Scenes From a Marriage: ინგმარ ბერგმანის გაცოცხლებული კლასიკა

ინგმარ ბერგმანის მინისერიალი, სახელწოდებით Scenes From a Marriage, 1973 წელს გამოვიდა და არნახული პოპულარობა მოიპოვა. კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასებების მიუხედავად, სერიალს კრიტიკოსები სხვა სფეროში გამოუჩნდნენ და ფრანგი რეჟისორი და მისი ტელესერიალი განქორწინების მაჩვენებლის მკვეთრ მატებაში დაადანაშაულეს. წარმოადგენდა თუ არა ეს ბრალდება ჭეშმარიტებას, არავინ იცის, იმის თქმა კი დარწმუნებით შეგვიძლია, რომ ბერგმანმა, ლივ ულმანმა და ერლანდ ჯოზეფსონმა მოახერხეს და დანგრეული ოჯახისა და დაშლილი ურთიერთობების სიმძაფრე ისეთი დოზით წარმოგვიდგინეს, რომ Scenes From a Marriage-ის გამოსვლიდან 5 ათწლეულის შემდეგაც კი, სერიალი ფილმებისა და სატელევიზიო დრამების შთაგონებას არ წყვეტს.

ინგმარ ბერგმანის Scenes From a Marriage-ის თანამედროვე ადაპტაცია სამყაროს ყველაზე რეალურ დროს მოევლინა: მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში პანდემიამ ოჯახების სიმტკიცეს დაღი დაასვა, ჰაგაი ლევიმ საკულტო სერიალის ახალი ვერსია წარმოგვიდგინა. სამყაროს მოწყვეტილი ერთი ოჯახის ისტორია, რომლის გადაღებებიც თითქმის მთლიანად ერთ სახლში მიმდინარეობდა, განსაკუთრებული სიმძაფრით ასახავს იმ ურთიერთობის დინამიკას, რომელიც უფსკრულისკენ მიემართება. ამ ურთიერთობის გმირები კი საკუთარი თავების გადარჩენას ირჩევენ, ისინი პრიორიტეტად საკუთარ მომავალს ირჩევენ და ემოციური განადგურების ნაცვლად გადარჩენას, სირთულეების გადალახვასა და გამთელებას ირჩევენ.

ჰაგაი ლევის ადაპტაციას ერთი მნიშვნელოვანი და ფრიად დამაინტრიგებელი დეტალი გამოარჩევს - სერიების დაწყებამდე ჩვენ, სულ რამდენიმე წუთით გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებით და იმ ინტიმური პროცესის ნაწილად ვიქცევით, რომელსაც გადაღებები მოიაზრებს. ჩვენ ვხედავთ ჯესიკა ჩესტეინსა და ოსკარ აიზეკს მანამ, სანამ ისინი როლში თავით-ფეხებამდე გადაეშვებიან და მაყურებელს კატასტროფის პირას მყოფ ქორწინების კულისებს მიღმა სამყაროს წარმოუდგენენ.

Scenes From a Marriage-ის 2021 წლის ადაპტაცია მირასა და ჯონათანის ისტორიას მოგვითხრობს. მირა ცნობილ კომპანიაში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს და ხშირად უწევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაფრენა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; ჯონათანი კი აკადემიკოსი და ყოფილი ორთოდოქსი ებრაელია, თუმცა თან დაატარებს იმ მკაცრ ფსიქოლოგიურ მემკვიდრეობას, რომელიც რელიგიამ უსახსოვრა. მირა სამსახურზეა ორიენტირებული, ჯონათანი კი მათ საერთო ქალიშვილს ზრდის. თითქოს შეთანხმებული სცენარით მოქმედ წყვილს ყველაფერი იდეალურად უნდა ჰქონდეს, მაგრამ სერიალის დაწყებისთანავე ვხვდებით, რომ მათი იდეალური თანაცხოვრება მხოლოდ ფასადურია და წინ დიდი გადატრიალება გველის.

ჰაგაი ლევი სენსიტიურად, ზუსტად და დეტალიზებულად აღწერს ორი ადამიანის თანაცხოვრებას, რომლებმაც თანაცხოვრების საბაბი დიდი ხანია დაკარგეს და მისი ძებნის პროცესში საკუთარი თავები გადაავიწყდათ. სერიალი სვამს ზუსტ შეკითხვებს - ღირს თუ არა განქორწინების ტკივილის განცდა მაშინ, როდესაც თავს ხაფანგში მომწყვდეული ცხოველივით გრძნობ? - პასუხის გაცემა კი რეჟისორს მაყურებლისთვის მიუნდვია.

ზევით