#მხატვრობა

The Why Not Gallery-ში სანდრო ფაჩუაშვილის სოლო გამოფენა გაიმართება

გაზიარება:

25 თებერვალს, The Why Not Gallery, ახალგაზრდა ხელოვანის სანდრო ფაჩუაშვილის სოლო გამოფენას, სახელწოდებით გააქრე ყველა კვალი უმასპინძლებს. გამოფენის მიზანია, აჩვენოს მაყურებელს დროის ციკლური ბუნება და მატერიალურობის გავლენა სამყაროს აღქმის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებული აქცენტი კი, საქართველოს კულტურულ და ისტორიულ კონტექსტზე კეთდება.

წარმოდგენილი ნამუშევრები უდროობისა და დანაკარგის განცდას ქმნის, არა მხოლოდ გადაყრილი ნივთების, არამედ კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციული პრაქტიკებისა და ქვეყნის ცხოვრების წესის მიმართ. გვაფიქრებს თუ რა მიგვაჩნია გამოხატვისა და შენარჩუნების ღირსად და როგორ ყალიბდება ჩვენი ღირებულები კულტურული და სოციალური ნორმებით, როგორ ასახავს ის ჩვენს გაგებას საკუთარი თავის, ხელოვნებისა და სამყაროს შესახებ.

​ტრადიციული ქართული შავი თექით დაფარული კედლები და იატაკი, უდროობის განცდას ქმნის და არამხოლოდ გადაყრილი ნივთების, არამედ კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ქვეყნის ცხოვრების წესის კარგვაზე მიანიშნებს.

თექა, როგორც ტრადიციული და სიმბოლოებით დატვირთული მასალა, გვახსენებს სიცოცხლისა და სიკვდილის ციკლურ ბუნებას და გზებს, რომლითაც ყველაფერი უკავშირდება მიწას, მის ხალხსა და ისტორიას. დამწვარი ნაგვის ურნების მინიატურული ქანდაკებები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ კავშირს და ადამიანის ნარჩენების დამანგრეველ ბუნებას. გვახსენებს, თუ როგორ დაუფიქრებლად ვიყენებთ დედამიწის რესურსებს და რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება მიწისა და ბუნების პატივისცემის ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, ადამიანსა და მიწას შორის კავშირს.

​პატარა ვიქტორიანული ნახატი ხის ჩარჩოში, ქანდაკებების კონტრაპუნქტია და გულისხმობს იმ ფასეულობებს, რომლითაც თანამედროვე სამყაროს აღვიქვამთ. ნაგვის ურნების არსებობა ამ ნახატში, არღვევს ხელოვნების ტრადიციულ იერარქიას; ესაა, ერთი შეხედვით ამქვეყნიურის, თითქოს უმნიშვნელოს ამაღლება მაღალ ღირებულებამდე. ნახატი გვიბიძგებს დავსვათ კითხვა, თუ რა მიგვაჩნია გამოხატვისა და შენარჩუნების ღირსად და როგორ ყალიბდება ჩვენი ღირებულებები კულტურული და სოციალური ნორმებით, როგორ ასახავს ის საკუთარი თავისა და სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენას.

თექის წინა, და ნაგვის უკანა პლანზე დაყენებით, გამოფენა მაყურებელს უბიძგებს დაფიქრდეს საკუთარ ურთიერთობაზე დროსთან, მატერიალურობასთან, კულტურასთან, მემკვიდრეობასთან და საკუთარ თავთან. ის გვიწვევს გადავახარისხოთ სამყაროს ჩვენეული აღქმა, ღირებულებები და დავფიქრდეთ ჩვენს ადგილზე აქ, სამყაროში.

​სანდრო ფაჩუაშვილი (1995) ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც 2013-2017 წლებში სწავლობდა ვირჯინიის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. საქართველოში დაბრუნებული თავდაპირველად ქუჩის ხელოვნებით იყო გატაცებული. ამის შემდეგ კი მხატვარი ტილოზე მუშაობამაც გაიტაცა. ხელოვანი ბევრს ექსპერიმენტირებს მასალებითა და ტექნიკებით, რომ იპოვნოს საკუთარი ვიზუალური ენა. სანდროს შემოქმედებითი პროცესი საზრდოობს პოპულარული კულტურით, იქნება ეს მოდის ინდუსტრია, ლეგენდებად ქცეული ხელოვანები თუ აქტუალური სლენგი. იუმორი დიდ როლს თამაშობს სანდროს შემოქმედებაში. ხშირად იყენებს ნახევრად ხუმრობის ტონს, რომ შეეხოს მეტად სენსიტიურ თუ მტკივნეულ საკითხებს.

ზევით