პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Netflix-თან თანამშრომლობით ფილმს გადაიღებენ

ოფიციალურად, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ფილმის გადაღებას გეგმავენ და ის სამეფო ოჯახთან კავშირში სულაც არ იქნება. 7 აგვისტოს, Penguin Random House-მა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას საპროდიუსერო კომპანია Archewell-მა, New York Times-ის ბესტსელერ რომანზე Meet Me at the Lake-ზე უფლებები მოიპოვა. ჰარი და მეგანი რომანის ადაპტაციას Netflix-თან ერთად გადაიღებენ.

ბესტსელერი წიგნის ავტორმა, კარლი ფორტუნმა განაცხადა, რომ ის აღფრთოვანებულია Netflix-თან და Archewell-თან თანამშრომლობის შესაძლებლობით და ერთი სული აქვს იხილოს ისტორია ეკრანებზე.

რომანი მოგვითხრობს წყვილის, უილისა და ფერნის ისტორიის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს საკუთარი ცხოვრების 30-იან წლებში ხვდებიან და ერთად ცდილობენ ბავშვობის ტრავმების გადალახვას. მიუხედავად იმისა, რომ რომანს სამეფო ოჯახთან კავშირი არ აქვს, გამოგონილი პერსონაჟების ისტორია, თითქოს ჰარისა და მეგანის ცხოვრების ერთგვარი ანარეკლია.

ეკრანიზაციაში, აუცილებლად შევხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა ავტოკატასტროფაში მშობლის დაკარგვა და ამ დანაკარგით ცხოვრების გაგრძელება, რაც პრინც ჰარის პირადად გამოუცდია პრინცესა დიანას გარდაცვალების შემდეგ. აგრეთვე პოსტ სამშობიარო დეპრესიას და ბრძოლას, რაზეც 2021 წელს, მეგან მარკლმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში ისაუბრა.

რომანში მოქმედება ვითარდება ტორონტოს მახლობლად, სადაც მეგან მარკლი ცხოვრობდა, როდესაც მან დაიწყო ჰარისთან შეხვედრა და შოუს Suits-ის გადაღებები. Meet Me at the Lake აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, რაზეც პრინცმა თავის მემუარებში, Spare ვრცლად ისაუბრა. 

Meet Me At The Lake-მა ხუთი კვირა გაატარა New York Times-ის ბესტსელერების სიაში და მაისში პირველად გამოქვეყნების დღიდან, Goodreads-ის 95000-ზე მეტი რეიტინგი დააგროვა.

ზევით