#აფიშა

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან

გაზიარება:

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ჩამოვლენ. ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, 22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ გაიმართება. 

„ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია გახლავთ. სპექტაკლის დადგმა თბილისში 2023 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა ის ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადაიდო.

ბერნარ მარი კოლტესის ცნობილი პიესა „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ 1985 წელს დაიწერა. მისი გარემოებები უცნაურია. ბნელ გზაჯვარედინზე ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ერთი „გამყიდველია“, მეორე „მყიდველი“. გამყიდველი ცდილობს მყიდველს ის მიყიდოს, რაც მას თავად უნდა ეთქვა. თუმცა, მყიდველს არ სურს ამ „საქონლისთვის“ სახელის დარქმევა და ამგვარ ტრანზაქციაზე უარს ამბობს. მთელი სპექტაკლი მათი კამათია - ორი ადამიანის დაპირისპირება სიტყვებისა და მნიშვნელობების თამაშით.

მალკოვიჩი თბილისს მეორედ სტუმრობს. ცნობილი მსახიობი პირველად დედაქალაქში 2011 წელს, ასევე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იყო იმყოფებოდა. თბილისის, რიგით მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე მალკოვიჩმა სპექტაკლ „ჯოჯოხეთური კომედია, ანუ სერიული მკვლელის აღსარებაში“ მიიღო მონაწილეობა.

სპექტაკლ „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“  დასასწრები ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა და მიზნად საქართველოს ინტეგრირება დაისახა საერთაშორისო კულტურულ მოვლენებსა და რუკაზე. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ფესტივალმა აქტიურად შეუწყო ხელი თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრებას თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრებით.

ზევით