15–17 მაისს ბაქო პირველად უმასპინძლებს Mercedes-Benz Fashion Week-ს და ამით საერთაშორისო მოდის რუკაზე მტკიცედ დაიმკვიდრებს ადგილს. სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანის დედაქალაქი იქცევა მოდის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების საერთაშორისო პლატფორმად, სადაც დიზაინერები და კრეატიულ ინდუსტრიებთან დაკავშირებული ადამიანები შეხვდებიან ერთმანეთს.

ღონისძიების ლოკაციად Mercedes-Benz-ის თანამედროვე რეზიდენცია შეირჩა. პოდიუმზე კი ვიხილავთ იტალიის, საქართველოს, თურქეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების დიზაინერების კოლექციებს, განსხვავებულ ხედვებსა და ესთეტიკას. ხოლო გამოფენები და pop-up შოურუმები ადგილობრივ ბრენდებსა და ახალ სახეებს ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენენ.
გარდა მოდის ჩვენებებისა, კვირეულის პროგრამა მოიცავს ინტერაქციულ პრეზენტაციებს, მოდის შესახებ საუბრებსა და პანელურ დისკუსიებს. ასე, რომ ეს იქნება სივრცე, სადაც ინდუსტრიის ლიდერები, კრიტიკოსები და დამწყები ხელოვანები ერთმანეთს იდეებს გაუზიარებენ.

ღონისძიება იმითაცაა გამორჩეული, რომ მისი პროგრამა ტექნოლოგიური ინოვაციებითაა გაჯერებული. ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, Augmented reality აქტიურადაა გამოყენებული შოუებსა და პერფორმანსებში, რაც მოდის აღქმას სრულიად ახალ განზომილებას მატებს. სტუმრებს ელით ფუტურისტული იდეებით ნასაზრდოები არაერთი ჩვენება, რომელიც მოდის ინდუსტრიის მომავალზე თამამი განაცხადი იქნება.
Mercedes-Benz Fashion Week Azerbaijan მხოლოდ მოდის დღესასწაული არ იქნება - ეს იქნება პლატფორმა ინოვატორებისთვის, trendsetter-ებისთვის და მათთვის, ვისაც საზღვრების რღვევა სურთ. ამ პროცესში კი, ბაქოს იდენტობა იქმნება, როგორც მოდის სამყაროში მნიშვნელოვანი ქალაქის, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ინსპირაციულად ერწყმის ერთმანეთს.