ზოგადად, შეეცადეთ უარი თქვათ ყალბ პროდუქციაზე, შეგახსენებთ, რომ ამით თქვენ, დაუფიქრებლად არალეგალურ და კრიმინალურ ქმედებებში იღებთ მონაწილეობას.

ზევით