BLACK SEA ARENA-ზე ONEREPUBLIC-ის, SCORPIONS-ისა და JUNGLE-ის კონცერტები გაიმართება

ბლექ სი

ბრუნო მარსისა და Imagine Dragons-ის კონცერტის შემდეგ წელსაც გვეძლევა შანსი ჩვენს საყვარელ ჯგუფებს “ლაივში” ქვეყნიდან გაუსვლელად მოვუსმინოთ. Black Sea Arena გასართობი ინდუსტრიის განვითარების მიზნით კვლავ აგრძელებს Starring Georgia-ს კამპანიას და შეკვეთილში ამჯერად Scorpions-ის, Jungle-ისა და OneRepublic-ის კონცერტებს გამართავს.

OneRupeblic

OneRupeblic

OneRupeblic ამერიკული პოპ-როკ ბენდია, რომელიც 2002 წელს შეიქმნა. წარმატებას მხოლოდ რამდენიმე წელში მიაღწიეს და მათი რიგით მესამე ალბომი “Native” Billboard top 200-ის ათეულში შევიდა. სწორედ ამ ალბომის ნაწილია ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერა “Counting stars”, რომელიც 3 მილიარდი მოსმენით დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი გახდა. Black Sea Arena-ზე One Republic აქამდეც გამოჩენილა Human-ის ტურის ფარგლებში, თუმცა წელს ბენდი ქართველი ფანებისთვის საოცნებო სოლო კონცერტს 10 მაისს გამართავს. ბილეთების ყიდვას 29 მარტს Tkt.ge-სა და BSA.ge-ზე შეძლებთ.

Scorpions

Scorpions

როკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა გერმანული როკის ლეგენდის Scorpions-ის ხილვა, რომელიც Black Sea Arena-ს სცენაზე 31 მაისს წარდგება. Scorpions განსაკუთრებულია იმით, რომ ყველა ასაკის მსმენელს უყვარს და 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არ კარგავს აქტუალობას. თავდაპირველად, ჰანოვერში დაფუძნებული როკ-ჯგუფი ცნობილი გახდა პაციფისტური სიმღერით “Wind Of Change”. ის კლაუს მაინმა ცივი ომის დასასრულს დაწერა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი უჭირავს. როკის ერთგულ ფანებს ამ და სხვა ლეგენდარული სიმღერების მოსასმენად ბილეთების შეძენა 3 აპრილს შეგეძლებათ. შეგახსენებთ, რომ Scorpions 2016 წელს უკვე გამოჩნდა ქართველი მსმენელის წინაშე და მაყურებელს დაუვიწყარი შოუ აჩუქა.

Jungle

Jungle

აგვისტოში შეკვეთილის სცენა ბრიტანულ ელექტრონული მუსიკის ბენდს - Jungle-ს დაეთმობა. ჯგუფი 2013 წელს ლონდონელმა მუსიკოსებმა ჯოშ ლოიდ-უოთსონმა და ტომ მაკფარლანდმა შექმნეს და 2014 წელს ცნობილი კომპოზიცია Busy Earnin’ გამოუშვეს. მათი განსხვავებული მუსიკა მაშინვე მოექცა კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში და დღემდე იღებს მსმენელთა სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ Jungle-ის შემოქმედება Nu disco-ს და Funk-ის ჟღერადობითაა შთაგონებული, ელექტრონულ მუსიკასთან ერთად აქტიურად იყენებენ ჰიპ-ჰოპის, ნეო სოულისა და კლასიკური R&B-ის ელემენტებს. Jungle-ის კონცერტი 18 აგვისტოს შედგება, ხოლო ბილეთების გაყიდვა 17 აპრილს დაიწყება.

ზევით