#მუსიკა

წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით ბრუნდება

გაზიარება:

კლასიკური მუსიკის დღესასწაული - წინანდლის ფესტივალი მსმენელს მეოთხე სეზონით უბრუნდება. 2-დან 11 სექტემბრამდე, წინანდლის ისტორიულ მამულში წინანდლის ფესტივალი მსოფლიო ვირტუოზ მუსიკოსებს 10-დღიანი მუსიკალური პროგრამით და 19 დაუვიწყარი კონცერტით უმასპინძლებს.

2022 წლის გამოშვებაზე, ფესტივალი აღნიშნავს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის დაბრუნებას! ორკესტრი რეგიონის 80 ახალგაზრდა მუსიკოსისგან შედგება, რომლებსაც მუსიკის ძალა და შთაგონება გააერთიანებს. ორკესტრი მაყურებლის წინაშე 4 კონცერტით წარდგება.

2022 წლის პროგრამაში აგრეთვე აღმოაჩენთ დირიჟორების ვარსკვლავურ შემადგენლობას - ოქსანა ლინივის, ჩარლზ დუტუას, პაბლო ჰერას-კასადოსა და ვასილი პეტრენკოს შემადგენლობით. მსმენელის წინაშე წარდგებიან ვირტუოზი სოლისტები: ქრისტოფ ბარათი, რენო კაპუსონი, დავიდ აარონ კარპენტერი, სეონგ-ჯინ ჩო, ალექსანდრა კონუნოვა, ლუკას დებარგი, ჯილ დორ, ვილდე ფრანგ, მაო ფუჯიტა, გიორგი გიგაშვილი, დენის კოჟუხინი, ლი ლა, ოქსანა ლინივ, სანდრო ნებიერიძე, ნოა (აჩინოამ ნინი), ჯულიენ ქუენთინ, კიან სოლტანი.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამის სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ წინანდლის ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ასევე შესაძლებელია ბილეთების შეძენა სასურველ კონცერტზე დასასწრებად.

წინანდლის ფესტივალი 2019 წელს დაფუძნებული არაკომერციული ფონდია, რომელიც მსოფლიო პანდემიის მიუხედავადაც კი, ყოველწლიურად, სექტემბრის თვეში, მთელი მსოფლიოდან უდიდეს შემსრულებლებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, მუსიკის მკვლევრებს და ხელოვანებს იზიდავს. ფესტივალი ერთი დიდ მიზანს ემსახურება - ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან, მისცეს მუსიკალური სამყაროს შესწავლისა და საკუთარი მუსიკალური განათლების გაღრმავების შესაძლებლობა.

ზევით