#აფიშა

შექსპირის პიესის ახალი ვერსია - როგორია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული 21-ე საუკუნეში?!

გაზიარება:

ლონდონის Duke of York’s თეატრში მალე მომაკვდინებელი სიყვარულის სუნი დადგება. რეჟისორი ჯეიმი ლოიდი ახალ "რომეო და ჯულიეტას" დგამს. სპექტაკლს უკვე, მსოფლიო მასშტაბით, აქტიურად განიხილავენ. რომეოს როლში მარველის სამყაროდან კარგად ნაცნობ ტომ ჰოლანდს ვიხილავთ, ხოლო ჯულიეტა - ფრანჩესკა ამევადუჰ-რივერსი იქნება.

გასულ კვირას, რეჟისორის საჯარო განცხადება გავრცელდა. ჯეიმი ლოიდის თქმით, სპექტაკლის დაანონსების დღიდან რასობრივი ნიშნით ზეწოლისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა სამსახიობო დასი და ჯეიმის კომპანია. "ჩვენ გამორჩეულ ხელოვანთა ჯგუფთან ერთად ვმუშაობთ. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მათ თავისუფალი და კიბერბულინგისგან დაცული სამუშაო გარემო შევუქმნათ".

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას კომპანიის თითოეული წევრის დასაცავად. არცერთი შევიწროებისა და ბულინგის აქტი რეაგირების გარეშე არ ჩაივლის.

ჯეიმის თქმით მიუხედავად ასეთი უარყოფითი რეაქციებისა, მსახიობები ინარჩუნებენ კარგ განწყობას და სარეპეტიციო ოთახი ყოველთვის სიხარულითა და საქმისადმი სიყვარულითაა სავსე.

ჯეიმი ლოიდი

რეჟისორი, ჯეიმი ლოიდი ბოლო დროის უდიდეს ვარსკვლავებთან აქტიური საქმიანი თანამშრომლობითაა ცნობილი. მისი შემოქმედების სიაშია დოქტორ ფაუსტი კიტ ჰარინგტონთან ერთად, ის მუშაობდა ტომ ჰიდლსტონთან და ემილია კლარკთან ერთადაც. მისი უახლესი მიუზიკლი, Sunset Boulevard, დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდა და თეატრიდან ბროდვეის სცენაზეც გადაინაცვლა.

ტომ ჰოლანდისთვის კი რომეოს როლი დიდი გამოწვევა იქნება. მისი დებიუტი მიუზიკლ Billy Elliot-ში შედგა. რაც შეეხება ჯულიეტას როლის შემსრულებელს, ის მუსიკოსი, კომპოზიტორი და მსახიობი გახლავთ. სწორედ ფრანჩესკა ამევადუჰ-რივერსი აღმოჩნდა რასისტული გამოხმაურებების მთავარი მსხვერპლი, სხვა ფერადკანიან მსახიობებთან ერთად. მიუღებელი ფაქტია, რომ ფერადკანიან არტისტებს, კლავიატურას ამოფარებული ადამიანებისგან აგრესიის მოთმენა ჯერ კიდევ უწევთ. ეს მშიშარა ადამიანები პროგრესის მტრები არიან და ნებისმიერი სფეროს განვითარების წინააღმდეგი არიან. ფრანჩესკა რივერსისთვის "რომეო და ჯულიეტა" ბროდვეის დებიუტი იქნება და ყველა დარწმუნებულია, რომ ამ საპასუხისმგებლო როლს ღირსეულად მოირგებს.

 

"რომეო და ჯულიეტა" ლონდონში, Duke of York’s თეატრში, 23 მაისიდან 3 აგვისტომდე დაიდგმება. ბილეთები ამჯერად სრულიად გაყიდულია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ჩატარებულმა სოციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ კასტინგებსა და გასაუბრებებზე გამოკითხულ მსახიობთა 64%-ს რასისტული სტერეოტიპებისა და 55%-ს რასისტული ქცევის გამოცდილება ჰქონიათ. ეს კი საგანგაშო ციფრებია. რასიზმის თემის ირგვლივ, 2024 წლის მარტში, ლონდონის უესტ-ენდის თეატრში პერფორმანსი "Slave Play" დაიდგა, რომელმაც ბევრ ჯილდოსთან ერთად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის, ოფისის მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა.

 

სულ რაღაც ერთ თვეში, ლონდონის თეატრის სცენაზე დესტრუქციული სიყვარულის ამბავი გაცოცხლდება.

Violent delights have violent ends

სწორედ ეს ფრაზა აღწერს ამ პიესის მთლიან შინაარსს და ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ რომეოსა და ჯულიეტას შორის ვნება და ერთად ყოფნის სურვილი, ოჯახური დაპირისპირების ქარცეცხლში, ტრაგედიითა და სიკვდილით სრულდება.

ზევით