#მოდა #საზოგადოება

WAKE UP! ასე მიმართა სტელა მაკარტნიმ მოდის სამყაროს

გაზიარება:

| ანა ციხელაშვილი |

გარემოს პრობლემებზე საუბრისას, ხშირად გვესმის ფრაზა „სწრაფი მოდა“ და ისიც ვიცით, რომ ეს კონცეპტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მიუღებელია. ამის მიუხედავად, ვერც კი ვიაზრებთ, რომ ყოველდღიურად ჩვენც სწრაფი მოდის მომხმარებლები ვართ და ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის, რომ ამას გვერდი ავუაროთ.

სწრაფი მოდა მარტივად ასე განიმარტება : ინდუსტრია, რომელიც დაბალ ფასად, ჩქარი ტემპით, თანამედროვე ტენდენციების კრიტერიუმების შესაბამის ტანსაცმელს ქმნის.

მათი ინსპირაცია ძირითადად მოდის კვირეულის ჩვენებებითა თუ ცნობილი ადამიანების ქუჩის სტილით საზრდოობს. სწრაფი მოდის ყველაზე ცნობილ სახლებს შორისაა ZARA, H&M, Forever 21. ეს ბრენდები ახლანდელ რეალობაში ნაკლებად წარმოადგენენ პრობლემას, მას შემდეგ, რაც რეგულაციებისა და ჯარიმების ქვეშ მოექცნენ. ბოლო წლებია, მომდევნო გამოწვევის წინაშე დავდექით და უკვე გაჩნდა ახალი ტერმინი „ულტრა სწრაფი მოდა„, რომელმაც იმდენად დააჩქარა წარმოება, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი სტილის სამოსის ათასობით ერთეული ჩნდება SHEIN-სა და CIDER-ის ვებგვერდებზე.

ერთი შეხედვით უწყინარი თემა რეალურად უამრავ პრობლემას წარმოქმნის. როგორ შეიძლება ტანსაცმლის ბრენდმა გარემოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს? ამ კითხვას პასუხს მარტივად გავცემთ, თუ ვნახავთ, რა გზით ახერხებენ სწრაფი მოდის დიდი კომპანიები მილიონობით ახალი ნივთის რეკორდულად მცირე დროში დამზადებას.

ნივთების უმრავლესობა განვითარებად ქვეყნებში იწარმოება, ეს იმიტომ რომ ევროპისა და ამერიკის მოსახლეობა უარს ამბობს ბრენდების მიერ შემოთავაზებულ დაბალ ანაზღაურებაზე.

მარტივი გამოსავალი კი პროდუქციის ისეთ ქვეყნებში წარმოებაა, სადაც შრომითი ძალა ისედაც ძალიან იაფია. ასეთი განვითარებადი ქვეყნებია ინდოეთი, კამბოჯა, ჩინეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა თანახმაა საშუალოზე დაბალ ანაზღაურებაზე. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი ბრენდების შემოთავაზებებს უარს ვერ ეუბნებიან, უფრო მძიმე სიღარიბეში ჩავარდნის შიშით.

სწრაფი მოდა, იაფიანი მუშა ხელი, ინდოეთი, ჩინეთი, h&m, შრომითი ექსპლუატაცია

გამოდის, რომ სწრაფი მოდა, ღარიბი ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე მანიპულაციითა და შრომითი ექსპლუატაციით, მულტიმილიონერი ინდუსტრია ხდება. შრომითი უფლებების დარღვევა, გენდერული ნიშნით ძალადობა, სახელფასო დისკრიმინაცია, არასრლუწლოვანთა უკანონი შრომა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც უნდა ვიფიქროთ ამ ბრენდების ტანსაცმლის ყიდვას თუ გადავწყვეტთ. გასათვალისწინებელია ხარისხის დაბალი დონეც და ისიც, რომ რეალურად ულტრა სწრაფი მოდის ბრენდები გარემოსთან ერთად, მოდის ცნობილ სახლებსაც აყენებენ ზიანს, რადგან მათ იდეებსა და შრომას უკონტროლოდ იყენებენ.

სწრაფი მოდის ასეთი პოპულარობა გასაკვირი არავისთვისაა. ყველას გვინდა ჩვენთვის საყვარელი ცნობილი დიზაინერის რომელიმე ნივთს ვფლობდეთ, ეს კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. უამრავი ქარხანა ამით სარგებლობს და ცნობილი ნივთების რეპლიკებს ამზადებს. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს სხვა ალტერნატივაც. სამყარო სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის ზენიტშია, შესაბამისად უკვე გაჩნდა ცნობილი კოლექციების ინსპირაციით და არა მოპარული იდეებით შექმნილი ტანსაცმელი, თუ აქსესუარები. ამასთანავე, წარმატებით მუშაობენ ვინტაჟური მაღაზიები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობის ფინანსურ შესაძლებლობებს ერგება. ეს ყოველივე კი საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად შევზღუდოთ სწრაფი მოდის მოხმარება და შევიძინოთ ხარისხიანი ტანსაცმელი, რომელიც დროს გაუძლებს.

სწრაფი მოდა იმდენად კრიტიკული და მტკივნეული თემაა, რომ მსოფლიო ქვეყნების პარლამენტებშიც კი განიხილება. საფრანგეთის პარლამენტს რამდენიმე დღის წინ ინიციატივა წარედგინა, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის, ჩინური SHEIN-სა და მსგავსი ბრენდებისთვის, ჯარიმის სახით გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის მინიმუმ 50%-ის დაკისრებაა.

მოდა ხელოვნებაა. ის არა გარემოს წინააღმდეგ, არამედ გარემოსთან ჰარმონიაში უნდა არსებობდეს.

პარიზში შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენისას, დიზაინერებმა მოდის ინდუსტრიას გარემოსთან მეგობრობისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთი მათგანი სტელა მაკარტნია, რომელმაც თავისი ტანსაცმლის 90% ეკოლოგიურად არასაზიანო მასალისგან შექმნა, თანაც ისეთი პროფესიონალიზმით, რომ შეიარაღებული თვალითაც კი ვერ დავინახავთ განსხვავებას, მაგალითად, ვეგანურ და ნამდვილ ტყავს შორის.

კიდევ ერთმა დიზაინერმა აიმაღლა ხმა ამ პრობლემის საპასუხოდ. 32 წლის ფრანგმა - მარინ სერმა, რომელიც რაც შეიძლება მეტ გადამუშავებულ მასალას იყენებს თავის კოლექციაში, განაცხადა : "მიყვარს ისეთი ადგილის პოვნა, რომელსაც უკვე აქვს ვიბრაცია და ენერგია. უმეტესად, როცა შოუს ვაკეთებთ, ის ჩარჩოებში, ყუთშია მოქცეული. მე კი ამის წინააღმდეგი ვარ".

სტელა მაკარტნისა და მარინ სერის მსგავსი ბევრი დიზაინერი არსებობს, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითუეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შევწყვიტოთ გარემოსთვის საზიანო მოდის მხარდაჭერა, ვიშოპინგოთ ისე, რომ დედამიწას საფრთხე არ შევუქმნათ და რაც მთავარია, წავახალისოთ ადგილობრივი, თუ უცხოელი დიზაინერები, რომლებიც უნიკალურ და მაღალხარისხიან სამოსს ქმნიან. 

ზევით