#ცნობილები

ანი ფხაკაძე დაინიშნა #SheSaidYes - ვის მიყვება ცოლად ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი

გაზიარება:

Instagram სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართველი გოგონა და ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი - ანი ფხაკაძე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. რამდენიმე საათის წინ ანიმ, სოციალური ქსელის საშუალებით სასიხარულო სიახლე გაგვანდო. ის და მისი რჩეული ამური დე სადელიერი დაინიშნენ.

როგორც Instagram-ზე გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, ამურიმ რჩეულისთვის ხელის სათხოვნელად საკმაოდ რომანტიკული ლოკაცია შეარჩია და ანის ხელი დომინიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე თვალისმომჭრელ რეზორტზე - ამანერაზე სთხოვა. ქვიშიანი სანაპირო და ოკეანის პანორამული ხედები ამურის რომანტიკული ვახშმის სამიზნე გახდა. კოცონი, ჩირაღდნები, წითელი ვარდები და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი: YES! - რომანტიკული ფილმის სიუჟეტივით ჟღერს, არა?

ანიმ სოციალურ ქსელში ნიშნობის ბეჭდის ფოტო გაგვიზიარა, რომელიც განსაკუთრებული დახვეწილობით და ორიგინალურობით გამოირჩევა. ჯერ არასდროს გვინახავს გულის ფორმის ამდენად მშვენიერი ბრილიანტი ბეჭდის ცენტრში. თქვენ?

ანი ფხაკაძეს და ამური დე სადელიერის რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ. ანის გულის სწორი სოციალურ ქსელში არასდროს დაუმალავს, პირიქით მასთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცს სოც. მედიაში პირადი გვერდები დახურული აქვს, ამიტომ მის შესახებ ინფორმაციის მოძიება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ვიცით ის, რომ გამოცდილი მარკეტინგის სპეციალისტისა და ანის ურთიერთობა წლების წინ დაიწყო. Northeastern University-ის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მამაკაცი კომპანია Mount Media-ს თანადამფუძნებელი და ADS Medis Consulting-ის დამფუძნებელია. რაც შეეხება ანის, მან ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და Glion Institute of Higher Education-ში მენეჯმენტი შეისწავლა. ის აგრეთვე Bentley University-ს კურსდამთავრებულიც გახლავთ. 

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ანი ფხაკაძემ და მისმა მეგობარმა - გვანცა სალაყაიამ ორწლიანი კვლევებისა და სამზადისის შემდეგ ქართულ ისტორიაზე დაფუძნებული სილამაზის ბრენდი SENSELF დასტარტეს. ანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. ჯერ-ჯერობით ლამაზმანის მომავალი (და დიდი ალბათობით გრანდიოზული) ქორწილის შესახებ არაფერი ვიცით, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ქართველი ინფლუენსერი ამ დეტალებსაც საკუთარი Insragram გვერდის საშუალებით გაგვანდობს.

ზევით