| ანა ციხელაშვილი |
ალბათ უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარებას არ წყვეტს. პირიქით, ის ადამიანის შესაძლებლობებს უფრო და უფრო უახლოვდება. ამიტომაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები აქტიური თავდაცვის რეჟიმში არიან გადასული და ცდილობენ, რიგ სფეროებზე AI-ის გავლენა მაქსიმალურად შეამცირონ, ან შეზღუდონ.
გუშინ კი ევროკავშირის ქვეყნებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ საჭიროა მარეგულირებელი კანონის არსებობა, რომელიც AI-ის გამოყენებას ჩარჩოებში მოაქცევს. ასეც მოხდა და ევროკავშირის საბჭოში უკვე განაცხადეს, რომ დამტკიცდა მკაცრად გაწერილი კანონპროექტი, რომლის წესების მიხედვითაც, მომავალში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება დარეგულირდება.
“ხელოვნური ინტელექტის შესახებ კანონის აქტის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირისთვის“, - განაცხადა მატიე მიშელმა, ბელგიის სახელმწიფო მდივანმა დიგიტალიზაციის საკითხებში.
მიშელის თქმით, ეს კანონპროექტი ხაზს უსვამს ევროპის პოლიტიკას, რომელიც ნდობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ფარგლებში სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიის განვითარებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის საბჭოს მიზანი კი უცვლელი რჩება: შეუწყოს ხელი ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ წინსვლას, ევროპის ფარგლებში და მის გარეთ. კანონი, AI-ის შესახებ, რისკზე დაფუძნებულ მიდგომას ეყრდნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ წესები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აპლიკაციებს განსხვავებულად მოერგება, იმის მიხედვით, თუ რა საფრთხეს უქმნის თითოეული მათგანი საზოგადოებას.
კანონის მიხედვით, AI-ის აპლიკაცია შესაძლოა აიკრძალოს კიდეც, თუ იგი წესების მიხედვით “მიუღებლად” ჩაითვლება. ასეთია აპლიკაციები, რომელიც „სოციალური ქულების“ სისტემებს იყენებს. ამ აპლიკაციებში მოქალაქეებს ალგორითმი ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით აფასებს, შემდეგ იმის შესახებ აკეთებს პროგნოზს, თუ როგორი სახის აღიარებას მოიპოვებს ეს კონკრეტული ადამიანი სამსახურში ან სკოლაში.
მაღალი რისკის ხელოვნური ინტელექტის სისტემების სიაშია ე.წ. autonomous vehicles (თვით მავალი მანქანები, ან ისეთი "ჭკვიანი" მანქანები, საგზაო შემთხვევების თავიდან აცილება რომ შეუძლიათ), ან სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ფუნდამენტურ უფლებებს უქმნიან საფრთხეს. სიაშია ასევე AI-ს აპლიკაციები, რომლებიც ფინანსურ სექტორსა და განათლებაში გამოიყენება.
წესები ნებისმიერ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირზე გავრცელდება, მასზე, ვინც ქმნის, იყენებს, ან ყიდის AI-ს პროდუქტს. ერთ-ერთი იურისტის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება აშშ-ს ტექნოლოგიურ ფირმებს მიექცევა. ევროკავშირის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის დამარეგულირებელი კანონი, სხვა ქვეყნების მსგავსი კანონებისგან განსხვავებით, გაცილებით დეტალიზებული და მკაცრად გაწერილია.
ამერიკის ტექნოლოგიური გიგანტები ყურადღებით ადევნებენ თვალს ამ პროცესებს. ამერიკა საჯარო სექტორში გამოყენებად არაერთ AI სისტემას აფინანსებს, ახლა კი ყველა მათგანი ახლად მიღებულ კანონს უნდა მოერგოს, თუმცა ეს საქმე, ხშირ შემთხვევაში, ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული.
ევროკავშირის კომისიას ექნება უფლება, დააჯარიმოს ის კომპანიები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის კანონს არღვევენ. ჯარიმა 35 მილიონი ევრო (38 მილიონი აშშ დოლარი) ან დაჯარიმებულის წლიური საერთო შემოსავლის 7% იქნება.
ევროკავშირის კანონმდებლობაში ცვლილება 2022 წლის ნოემბერში, OpenAI-ის ChatGPT-ის ამოქმედების შემდეგ გახდა საჭირო. ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ იქამდე არსებულ კანონმდებლობას აკლდა დეტალები, რომლებიც განვითარებადი AI ტექნოლოგიის შესაძლებლობებისა და საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენების რისკების მოსაგვარებლად იქნებოდა საჭირო.
კანონი აწესებს მკაცრ შეზღუდვებს გენერაციულ AI სისტემებზე, რომლებსაც ევროკავშირი მოიხსენიებს, როგორც "ზოგადი დანიშნულების" ("General-Purpose") AI-ს. ეს მოიცავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ევროკავშირმა საავტორო უფლებების შესახებ კანონში განსაზღვრა. უნდა იყოს გამჭვირვალე ის, თუ როგორია ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის მოწყობის სტრუქტურა, მათ რუტინული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს და კიბერუსაფრთხოება უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული.
ამ ყველაფერზე საუბარი კი მარტივია, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ სანამ კანონი ამოქმედდება, გარკვეული დროა საჭირო. ზოგადი დანიშნულების სისტემებზე (კომპიუტერები, ნოუთბუქები და ა.შ) შეზღუდვები AI-ს კანონის ძალაში შესვლიდან 12 თვის მანძილზე არ დაიწყება.
ხოლო ისეთ სისტემებს, როგორებიცაა OpenAI-ს ChatGPT, Google-ის Gemini, და Microsoft-ის Copilot, 36 თვე ექნებათ იმისათვის, რომ თავიანთი პროდუქტი კანონმდებლობას მოარგონ.