#სამეფო ოჯახი

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა: ტრაგიკული წლებიდან - დიდ სიყვარულამდე

გაზიარება:

ბუკინგემის სასახლემ მსოფლიოს სამწუხარო ინფორმაცია ამცნო: „მისი უდიდებულესობა დედოფალი ღრმა მწუხარებით გვამცნობს, საყვარელი მეუღლის, მისი სამეფო უდიდებულესობის პრინცი ფილიპის, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებას“. პრინცი ფილიპი დღეს დილას, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა სამეფო ოჯახთან ერთად ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებას გლოვობს.

ტრაგიკული ადრეული წლები

პრინცი ფილიპი 1921 წლის 10 ივნისს, საბერძნეთისა და დანიის პრინც ენდრიუსა და პრინცესა ელისის ოჯახში დაიბადა. პატარა ფილიპი საბერძნეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-6 გახლდათ. პრინცმა ფილიპმა საკმაოდ რთული ბავშვობა გამოიარა, მის დედას, პრინცესა ელისს ნერვული აშლილობის დიაგნოზი დაუდგინეს და შვეიცარიის სანატორიუმში გაგზავნეს, ხოლო ფილიპის მამა, პრინცი ენდრიუ, რომელიც არმიაში მსახურობდა, ღალატში დაადანაშაულეს და გადაასახლეს.

მამიდებისა და ბიძების მზრუნველობის ქვეშ ფილიპი ინგლისის სკოლაში გაგზავნეს, ცოტა ხანში ფილიპი გერმანიაში გადადის საცხოვრებლად, თუმცა მალევე ბრუნდება ინგლისში. 16 წლის ასაკში პრინცმა ფილიპმა უფროსი და სესილია, მის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაკარგა, რამდენიმე თვეში კი ფილიპის გამზრდელი ბიძა ჯორჯ მაუნტბატენი 46 წლის ასაკში სიმსივნით მოულოდნელად გარდაიცვალა.

ცხოვრების სიყვარული

სკოლის დამთავრების შემდეგ, პრინცი ფილიპი ბიძის ლუი მაუნტბატენის რჩევით Royal Naval College-ში გაემგზავრა სასწავლებლად. სწორედ იმ პეიოდში, 18 წლის ფილიპმა შორეული ნათესავი, 13 წლის პრინცესა ელისაბედი გაიცნო,  მათი პირველი შეხვედრა დარტმუთის საზღვაო კოლეჯში შედგა, რომელსაც პრინცესა ელისაბედი და მისი და, პრინცესა მარგარეტი, მშობლებთან ერთად სტუმრობდნენ. როგორც მომავალი დედოფლის აღმზრდელი იხსენებს, ელისაბედი პირველივე შეხვედრაზე მოიხიბლა ფილიპეს გარეგნობით, მისი ცისფერი თვალებითა და ღია ფერის თმით.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპესა და ელისაბედის სიყვარული ორმხრივი იყო, წყვილის ნიშნობა 8 წლით გაიწელა. მხოლოდ 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მცირე ხანში, სამეფო ნიშნობა როგორც იქნა შედგა. ამავე წლის ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოში პომპეზური საქორწინი ცერემონიალი გაიმართა. სამეფო ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.

ელისაბედ II-სა და პრინც ფილიპეს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავთ. პრინცი ფილიპე ყოველთვის დედოფლის გვერდით იდგა და მუდამ გამოხატავდა საკუთარ მხარდაჭრას მის მიმართ. სამეფო წყვილმა ერთად მოიარა მთელი მსოფლიო ავსტრალიიდან ამერიკამდე, აფრიკიდან ინდოეთის ჩათვლით ბრიტანულ ერთა თანამეგობრობის დროშის ქვეშ.

ედინბურგის ჰერცოგმა, საბერძნეთისა და დანიის პრინცმა ფილიპმა ტრაგედიით, თავგადასავლებით, დანაკარგებით და რაც მთავარია სიყვარულით სავსე 99 წელი იცხოვრა.

ზევით