#სამეფო ოჯახი

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს დიდი ბრიტანეთის სახლის დატოვება სთხოვეს

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დიდი ბრიტანეთის სახლს ტოვებენ, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ სამეფო ოჯახმა ფროგმორის კოტეჯიდან გადასვლა სთხოვა.

ბრიტანული პრესა ჯერ კიდევ იანვარში ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ მეფე ჩარლზ III, ფროგმორის კოტეჯის პრინცი ენდრიუსთვის გადაცემას გეგმავდა. სპეკულაცია ამ თემის გარშემო იანვრის თვეში გამწვავდა, როდესაც პრინცი ჰარის სკანდალური მემუარი Spare გამოქვეყნდა.

უინძორის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, 2019 წელს, გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-სგან მიიღეს საჩუქრად. სასექსის ჰერცოგებმა 10-ოთახიანი რეზიდენცია იმავე წელს განაახლეს, რაშიც 2,4 მილიონი ფუნტ სტერლინგი დაიხარჯა. ფროგმორის კოტეჯი ჰარისა და მეგანის საკუთრებაში 2020 წლის შემდეგაც რჩებოდა, როდესაც მათ სამეფო ოჯახის ვალდებულებებზე უარი განაცხადეს და საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ.

გავრცელებულმა ინფორმაციამ, გააჩინა კითხვები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მომავალზე გაერთიანებულ სამეფოში. გამომდინარე იქიდან, რომ ფროგმორის კოტეჯი უინძორის ციხესიმაგრის შემადგენლობაში შედის, ისევე როგორც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ადელაიდას კოტეჯი, მის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე სამეფო კარი ზრუნავს. ამიერიდან, სამშობლოში დაბრუნებულ პრინც ჰარის და მის მეუღლეს თავად მოუწევთ ისეთ დეტალებზე ზრუნვა, როგორიც საზოგადოებისა და მედიისგან უსაფრთხო საცხოვრებლის პოვნაა.

შეგახსენებთ, რომ მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია 6 მაისსაა დაგეგმილი.

ზევით