ზუკა კოტრიკაძის ფოტო საერთაშორისო ფესტივალ EyeEm-ის გამარჯვებულია

ზუკა კოტრიკაძე, უდავოდ, ახალგაზრდა და საოცრად ნიჭიერი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც აღიარება მისი ნამუშევრების ხილვისთანავე მოიპოვა და საერთაშორისო ასპარეზიც მალევე დაიპყრო. ამჯერად, ზუკა ბერლინის ფოტოკვირეულის ფარგლებში გამართული 2021 წლის EyeEm-ის დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთ გამარჯვებულად მოგვევლინა.

EyeEm 2021-ის დაჯილდოების ცერემონია 1 კვირის წინ, ბერლინში გაიმართა, ათიათასობით აპლიკანტი და მილიონობით ფოტოსურათი, 6 კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოდა.

ზუკა კოტრიკაძის ბათუმში გადაღებულმა ფოტოსურათმა "საუკეთესო მობილური ფოტოს კატეგორიაში" გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა.

ზუკა კოტრიკაძე 23 წლის ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ძირითადად მობილური ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ზუკამ, პირველი სოლო გამოფენა, სახელწოდებით Colors, 2018 წელს თბილისში გამართა, ამას მოჰყვა ქუჩის გამოფენა ABC art ჯერ ბათუმში, შემდეგ კი პარიზსა და ტალინში. ზუკა 2021 წლის Kolga Tbilisi Photo ფესტივალის გამარჯვებულადაც გვევლინება. ახალგაზრდა ფოტოგრაფის პორტფოლიო უკვე შთამბეჭდავად გამოიყურება და მისთვის ჯერ ყველაფერი მხოლოდ წინ არის.

ზევით