მზია ამაღლობელი „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობა „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

ეს ჯილდო გამორჩეული სამოქალაქო სიმამაცისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის გაიცემა. დაჯილდოების ცერემონია ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, „ფორუმ 2000“-ის 29-ე კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

„ფორუმ 2000“-ის ფონდი, რომელიც ვაცლავ ჰაველის მემკვიდრეობას აგრძელებს, მიზნად დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ისახავს.

„წელს „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისა და პასუხისმგებლობისთვის გადაეცემა საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობას და მის სიმბოლოს – მზია ამაღლობელს, პატივსაცემ ჟურნალისტს და დამოუკიდებელი მედია პლატფორმების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საბა ბრაჭველი, Saba Brachveli

დაჯილდოებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტი თამარ რუხაძე და საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის სახელით, იურისტი საბა ბრაჭველი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ჯილდო, რომელიც 2021 წელს დაარსდა, იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც სამოქალაქო სიმამაცითა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი ერთგულებით გამოირჩევიან.

Forum 2000, თამარ რუხაძე

ამ ჯილდოს მფლობელებს შორის არიან: როსიო სან მიგელი – ვენესუელელი ადვოკატი და უფლებადამცველი აქტივისტი, რომელიც სამხედრო კორუფციის გამოაშკარავების შემდეგ უკანონოდ დააკავეს. ასევე ვლადიმირ კარა-მურზა – რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ჟანგ ჟანი – ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც COVID-19-ის გაშუქებისთვის დააპატიმრეს და კარლ გერშმანი – National Endowment for Democracy-ის ყოფილი პრეზიდენტი.

მზია ამაღლობელი, ფორუმ 2000, Forum 2000, Mzia amaglobeli

„თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააცნობიეროს, რომ მას, მიუხედავად იმისა, რამდენად უმნიშვნელოდ ან უსუსურად შეიძლება გრძნობდეს თავს, შეუძლია შეცვალოს მსოფლიო,“ – ვაცლავ ჰაველი.

სწორედ ამ სიტყვებზე დგას „ფორუმ 2000“ და მისი ჯილდოც. თავისი პრინციპულობითა და სიმამაცით კი მზია ამაღლობელი სრულად განასახიერებს ამ ხედვას, რადგან თავისი უდრეკი ხასიათით გვახსენეს, რომ თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

Ph: forum2000.cz

ზევით